სამთო თხილამურები: ახლები წინა პლანზე

AutoSharing Option
2014 წელს მსოფლიოს თასის ბოლო ეტაპი განსაკუთრებული აღმოჩნდა ამერიკელი ტრევის განონგისთვის, რომელიც იტალიის სანტა-კატერინაში სწრაფდაშვებაში საუკეთესო დროის ავტორი გახდა.

კარიერაში პირველი პოდიუმიდან ერთი წლის თავზე, განონგმა პირველ დიდ გამარჯვებას მიაღწია. 21 წლის ამერიკელმა ცუდი სტარტი აიღო, მაგრამ დისტანციის დარჩენილი ნაწილი უშეცდომოდ გაიარა, თანდათან გააბათილა ჩამორჩენა და წუთი და 32.42 წამი დააფიქსირა.

უქმეების სენსაციამ მხოლოდ 9 მეასედი წამი მოუგო ამ დისციპლინაში სოჭის ოლიმპიურ ჩემპიონს, ავსტრიელ მატიას მაიერს. ეს უკანასკნელი საუკეთესო დროით მიდიოდა ყველა საშუალედო ფინიშამდე, მაგრამ მთავარ ფინიშთან ახლოს მცირე შეცდომა
დაუშვა.

სამეული შეავსო იტალიელმა დომინიკ პარისმა, რომელმაც გამარჯვებულთან 21 მეასედი წააგო. ამის წყალობით ის მესამე ადგილზე გადავიდა გენერალურ კლასიფიკაციაში - ოდნავ შეამცირა სხვაობა ჩეტილ იანსრუდთან და მარსელ ჰირშერთან. ჰირშერი სწრაფდაშვებაში არ მონაწილეობდა, იანსრუდი კი წარუმატებლად გამოვიდა და მხოლოდ მე-17 ადგილი დაიკავა.

* * *
ასევე პირველ გამარჯვებას მიაღწია მსოფლიოს თასზე შვედმა სარა ექტორმა. ქალები ავსტრიის კურორტ კიუტაეში გიგანტურ სლალომში არკვევდნენ ურთიერთობას და სკანდინავიელმა გაუსწრო ანა ფენინგერსა და მიკაელა შიფრინს.

ცუდი ხილვადობის პირობებში ექტორმა უშეცდომოდ გაიარა ორივე ცდა და გაიმარჯვა შედეგით - 2 წუთი და 17.61 წამი. შვედი დეკემბრის თვის აღმოჩენა გახდა. 22 წლის მოთხილამურე ამ თვეში უკვე მეორედ ავიდა პოდიუმზე და მას უკვე უწოდებენ ანა პერსონის მემკვიდრეს.

მსოფლიოს თასის მოქმედმა მფლობელმა ფენინგერმა ექტორთან 9 მეასედი წამი წააგო, შიფრინმა - 18 მეასედი.

სლოვენიელმა ტინა მაზემ ამ ეტაპზე მეშვიდე ადგილი დაიკავა და შეინარჩუნა ლიდერობა საერთო ჩათვლაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული