ბიატლონი: იტალიაში დიდი სკანდალია

AutoSharing Option
დიდი დოპინგ-სკანდალია იტალიაში. ფიგურანტი გახლავთ წარსულში ცნობილი ბიატლონისტი გოტლიბ ტაშლერი - 80-იან წლების ბოლოს იტალიის "ოქროს თაობის" ერთ-ერთი ვარსკვლავი.

მთავარმა იტალიურმა გამოცემამ "გაძეტა დელო სპორტმა" გამოაქვეყნა ტაშლერისა და სკანდალურად ცნობილი ექიმის, მიკელე ფერარის სატელეფონო საუბრის ტექსტური ვერსია. ფერარი ის პიროვნებაა, რომელიც ერითროპოეტინით ამარაგებდა ამერიკელ ველომრბოლელს, ლენს არმსტრონგს.

"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, 2010 წელს ტაშლერი მოელაპარაკა შეხვედრაზე ფერარის, რათა ამ უკანასკნელს მკურნალობის კურსი დაენიშნა ბიატლონისტის ვაჟისთვის, 23 წლის დანიელ ტაშლერისთვის, რომელიც იტალიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს თასზე მოხვედრას ცდილობდა.

რეალურად კი, "მკურნალობის
კურსი" დოპინგის მიღებაა. გამოქვეყნდა თავად უმცროსი ტაშლერისა და მიკელე ფერარის მოლაპარაკების ტექსტი. ექიმი სპორტსმენს კონსულტაციას უწევს აკრძალული პრეპარატის დოზებსა და მიღების მეთოდებზე.

სიტუაციას ამძიმებს ის, რომ გოტლიბ ტაშლერი (1988 წლის ოლიმპიური თამაშების პრიზიორი ესტაფეტაში, მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი) ბიატლონისტთა საერთაშორისო კავშირის ვიცე-პრეზიდენტია; აგრეთვე, მსოფლიოს თასის ერთ-ერთი პრესტიჟული ეტაპის (ანტჰოლცი) საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტი გახლავთ.

მისი 27 წლის ვაჟი - დავიდ ტაშლერი იშვიათად ხვდება იტალიის ნაკრებში. დავიდის საუკეთესო შედეგი კარიერაში - 54-ე ადგილია მსოფლიოს თასის ჩათვლაში 2013-14 წლების სეზონში. სხვათა შორის, 2010-11 წლების სეზონში, რომლის სტარტის წინ დანიელ ტაშლერს კონტაქტი ჰქონდა მიკელე ფერარისთან, ერითროპოეტინის გამოყენებისთვის დისკვალიფიკაცია მისცეს ავსტრიელ მოთხილამურეს, იოაჰანეს დიურს, რომლის დაზეც არის დაქორწინებული უმცროსი ტაშლერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული