იასონ აბრამიშვილმა ერზრუმში ღია ჩემპიონატზე ხუთი ოქროს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
ბაკურიანელმა სამთო მოთხილამურე იასონ აბრამაშვილმა ამას წინათ იტალიის კურორტ პამპეაგო-ტესეროში, საერთაშორისო-სათხილამურო ფედერაციის ეგიდით გამართულ შეჯიბრებაში (სლალომი) იასპარეზა და 70 მაღალრეიტინგიან მეტოქეს შორის მე-12 ადგილი დაიკავა, რითაც მსოფლიო რეიტინგი გაიუმჯობესა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მოთხილამურეები უცხოეთის ტრასებზე 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელსაც თებერვალში სანტ მორიცი უმასპინძლებს.

აბრამაშვილმა იტალიიდან თურქეთში გადაინაცვლა - ერზრუმ/პალანდუკენში ხუთი დღე გრძელდებოდა ქვეყნის ღია ჩემპიონატი სლალომსა და გიგანტურ სლალომში, რომლებიც მსოფლიო ფედერაციის კალენდარშია შეტანილი.

თავიდანვე ვიტყვით, რომ ქართველმა სამთო მოთხილამურემ ხუთი ოქროს მედალი დაიმსახურა. შეჯიბრებაში, აბრამაშვილის გარდა, ოთხი
ჩვენებური მონაწილეობდა.

ასპარეზობის პირველ დღეს იასონმა სლალომში შეჯიბრება წუთსა და 52,59 წამში მოიგო და მეორე ადგილზე გასულ სერდარ დენიზს (თურქეთი) 6,12 წამით აჯობა. ლაშა კურტანიძემ (2.06,87) - მე-13, გიორგი კურტანიძემ (2.08,26) კი მე-15 ადგილი დაიკავა.

ქალებში ეკატერინე გოცირიძესა (2.14,69) და თამარ ბარბარიანს (2.18,86), შესაბამისად, მე-10 და მე-12 ადგილები ერგოთ. როგორც პირველ, ისე სხვა დღეებში თურქეთის ღია ჩემპიონატი ქალებში 22 წლის ალბანელმა სუელა მეჰილიმ მოიგო, რომელიც ჩვენებურებზე ექვსი წლით უფროსია.

II დღე (სლალომი)
1. იასონ აბრამაშვილი (1.47,15), 2. სერდარ დენიზი (თურქეთი, 1.53,01)... 6. ლაშა კურტანიძე (1.59,25), გიორგი კურტანიძემ დისტანცია ვერ ჩაამთავრა.
ქალები. 6. თამარ ბარბარიანი (2.09,92), ეკატერინე გოცირიძე მეორე ცდაზე ჩამოშორდა შეჯიბრებას.

III დღე (სლალომი)
1. იასონ აბრამაშვილი (1.41,54), 2. მუსტაფა ტოპალოღლუ (თურქეთი, 1.50,51)... 7 ლაშა კურტანიძე (1.54,01), 12. გიორგი კურტანიძე (1.54,81);
ქალები. 10. ეკატერინე გოცირიძე (2.04,43), 12. თამარ ბარბარიანი (2.06,42).

IV დღე (გიგანტური სლალომი)
1. იასონ აბრამაშვილი (2.09,28), 2. სერდარ დენიზი (2.12,21)... 4. გიორგი კურტანიძე (2.15,45), 11. ლაშა კურტანიძე (2.17,39);
ქალები. 9. თამარ ბარბარიანი (2.24,59), 11. ეკატერინე გოცირიძე (2.57,77).

V დღე (გიგანტური სლალომი)

გუშინ,  თურქეთის ჩემპიონატის ბოლო დღეს იასონ აბრამაშვილი (2.10,72) მეხუთედ ავიდა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე. ამჯერადაც მან ვერცხლისმედალოსან მასპინძელ სერდარ დენიზს 1,2 წამით აჯობა.

ლაშა კურტანიძეს (2.16,56) ბრინჯაომდე მცირედი დააკლდა - საბოლოოდ მე-4 ადგილი დაიკავა. გიორგი კურტანიძე (2.17,02) მე-6 ადგილით დაკმაყოფილდა.

ქალებში ისევ მეჰილიმ გაიმარჯვა. თამარ ბარბარიანს (2.23,78) მეცხრე ადგილი ერგო, ეკატერინე გოცირიძემ კი შეფასება ვერ მიიღო.

ქართველი მოთხილამურეები გუშინვე სამშობლოში გამოემგზავრნენ. 24-25 დეკემბერს ისინი 2016-17 წლების საქართველოს თასის გათამაშების პირველ ეტაპში მოსინჯავენ ძალებს.

ეროვნული სათხილამურო ფედერაციის ინიციატივითა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, თასის გათამაშება ხუთ ეტაპად გაიმართება მესტიაში, ბაკურიანში, გოდერძის უღელტეხილსა და გუდაურში.

პირველი ეტაპი, რომელშიც მედლები გოგონებსა და ვაჟებში სამ ასაკში გათამაშდება, ახლად გახსნილ "თეთნულდის" ტრასაზე ჩატარდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული