ჰოკეი: ყველაზე დიდი ამერიკელები

AutoSharing Option
ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ ყველა დროის 10 საუკეთესო ამერიკელი ჰოკეისტის სია გამოაქვეყნა, რომელიც ფანების გამოკითხვის შედეგად შეადგინა.

1. მაიკ მოდანი
ეჭვგარეშე, ჰოკეის ეროვნული ლიგის საუკეთესო ამერიკელი ჰოკეისტი. მან 20 წელი ითამაშა "მინესოტა ნორდ სტარზში" (ამჟამინდელი "დალას სტარზი") და ამ გუნდს 1999 წელს სტენლის თასი მოაგებინა. მოდანომ 1499 მატჩი ჩაატარა რეგულარულ ჩემპიონატში, გაიტანა 561 გოლი და დააგროვა 1374 ქულა. ამ მაჩვენებლით ის საუკეთესოა ამერიკაში დაბადებულ ჰოკეისტებს შორის. გარ
და ამისა, მოდანომ პლეი ოფის 176 მატჩში 58 გოლი და 146 ქულა მიითვალა. ფორვარდი 2014 წელს შეიყვანეს ჰოკეის დიდების დარბაზში.

2. ბრაიან ლიტჩი
ლიტჩმა 1987-88 წლების სეზონში "რეინჯერსის" რიგებში დაიწყო კარიერა და საუკეთესო დებიუტანტის პრიზი მოიპოვა, როცა 68 მატჩში 23 გოლი და 48 პასი დააგროვა. ის იყო სეზონის საუკეთესო მოთამაშე, 1994 წელს კი "რეინჯერსს" სტენლის თასის მოპოვებაში დაეხმარა (54-წლიანი პაუზის შემდეგ). მცველი ნიუიორკულ კლუბში 10 წელი დარჩა, რის შემდეგაც "ტორონტოსა" და "ბოსტონში" გააგრძელა კარიერა. რეგულარული ჩემპიონატის 1205 მატჩში ლიტჩის ანგარიშზე იყო 247 გოლი და 781 შედეგიანი პასი. ის 2009 წელს შეიყვანეს ჰოკეის დიდების დარბაზში.

3. ბრეტ ჰალი
კანადაში დაბადებულ ჰალს ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა და საერთაშორისო ტურნირებზე აშშ-ის სახელით თამაშობდა. მას კარიერაში 741 გოლი დაუგროვდა, აქედან 86 1990-91 წლების სეზონში გაიტანა, როცა "სენტ ლუისის" რიგებში თამაშობდა. ეს მისი კარიერის რეკორდი და ისტორიაში მეოთხე შედეგი იყო. 1999 წლის ფინალურ სერიაში, ჰალის მიერ ოვერტაიმში გატანილმა გოლმა "დალასს" სტენლის თასი მოუტანა. ფორვარდმა მეორედ ეს პრიზი 2002 წელს, "დეტროიტის" რიგებში მოიპოვა. მან "სენტ ლუისის", "დალასის", "დეტროიტისა" და "ფინიქსის" შემადგენლობაში 1269 მატჩი ჩაატარა და 1319 ქულა დააგროვა. ჰოკეის დიდების დარბაზის წევრი 2009 წელს გახდა.

4. კრის ჩელიოსი
ლეგენდარულმა მცველმა კრის ჩელიოსმა 1983-84 წლების სეზონში დაიწყო კარიერა ("მონრეალში") და 2010 წელს "ატლანტას" რიგებში დაასრულა. მას ჯამში 1651 მატჩი დაუგროვდა, რაც მეხუთე მაჩვენებელია ლიგის ისტორიაში. 26 სეზონის განმავლობაში ჩელიოსმა "მონრეალის", "ჩიკაგოს", "დეტროიტისა" და "ატლანტას" შემადგენლობაში ითამაშა და 185 გოლითა და 763 შედეგიანი პასით დაასრულა კარიერა. პლეი ოფის 266 მატჩში 144 ქულა ჰქონდა. ის ჰოკეის დიდების დარბაზში 2003 წელს შეიყვანეს.

5. პეტ ლაფონტენი
ლაფონტენი შეიძლებოდა ყველა დროის საუკეთესო ამერიკელი ბომბარდირი გამხდარიყო, ტრავმების გამო ნაადრევად რომ არ დაესრულებინა კარიერა (1998). 15 სეზონის განმავლობაში, ფორვარდი საშუალოდ მატჩში 1.17 ქულას აგროვებდა და საბოლოოდ, 865 მატჩში 1013 ქულა მიითვალა. ლაფონტენი "აილენდერსის", "ბაფალოსა" და "რეინჯერსის" რიგებში თამაშობდა. ზედიზედ ექვსი სეზონის განმავლობაში, თავდამსხმელი მინიმუმ 40 გოლს იტანდა და ორჯერ 50-გოლიან ზღვარს მიაღწია. საუკეთესო სეზონი 1992-93 წლებში ჰქონდა, როცა "ბაფალოს" რიგებში 53 გოლი გაიტანა და 148 ქულა დააგროვა. ლაფონტენი ჰოკეის დიდების დარბაზის წევრი 2003 წელს გახდა.

6. ჯო მულენი
მაიკ მოდანომდე ყველაზე შედეგიანი ამერიკელი ჰოკეისტი სწორედ ჯო მულენი იყო. მან კარიერა 1997 წელს დაასრულა და იმ მომენტისთვის მის ანგარიშზე 502 გოლი და 1063 ქულა იყო. მულენმა ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა 1989 წელს "კალგარის" გაჩემპიონებაში - პლეი ოფის 21 მატჩში 16 გოლი გაიტანა. აგრეთვე, ორჯერ მოიგო სტენლის თასი "პიტსბურგის" შემადგენლობაში - 1991 და 1992 წლებში. 16 წლის განმავლობაში ფორვარდმა "სენტ ლუისში", "კალგარიში", "პიტსბურგსა" და "ბოსტონში" ითამაშა და ჯამში 1062 მატჩი დაუგროვდა. 2000 წელს ჰოკეის დიდების დარბაზში მოხვდა.

7. ფილ ჰაუსლი
მეორე ადგილზეა შედეგიანობის მიხედვით ამერიკაში დაბადებულ ჰოკეისტებს შორის. მცველს რვა კლუბში უთამაშია - "ბაფალოში", "ვინიპეგში", "სენტ ლუისში", "კალგარიში", "ნიუ ჯერსიში", "ვაშინგტონში", "ჩიკაგოსა" და "ტორონტოში". 1495 მატჩში ჰაუსლიმ 338 გოლი გაიტანა და 1232 ქულა დააგროვა, რაც მეოთხე შედეგია NHL-ის ყველა დროის მცველებს შორის. ჰაუსლი შარშან შეიყვანეს დიდების დარბაზში.

8. ჯერემი რიონიკი
ფორვარდმა 20 სეზონი ითამაშა "ჩიკაგოს", "ფინიქსის", "ფილადელფიას", "ლოს ანჯელესისა" და "სან ხოსეს" შემადგენლობაში. რეგულარული ჩემპიონატის 1363 მატჩში 513 გოლი და 703 პასი ჰქონდა, პლეი ოის 154 მატჩში კი 122 ქულა დააგროვა. 2010 წლიდან ჰოკეის დიდების დარბაზის წევრია.

9. პატრიკ კეინი
ამ საინტერესო ათეულის ერთადერთი მოქმედი ჰოკეისტია. კეინი 27 წლისაა და უკვე სამჯერ მოიპოვა "ჩიკაგოსთან" ერთად სტენლის თასი. ბოლო სეზონში მან 46 გოლი გაიტანა და 106 ქულა დააგროვა, რითაც პირველი ამერიკელი გახდა ისტორიაში, ვინც მოიგო საუკეთესო ბომბარდირის პრიზი და გახდა სეზონის MVP. ამ მომენტისთვის კეინს 658 მატჩში 663 ქულა აქვს, პლეი ოფის 123 მატჩში კი 121 ქულა.

10. ჯონ ვანბისბრუკი
ერთადერთი მეკარე ამ ათეულში. ვანბისბრუკს ამერიკელ მეკარეებს შორის ყველაზე მეტი მატჩი (882) და ყვეელაზე მეტი მოგება (374) აქვს. მან კარიერა "რეინჯერსში" დაიწყო და იქ 11 წელი დაჰყო. ამას მოჰყვა "ფილადელფიაში", "აილენდერსსა" და "ნიუ ჯერსიში" თამაში და 2001-02 წლების სეზონის შემდეგ კარიერის დასრულება. ვანბისბრუკის ანგარიშზე სტენლის თასის ფინალია 1996 წელს. 2007 წლიდან აშშ-ის ჰოკეის დიდების დარბაზის წევრია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული