ჰოკეი. NHL. პლეი ოფი: ფინალში მერვე ადგილიდან

AutoSharing Option
"ანაჰაიმისა" და "ნეშვილის" სერიის მეხუთე მატჩის შემდეგ, ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე უხეში თამაში სტენლის თასის ისტორიაში: 46 საჯარიმო წუთი, 57 ძალისმიერი ილეთი და "დაქსის" ორი ჰოკეისტის (რაკელი და ივზი) ტრავმები. ამ ყველაფერს დაემატა "ანაჰაიმის" ლიდერის კორი პერის არაკორექტული ფრაზა მსაჯის მისამართით და რაიან გეტცლაფის ჯარიმა "ჰომოფობიური გამონათქვამისთვის".

კულმინაციამ პიკს მეექვსე მატჩისთვის მიაღწია. "ანაჰაიმს" რაკელისა და ივზის გარდა, ძირითადი მეკარე ჯონ გიბსონიც დააკლდა. და, როგორც გაირკვა, ეს სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა "იხვებისთვის".

"ანაჰაიმი" აგებდა სერიას და მოსალოდნელი იყო,
რომ აქტიურად დაიწყებდა შეხვედრას. ასეც მოხდა, მაგრამ "იხვების" დარტყმების უმრავლესობა არაეფექტური იყო. სამაგიეროდ, "ნეშვილმა" პრაქტიკულად ყველა მომენტი გამოიყენა, რაც მატჩის დასაწყისში შექმნა. უკვე მეორე წუთზე ოსტინ უილსონმა რიკოშეტის დახმარებით გახსნა ანგარიში, ექვსი წუთის შემდეგ კი სტუმრებმა საკუთარ ზონასთან ახლოს დაკარგეს შაიბა და კოლტონ სისონსმა მახვილი კუთხიდან ორამდე გაზარდა უპირატესობა.

"ანაჰაიმი" ყველა ხერხით ცდილობდა ბრძოლას და ერთხელ, მისმა ფორვარდმა ნიკ რიტჩიმ ბარიერზე მიახეთქა "ნეშვილის" ლიდერი ვიქტორ არვიდსონი, რომელსაც შუბლი გაუტყდა. შვედმა მაინც გააგრძელა თამაში, რიტჩი კი მატჩის ბოლომდე გააძევეს მოედნიდან.

"დაქსმა" შეძლო მატჩში ინტრიგის აღდგენა, როცა მეორე პერიოდში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მესამეში კი ფაულერმა და ვაგნერმა ზედიზედ ორი გოლით ანგარიში გაათანაბრეს.

და მაინც, "ნეშვილმა" მიაღწია ისტორიულ წარმატებას. ძირითადი დროის დასრულებამდე ექვსი წუთით ადრე, იმავე სისონსმა გამარჯვების გოლი გაიტანა, როცა იარნკროკის კარის გასწვრივ პასს მიმართულება შეუცვალა, ამის შემდეგ კი "ანაჰაიმმა" ორი შაიბა გაიტანა ცარიელ კარში. "ანაჰაიმმა" დარტყმების რაოდენობით ძალიან აჯობა "ნეშვილს" - 41:18, მაგრამ მატჩი და სერია "პრედატორზმა" მოიგო. "ნეშვილი" თავისი არსებობის ისტორიაში" პირველად გავიდა სტენლის თასის ფინალში, არადა, რეგულარულ ჩემპიონატში ამ გუნდმა მერვე ადგილი დაიკავა დასავლეთში და მე-16 ადგილი მთლიანად ლიგაში. და ეს გააკეთა თავისი ტრავმირებული ლიდერების - ჯოჰანსენისა და ფიშერის არყოფნაში.

იმასაც შეგახსენებთ, რომ "ნეშვილი" პლეი ოფში მხოლოდ მეათედ თამაშობს და წლევანდელ გათამაშებამდე მხოლოდ სამი საპლეიოფო სერია ჰქონდა მოგებული. "პრედატორზის" მთავარი მწვრთნელი პიტერ ლავიოლეტი, რომელმაც სტენლის თასი მოიგო "კაროლინასთან" ერთად (2006) და ფინალში გავიდა "ფილადელფიასთან" ერთად (2010), მეოთხე მწვრთნელია ისტორიაში, ვინც მთავარ ფინალში სამ სხვადასხვა გუნდთან ერთად ყოფილა.

ახლა, "მტაცებლებს" აქვთ დრო მოიშუშონ ჭრილობები და მოემზადონ 29 მაისისთვის, როცა ფინალური სერიის პირველი მატჩი გაიმართება. "ნეშვილის" მეტოქე ჯერ ცნობილი არ არის: აღმოსავლეთში "პიტსბურგი" 3:2-ს უგებს "ოტავას".

ნეშვილი-ანაჰაიმი 6:3
2:0, 0:1, 4:2
გოლები: 1:0 ო. უოტსონი-3 (ი. უებერი-1, ირვინი-2), 2:0 სისონსი-3 (აბერგი-2), 2:1 კასე-2 (გეტცლაფი-11, ვატანენი-4), 3:1 სისონსი-4 (აბერგი-3, ფორსბერგი-7), 3:2 ვაგნერი-3 (კერდაილსი-1, ვერმეტი-2), 3:3 ფაულერი-2 (ვატანენი-5), 4:3 სისონსი-5 (იარნკროკი-2), 5:3 ფორსბერგი-8 (ფიდლერი-1), 6:3 ო. უოტსონი-4 (ელისი-7).
სერია: 4-2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული