სამთო თხილამურები: ვონი მსოფლიოსთვის მზად არის

AutoSharing Option
ქალმა სამთო-მოთხილამურეებმა დაასრულეს რეპეტიცია მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, რომელიც თებერვლის დასაწყისში ამერიკის კურორტ ბივერ კრიკში დაიწყება.

მოთხილამურეები სამი დღის განმავლობაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს შვეიცარიის სანკტ მორიტცში. ბოლო დისციპლინა სუპერგიგანტი იყო და ამერიკელმა ლინდსი ვონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოპტიმალურ ფორმაში ხვდება სეზონის მთავარ სტარტს.

ვონმა კარიერაში 64-ე გამარჯვება მოიპოვა. მისი დრო იყო წუთი და 23.55 წამი. ამერიკელს 24 მეასედი წამით ჩამორჩა ავსტრიელი ანა ფენინგერი - ამ დისციპლინაში სოჭის ოლიმპიადის ჩემპიონი. ანას კვლავინდებურად არც ერთი ეტაპი არ მოუგია ამ სეზონში, მაგრამ მეშვიდედ მივიდა
ფინიშთან მეორე ადგილზე და ამის ხარჯზე ინარჩუნებს გენერალურ კლასიფიკაციაში მეორე პოზიციას.

მისი ჩამორჩენა ლიდერ ტინა მაზესთან 184 ქულამდე შემცირდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სლოვენიელმა სუპერგიგანტის ტრასაზე შეცდომა დაუშვა - კარი გამოტოვა და დისკვალიფიკაცია მიიღო.

სუპერგიგანტში მესამე ადგილი კიდევ ერთმა ავსტრიელმა ნიკოლ ჰოსპმა დაიკავა.

* * *

ასევე სამდღიანი ეტაპი ჰქონდათ მამაკაცებს ავსტრიის კურორტ კიტცბუელში. აქ გამარჯვება ისეთივე პრესტიჟულია, როგორც მსოფლიოს ჩემპიონატზე ან ოლიმპიადაზე პირველი ადგილი.

და ავსტრიაში გამარჯვების გემო ოთხმა მოთხილამურემ პირველად გაიგო. იტალიელმა დომინიკ პარისმა ჯერ კიდევ პარასკევს გაიმარჯვა სუპერგიგანტში და ამ სეზონში პირველად ავიდა პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე. ფრანგი ალექსის პინტურო საუკეთესო იყო სუპერკომბინაციაში. ნორვეგიელმა ჩეტილ იანსრუდმა მოიგო სწრაფდაშვება და ბოლოს, შვედი მატიას ჰარგინი სპეციალური სლალომის დიდოსტატებს - ავსტრიელ მარსელ ჰირშერსა და გერმანელ ფელიქს ნოიროიტერს გაუსწორდა და კარიერაში პირველ გამარჯვებას მიაღწია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული