2016 წელს დიდ ჰოკეის ვნახავთ

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნული ლიგის კომისარმა გერი ბეტმენმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2016 წელს, 12-წლიანი პაუზის შემდეგ გაიმართება ჰოკეიში მსოფლიოს თასის გათამაშება.

ტურნირი 16 სექტემბერს დაიწყება და პირველ ოქტომბრამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობას მიიღებს რვა გუნდი - კანადის, აშშ-ს, შვედეთის, ფინეთის, ჩეხეთისა და რუსეთის ნაკრებებს დაემატებიან ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ახალგაზრდა ვარსკვლავთა ნაკრები. ევროპის ნაკრები დაკომპლექტდება სლოვაკეთის, შვეიცარიის, გერმანიის, სლოვენიისა და კონტინენტის სხვა ქვეყნების საუკეთესო ჰოკეისტებისგან.

თითოეულ გუნდში 23 მოთამაშე იქნება: სამი მეკარე და წინა ხაზის 20 ჰოკეისტი. რვა გუნდი ორ ჯგუფად დაიყოფა და
ორი საუკეთესო ნახევარფინალში გავა. ფინალური სერია ორ მოგებამდე გაიმართება.

მსოფლიოს თასის ორგანიზატორები იქნებიან ჰოკეის ეროვნული ლიგა, NHL-ის მოთამაშეთა ასოციაცია და ჰოკეის საერთაშორისო ფედერაცია. ტურნირი NHL-ის წესებით გაიმართება.

მსოფლიოს თასი კანადის თასის გათამაშების მემკვიდრეა, რომელიც 1976-91 წლებში არარეგულარულად თამაშდებოდა. მსოფლიოს თასი სულ ორჯერ გათამაშდა - 1996 წელს აშშ-ის ნაკრებმა კანადა დაამარცხა, 2004 წელს კი კანადელებმა ფინელებს სძლიეს.

"ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ვიხილავთ მატჩებს საუკეთესო ჰოკეისტების მონაწილეობით. ეს ტურნირი ერთ-ერთი საუკეთესო გახდება ჰოკეის ისტორიაში. ევროპის ნაკრებისა და ჩრდილოეთ ამერიკის ახალგაზრდა ვარსკვლავების ნაკრების მოწვევა საშუალებას მოგვცემს ტურნირი შევავსოთ იმ მოთამაშეებით, რომლებიც სხვა გზით იქ მოხვედრას ვერ მოახერხებდნენ", - განაცხადა ბეტმენმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული