ჩემპიონთა დუეტი - რას ჰყვებიან ოლიმპიური ფესტივალის გმირი გოგონები

AutoSharing Option
ქართველმა ძიუდოისტმა გოგონებმა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზეც წარმატებით იასპარეზეს და ოთხი მონაწილიდან ორმა ოქრო მოიპოვა: მარიამ ჭანტურიამ (63 კგ) და სოფიო სომხიშვილმა (+70). ორივემ ძალიან ძლიერად იჭიდავა და კიდევ ერთხელ გააოცა ძიუდოს სამყარო.

სომხიშვილისგან წარმატებას ყველა ელოდა, ერთი თვის წინათ, ევროპის ჩემპიონატი იმდენად დამაჯერებლად მოიგო. მან ახლაც ლამის ცალი ხელით დაჯაბნა მეტოქეები და სოციალურ ქსელებში ხუმრობით "ტედი რინერიც" შეარქვეს. ასე თუ გააგრძელა, შანსი აქვს, სულ მალე მესამე დიდი შეჯიბრება - მსოფლიოს ჩემპიონატიც მოიგოს და სეზონი მაქსიმალური შედეგით დაასრულოს. მთავარია, ჯანმრთელობამ ხელი შეუწყოს - წელი აწუხებს და ექიმებთან დადის.

ჭანტურიამ უნგრეთში სულაც სენსაცია შემოგვთავაზა, როცა ფინალში სერბთა ორგზის ევროპის ჩემპიონი ანია ობრადოვიჩი დაამარცხა.

თბილისში დაბრუნების შემდეგ ჩემპიონ გოგონებს ჩატარებული ტურნირის გახსენება ვთხოვეთ.

სოფიო სომხიშვილი:
"ევროპის პირველობაზე მიმავალს მიზნად ჩემპიონობა მქონდა, იქ გამარჯვების შემდეგ კი ახალი მიზანი გამიჩნდა - ოლიმპიურ ფესტივალზე წარმატება. ახლა უკვე მსოფლიოს ჩემპიონობა დავისახე მიზნად. გამარჯვება განსაკუთრებული შეგრძნებაა - ამით გიფასდება შენი შრომაც და მწვრთნელისაც. ევროპის შარშანდელ პირველობაზე ფინალი ფრანგთან წავაგე და ძალიან მინდა, ისევ შევხვდე მას და ვაჯობო.

ახლა ფესტივალზეც თავიდან ფრანგს შევხვდი - კრისტალ გარსიას და ცოტა გამიჭირდა, მაგრამ ის პირველი შეხვედრა იყო, რაც ყოველთვის ძნელია. თან გახსნის ცერემონიალზე დიდი ხნით მოგვიწია ყოფნა და ამანაც იქონია გავლენა. ამასთან, წელიც მტკიოდა. ეს პრობლემა ახლაც მაწუხებს და ვმკურნალობ.

ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებას ველოდი, რადგან
ძალიან კარგად ვიყავი მომზადებული. მოსამზადებელი ციკლი, შეკრებები კარგად გვქონდა გავლილი, რაც მწვრთნელების დიდი დამსახურებაა.

მე ყველასთან ერთნაირი მიდგომით ვემზადები - რუსი იქნება, ჰოლანდიელი, იაპონელი, ლატვიელი თუ სხვა, ყველას უნდა მოვუგო. ევროპაში გამორჩეულად უხერხული მეტოქე, ვისთვისაც საგანგებოდ ვივარჯიშებ, არავინაა, მსოფლიოდან კი იაპონელს გამოვარჩევ. მათ არასოდეს შევხვედრივარ და არასოდეს გამომიცდია იაპონური საჭიდაო სტილი, თუმცა ყველაზე მეტად მაინც მათ გამოვარჩევ. თვე-ნახევარში მესამე ტურნირი მიწევს და ცოტა გადაღლილი კი ვარ, მაგრამ მაინც ძველებურად ვვარჯიშობ".

მარიამ ჭანტურია:
"უნგრეთში ჩემი გამოსვლით ძალიან კმაყოფილი ვარ. ოთხი პაექრობა ჩავატარე და თავიდან ორი იოლად მოვიგე, ნახევარფინალში კი უფრო გამიჭირდა კოსოვოელ ლაურა ფაზლიუსთან. ფინალში სერბთა ევროპის ორგზის ჩემპიონ ანია ობრადოვიჩს შევხვდი, აქამდე დაუმარცხებელ ძიუდოისტს.

სხვათა შორის, ფესტივალზე წასვლამდე ჩემი მიზანი იყო, გავსულიყავი ფინალში და იქ ობრადოვიჩი დამემარცხებინა. ძალიან კმაყოფილი ვარ, ეს რომ შევძელი. ჩემგან მედალს ევროპის ჩემპიონატზეც ელოდნენ და მეც მქონდა სამეულის იმედი, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო წავაგე - არ ვიყავი საჭირო განწყობაზე და ვერ შევძელი მობილიზება. კიდევ კარგი, ფესტივალისთვის შევძელი ძალების მოკრება. უკვე ყველანაირად ვიყავი მზად ჩემპიონობისთვის და გავხდი კიდეც.

ყველაზე მაგარი წუთები ის იყო, როცა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ვიდექი და საქართველოს ჰიმნი აჟღერდა, რომელსაც ყველა ფეხზე წამოუდგა".

* * *
ეს გოგონები ორშაბათს დაბრუნდნენ უნგრეთიდან და გუშინ დილით უკვე ივარჯიშეს ძიუდოს აკადემიაში, რადგან სულ მალე ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი ელოდებათ - უკვე 5 აგვისტოს მიფრინავენ ჩილეში. მათთან ერთად იქ ეკატერინე ტატუნაშვილიც (52) მიდის.

მწვრთნელმა გია თენაძემ ასეთი არჩევანი გუნდური ტურნირიდან გამომდინარე გააკეთა: ამ ჩემპიონატზე პირადთან ერთად გუნდური შეჯიბრებაც ტარდება, ოღონდ ახლებური წესით, ანუ შერეული გუნდით. მასში გოგონების ოთხი წონაა: 48, 52, 63 და +70. თუმცა მწვრთნელს არავინ მიჰყავს 48-ში, რადგან იქ ხეირიანი კანდიდატი არც გვყავს.

ერთი სიტყვით, გარანტირებულია, რომ ჩილეში გუნდურს ერთქულიანი ჩამორჩენით დავიწყებთ, თუმცა, ვიმედოვნებთ, ჩვენები მაინც წარმატებით გამოვლენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული