ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: წილისყრამ გაგვწირა

AutoSharing Option
დღეს, 28 აგვისტოს, ბუდაპეშტში ძიუდოისტთა პირად-გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება, სადაც წილისყრამ მძიმე ხვედრი გვარგუნა. განსაკუთრებით - ვაჟთა მძიმე წონებში, სადაც ყველაზე მეტად ველოდებით წარმატებებს.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 სთ-დან დაიწყება. გულშემატკივარს ჩემპიონატის ლაივ-სთრიმით ნახვა ამ ბმულზე შეუძლია.

მძიმე წონაში ევროპის ჩემპიონ გურამ თუშიშვილს ნახევარფინალში "დაუჯდა" განუთესავი ფრანგი, მრისხანე ტედი რინერი. ეს კარგიცაა იმ ფონზე, რომ უფრო ადრეულ ეტაპზე არ შეხვდა, თუმცა მეოთხედფინალში იაპონელი ტაკეში ოჯიტანია სავარაუდო კონკურენტთა შორის. მანამდე ჩვენებურის გზაზე კორეელი სუმგმინ კიმი და ევროპის ჰოლანდიელი პრიზიორი როი
მეიერიც ჩანან, თუმცა მთავარი ის ორია.

სამაგიეროდ, ბევრად იოლი ბადე ერგო ევროპის ჩემპიონსა და მსოფლიოს პრიზიორ ადამ ოქრუაშვილს - მეოთხედფინალამდე გამოსარჩევი უნგრელი ბარნა ბორი და უკრაინელი სტანისლავ ბონდარენკოღა არიან, აი, ნახევარფინალში კი იაპონელთა ოლიმპიადის ფინალისტი ჰისაიოში ჰარასავა მოდის. ბრაზილიელი დავიდ მოურაც იმავე ეტაპზე თუ შეხვდება.

ევროპის სამგზის გამარჯვებულს, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ფინალისტ ვალერი ლიპარტელიანს (100) ჯგუფში ორი გამორჩეული მეტოქე ჰყავს - ფრანგი ოლიმპიური პრიზიორი სირილ მარე და მისთვის ძალიან უხერხული რუსი კირილ დენისოვი.

დიდად უკეთეს ჯგუფში არც ევროპის პრიზიორი ბექა ღვინიაშვილია (90) - სავარაუდო მეტოქე მერვედფინალში რუსთა ინგუში ხასან ხალმურზაევია, მეოთხედფინალში - კორეელი მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი დონჰან გვაკი.

ეს სამი წონა ყველაზე ბოლოს ჭიდაობს, დღეს კი ტატამზე 60 კილოგრამის ვაჟები და 48-ის ქალები გავლენ. ქალებში ამ წონაში არავინ გვყავს, ვაჟებში კი ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი ამირან პაპინაშვილი პირველ წრეში ისვენებს, როგორც რეიტინგის ლიდერი. მისი მეტოქე ავსტრალიელი ჯოშუა კეტზი ან მონაკოელი იან სიკარდი იქნებიან. თუმცა გამართლებას ვერც მის წილისყრას დავარქმევთ: მერვედფინალში უზბეკი ოლიმპიური პრიზიორი დიორბეკ უროზბოევი შეიძლება შეხვდეს, მეოთხედფინალის საგზურისთვის კი მეორე ნაწილში ნამდვილი სასაკლაო მოეწყობა: იაპონელი რიუჯუ ნაგაიამა, მონღოლი მსოფლიოს ჩემპიონი ბოლდბაატარ განბატი, ფრანგი ევროპის ჩემპიონი ვალიდე ხიარი და თურქეთში გადასული ევროპის ფინალისტი ბეთქილ შუკვანი, ბეკირ ოზლუ!

29 აგვისტოს ჩვენგან ევროპის ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი (66) იჭიდავებს, ვინც მეორე წრიდან ჩაებმება ასპარეზობაში იორდანიელ ბილალ აიალსალმანთან შეხვედრით. მას მერვედფინალამდე გამორჩეული კონკურენტი არავინ ჰყავს, იქ კი სავარაუდოთა შორის იტალიელი ოლიმპიური ჩემპიონი ფაბიო ბასილე და კორეელი მსოფლიოს ჩემპიონი ბაულ ანი ჰყავს.

30 აგვისტოს ტრავმირებული ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი იასპარეზებს, ჯგუფში კი იაპონელი სოიში ჰაშიმოტო ჰყავს. ჩვენებური ჩემპიონატს მეორე წრეში ბრაზილიელ მარსელო კონტინისთან პაექრობით დაიწყებს. უნგრელი მიკლოშ უნგვარი და სლოვენიელი მარტინ ჰოიაკიც მასთან არიან.

ამავე დღეს იჭიდავებს მარიამ ჯანაშვილიც (57), თუმცა არც მას გაუმართლა, რადგან ჯგუფში ჰყავს ბრაზილიელი ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი რაფაელა სილვა, ამერიკელი მსოფლიოს ფინალისტი და ოლიმპიური მედალოსანი მარტი მალოუ, პანამაში გადასული გერმანელი მსოფლიოს მედალოსანი მირიამ პოპერი, ჩვენი ტურნირის ჰოლანდიელი მესამეპრიზიორი მარგრიეტ ბერგსტრა, პორტუგალიელი მსოფლიოს 4-გზის ფინალისტი, ოლიმპიური მედალოსანი ტელმა მონტეირო და სხვები. ჩვენებური პირველ შეხვედრას კანადელ კატერინე ბაუხემინ-პინარდთან ჩაატარებს.

ჩვენგან ყველაზე მეტად ევროპის პრიზიორ ზებედა რეხვიაშვილს (81) გაუმართლა, ვისთანაც ჯგუფის ფავორიტი ჰოლანდიელი ფრენკ დენ უაიტია, თუმცა ირანელი საეიდ მოლაე და ხორვატი დომინიკ დრუზეტაც გამოსარჩევნი არიან. ქართველი პირველად ურუგვაელ ალაინ აპრაჰამინს დაეჭიდება.

დაბოლოს, ქალთა გუნდის კიდევ ორი მონაწილე: ნინო ოძელაშვილი (70) პირველივე წრეში ნიგერიელ ვინი კოფიტს დაეჭიდება, ელენე ქებაძე (+70) კი - გერმანელ ევროპის ვიცე-ჩემპიონ იასმინ კულბსს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა
ვაჟები
-60კგ - ამირან პაპინაშვილი
-66კგ - ვაჟა მარგველაშვილი
-73კგ - ლაშა შავდათუაშვილი
-81კგ - ზებედა რეხვიაშვილი
-90კგ - ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი
-100კგ - ვარლამ ლიპარტელიანი
+100კგ - გურამ თუშიშვილი, ადამ ოქრუაშვილი

გოგონები
-57კგ - მარიამ ჯანაშვილი
-70კგ - ნინო ოძელაშვილი
+78კგ - ელენე ქებაძე.

გუნდურ შეჯიბრში ნაკრებს დაემატებიან: ლაშა გიუნაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ესტერ სტამი.

ჩემპიონატის პროგრამა
28 აგვისტო -60კგ, -48კგ
29 აგვისტო -66კგ, -52კგ
30 აგვისტო -73კგ, -57კგ
31 აგვისტო -81კგ, -63კგ
1 სექტემბერი -90კგ, -70კგ, -78კგ
2 სექტემბერი 100კგ, +100კგ, +78კგ
3 სექტემბერი - გუნდური შეჯიბრი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
მაკვირვებს ზოგის კომენტარი. მოსფლიო ჩემპიონატია ძიუდოში აბა ჭამა სმის რომ ყოფილიყვნენ პირველ ადგილს ვის დაუთმობდნენ რომელიმე წონაში? ლიპომ ისვე ბოლოს აჩუქა დაუდევრობით არადა ჯანითაც სჯობდა და ყველფრით. იაპონელმა ჭკუით მოუგო, და ბევრმაც უაზროდ იჭიდავა ან მოუმზდებლად. თუშიშვილი ყოჩაღ, ვერ მოიგო მედალი მაგრამ თუ ასე გააგრძელა მაგის მომგები არავი იქნება კაი ხანი, რინერს თავი წაგებული ეგონა. ისე ამ წესებს რას ცვლიან ყოველ წელს? ტატამი კიდევ ეკლესი არ არის, როგორ შეიძლება ჯვრით გასვლა?
ასე ვფიქრობ რომ უზნაძეს უკეთ ჰყავდა გუნდი მომზადებული.
niko
04:52 04-09-2017
0
არა რა გინდათ რომ გაჩუქონ მედლები, ეგრე არვ არის....
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული