პირველი სლალომი შვედისაა

AutoSharing Option
გასულ უიქ ენდზე სამთო მოთხილამურეები ფინეთის კურორტ ლევიში შეიკრიბნენ, სადაც მამაკაცებს შორის გათამაშდა სეზონში პირველი ეტაპი სპეციალური სლალომის დისციპლინაში.

ამ სტარტს თან ახლდა მეტად ნაღვლიანი ცერემონია - დიდი სპორტიდან წასვლა გადაწყვიტა ცნობილმა ფინელმა მოთხილამურემ კალე პალანდერმა, რომელიც სწორედ სლალომის სპეციალისტი გახლდათ. მეორე ცდის შემდეგ პალანდერი ლევის ტრასაზე დაეშვა და თან დაემშვიდობა იმათ, ვინც თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მხარში ედგა.

ცნობისთვის, პალანდერს მსოფლიოს თასის 14 ეტაპი აქვს მოგებული.

სეზონში პირველი სლალომის პირველმა ცდამ საკმაოდ მჭიდრო შედეგები დააფიქსირა - პირველ და 30-ე
ადგილებს შორის დროში სხვაობა მხოლოდ წამნახევარი იყო. მეორე ცდის წინ ლიდერი გახლდათ სლალომში მსოფლიოს თასის მოქმედი მფლობელი შვედი ანდრე მიურერი, რომელიც სულ მცირედს უგებდა მსოფლიოს თასის შარშანდელ ტრიუმფატორს ავსტრიელ მარსელ ჰირშერს.

მეორე ცდაზე ჰირშერმა გვარიანად გარისკა, მაგრამ გაუმართლა და ყველას ეგონა, რომ მიურერი მის დროს ვეღარ გააუმჯობესებდა. შვედმა მართლაც წააგო მეორე ცდა ავსტრიელთან, მაგრამ ორი დაშვების ჯამში მოახერხა ჰირშერის 6 მეასედი წამით უკან ჩამოტოვება და სეზონში პირველი გამარჯვების მოპოვება.

პირველ სამეულში მოხვდა კიდევ ერთი შვედი - იენს ბიგმარკი, რომელიც კინაღამ დაეცა ტრასაზე მეორე დღის შესრულებისას, თუმცა მაინც ავიდა პოდიუმზე.

ახლა სამთო მოთხილამურეებს ერთკვირიანი შესვენება აქვთ, რის შემდეგაც მამაკაცები და ქალები სხვადასხვა მიმართულებით გაემგზავრებიან - კაცები კანადის ლეიკ-ლუისში ჩქაროსნულ დისციპლინებში შეეჯიბრებიან ერთმანეთს, ქალებს კი ტექნიკური სახეობები ელით ამერიკის ასპენში.

სლალომი
1. ანდრე მიურერი (შვედ) - 1:49.55; 2. მარსელ ჰირშერი (ავსტრია) - +0.06; 3. იენს ბიგმარკი (შვედ) - +0.61; 4. მანფრედ მიოლგი (იტა) - +0.73; 5. პატრიკ ტალერი (იტა) - +0.95; 6. რაინფრიდ ჰერბსტი (ავსტრია) - +1.04...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული