ნორვეგიის ორი დუბლი

AutoSharing Option
ნორვეგიელთა ტრიუმფით გაგრძელდა მსოფლიოს თასის პირველი ეტაპი თხილამურებით რბოლაში, რომელსაც ნორვეგიის კურორტი შუშენი მასპინძლობდა. ეტაპის მეორე დღეს ესტაფეტები გაიმართა და ქალთა შეჯიბრში გასარკვევი მხოლოდ ის იყო, რამდენი ადგილობრივი ნაკრები მოხვდებოდა პოდიუმზე.

ეჭვი არავის ეპარებოდა იმაში, რომ ნორვეგიელთა პირველი ოთხეული ვიბეკე სკოფტერუდის, ტერეზა იოჰაუგის, კრისტინ სტეირასა და მარიტ ბიოგენის შემადგენლობით, უკონკურენციოდ იქნებოდა ტრასაზე. საბოლოოდ, ასეც მოხდა. შარშან ამ გუნდმა ესტაფეტაში მსოფლიოს თასის მცირე გლობუსი მოიპოვა და სავარაუდოდ, სიტუაცია ამ სეზონშიც უცვლელი იქნება.

თუმცა გამარჯვებულებმა გარკვეული კონკურენცია მაინც იგრძნეს ნორვეგიის მეორე ნაკრებისგან,
რომელშიც შედიოდნენ მოთხილამურეები - ასტრიდ იაკობსენი და ინგვილდ ოსტბერგი და ბაიტლონისტები - ტორა ბერგერი და მარტე კრისტოფერნსენი. ამ კვარტეტმა მხოლოდ 26 წამი წააგო გამარჯვებულთან.

პოდიუმის მესამე საფეხური მოიპოვა ფინეთის ნაკრებმა, რომელსაც დიდი ხანი ებრძოდა შვედების ოთხეული, მაგრამ ბოლოს მაინც დანებება მოუწია.

* * *

იგივე სიტუაცია ვიხილეთ მამაკაცების ესტაფეტაში - აქაც ნორვეგიული დუბლი შედგა: პირველი ორი ადგილი მასპინძელთა პირველმა და მესამე ნაკრებებმა მოიპოვეს. თუმცა ქალებისგან განხსვავებით, აქ ბრძოლა უფრო დაძაბული იყო და გამარჯვებული ბოლო მეტრებზე გაირკვა.

ყველაზე საინტერესო ის გახლდათ, რომ საფინიშო სპურტში ერთბაშად რვა (!) გუნდმა მიიღო მონაწილეობა, თუმცა დიდი ალბათობით შეიძლებოდა იმის თქმა, თუ ვინ მოიგებდა ამ დუელს. საქმე ისაა, რომ ნორვეგიის პირველ ნაკრებში ბოლო ეტაპზე პეტერ ნორტუგი მირბოდა, რომელიც სპრინტში ძალიან ძლიერია.

სწორედ მან მოუტანა სეზონში პირველი გამარჯვება თავის გუნდს. სხვაობა მეორე ადგილზე გასულ ნორვეგიის მესამე გუნდთან 0,8 წამი იყო. მესამე ადგილზე შვედების ოთხეული გავიდა. რაც შეეხება მასპინძლების მეორე ნაკრებს, რომლის რიგებში ვიხილეთ ბიატლონისტები - ტერიე ბოე და ემილ ჰეგლე სვენდსენი, ის მეშვიდე მივიდა ფინიშთან.
სრული კრახი განიცადა გერმანიის ნაკრებმა. იოჰენ ბიოლეს შეგირდები შოშენში ორი გუნდით იყვნენ წარმოდგენილნი და ორივემ ბოლო ორი ადგილი დაიკავა საბოლოო ოქმში.

ესტაფეტა. 4x5 კმ
ქალები

1. ნორვეგია I (ვიბეკე სკოფტერუდი, ტერეზა იოჰაუგი, კრისტინ სტეირა, მარიტ ბიორგენი) - 51:50.1; 2. ნორვეგია II (ასტრიდ იაკობსენი, ინგვილდ ოსტბერგი, ტორა ბერგერი, მარტე კრისტოფერნსენი) - +26.0; 3. ფინეთი (კრისტა ლაჰტენმიაკი, აინო-კაისა საარინენი, რიტა-ლისა როპონენი, რიკა სარასოია) - +39.1; 4. შვედეთი - +51.6; 5. საფრანგეთი - +1:27.6; 6. ნორვეგია III - +1:29.2; 7. ნორვეგია IV - +1:40.1; 8. გერმანია I - +1:54.6; 9. აშშ - +1:54.7; 10. რუსეთი I - +1:54.8...
ესტაფეტა. 4x10 კმ

კაცები

1. ნორვეგია I (ელდარ რიონინგი, ფინ გროკი, ლარს ბერგერი, პეტერ ნორტუგი) - 1:35:24.8; 2. ნორვეგია III (იონ კრისტიან დალი, რონი ანსენსი, მორტენ ეილიფსენი, სიურ როტე) - +0.8; 3. შვედეთი (მარკუს ჰელნერი, დანიელ რიკარდსონი, იოჰან ოლსონი, კალე ჰალფვარსონი) - +1.1; 4. საფრანგეთი - +1.4; 5. რუსეთი I - +1.5; 6. ფინეთი - +4.1; 7. ნორვეგია II - +4.2; 8. შვეიცარია - +5.9; 9. იტალია - +29.7; 10. რუსეთი II - +45.5...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული