საახალწლო საჩუქარი ბაკურიანს: ვიწროლიანდაგიანი "კუკუშკით" 2750 მეტრზე

AutoSharing Option
ბაკურიანის ერთ-ერთი მშვენება დიდველი მართლაც დიდებული ადგილია - ლამაზი მთები, თანამედროვე ულტრაიისფერი გონდოლებიანი საბაგირო გზები, მშვენიერი სასრიალო ტრასები, რესტორნებით და ადამიანები, რომლებიც იქ მისულთ ბრწყინვალედ ემსახურებიან.

შპს "სერვის-8" დირექტორის ნინო მიქაბერიძის თქმით, საქველმოქმედო ორგანიზაცია "ატუ"-მ სახელმწიფოს გადასცა დაწოლილი ლიფტი ანუ ვაგონი, იგი გაივლის იმ ვიწრო ლიანდაგზე, რომელიც რამდენიმე წლის წინ გაკეთდა დიდველში.

ულტრათანამედროვე საბაგირო გზებით მთაში ასვლის შემდეგ ვიწროლიანდაგიანი ვაგონი იქნება ის ბოლო აკორდი, რომლითაც შესაძლებელია დიდველის მთის წერტილზე დავდგათ ფეხი, საიდანაც უკვე თვით უმშვენიერეს ტაბაწყურამდე რამდენიმე ნაბიჯიღა რჩება.

ამ
ადგილიდან, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 2750 მეტრზე მეტია, ხელისგულივით მოჩანს კავკასიის მარადთოვლიანი ულამაზესი მთები. აქ თხილამურებით სრიალი შეუძლიათ მხოლოდ ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს.

სს "დიდველის" ლაიტნერის ფირმის საბაგირო გზაზე, რომლის სიგრძე 1600 მეტრია, ჩამოკიდებულია 8-8 ადგილიანი 34 გონდოლა და საათში 1500 ადამიანის მომსახურება შეუძლია, ანუ 5 წუთში შეგიძლიათ გადაადგილდეთ.

შემდეგია "სერვის-8" დოპპელმაიერის 1100 სიგრძის საბაგირო გზა, რომელზეც ჩამოკიდებულია 31 ოთხადგილიანი დახურული სავარძელი. სათხილამურო ტრასის სიგრძე - 1600 მეტრია.

აქვეა საჩოჩიალო-საბუგელე 900-მეტრიანი გზა 77 ბუგელით, რომელსაც მოიხმარენ მხოლოდ მოთხილამურეები.

ტრასის სიგრძე 1200 მეტრია, რაც მთავარია, წლეულს ტრასის ხარისხი ბევრად გაუმჯობესდა.

საახალწლოდ კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვიწროლიანდაგიანი ლიფტი, ვაგონი ანუ ჩვენებურად ბაკურიანული "კუკუშკა" ჩადგა მწყობრში ვაგონი 40 კაცს იტევს, 3 წუთსა და 40 წამში გაივლის 380-მეტრიან ვიწრო ლიანდაგს და უმაღლეს წერტილზე ადის. აქედან ხელისგულივით მოსჩანს ბაკურიანი.

იქ, სადაც "კუკუშკას" ბოლო გაჩერებაა, 28 წლის ალექსანდრე პონიატოვსკი, რომელსაც ვიწროლიანდაგიან გზის მშენებლობაში დიდი წვლილი მიუძღვის, ეგებება სტუმრებს.

იმ დღით, დიდველში როცა ავდიოდი, კარგი, მზიანი ამინდი იყო. ლაჟვარდოვან ცაში, ძალიან ლამაზად მოსჩანდა ცის კაბადონს მიკერებული ბოლო წერტილი, მაგრამ სანამ იქ ავიდოდი ამინდი ისე სწრაფად შეიცვალა (ეს აქ ხშირია), რომ მხოლოდ ნისლიანი სურათების გადაღება შევძელი.

ცხადია, შევწუხდი. საშა შემპირდა, რომ წინა დღის გადაღებულ ფოტოებს გამომიგზავნიდა.

... ვდგავარ ზღვის დონიდან 2750 მეტრზე. ძლიერი ქარი არა მარტო ქრის, არამედ ზმუის კიდეც.

ვიყურები ტაბაწყურისაკენ, მაგრამ იქაურობაც ღრუბელშია, ისევე, როგორც კავკასიონი, ხოლო მაღალი წერტილიდან ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის გათვლილ ტრასაზე პირველად ეშვება 26 წლის ნუგზარ დიაკონაშვილი, საქართველოს სნოუბორდის ფედერაციის წარმომადგენელი და ნაკრების წევრი, რომელმაც, როგორც შემდგომ გვითხრა, დიდი სიამოვნება მიიღო დაშვებისას. ძალიან მოეწონა "კუკუშკაც" და ექსტრემალური ტრასაც.

დიდველში სათხილამურო ტრასები ყოველთვის მზადყოფნაშია. გზები თოვლისაგან იწმინდება და იქელება სპეციალური თოვლსატკეპნი მანქანებით. ასევე, ადგილებზე მობილიზებულია მაშველთა ბრიგადა და სასწრაფო დახმარების მანქანა.

ახალი წლის წინა დღეებში ს.ს. "დიდველმა" და "სერვის-8"-ის წარმომადგენლებმა ბაკურიანში ჩამოსული ყველა სპორტული სკოლის მოთხილამურეები ერთი დღით მიიპატიჟეს ტრასებზე და მათვე შესთავაზეს პირველი გასეირნება "კუკუშკით".

სოფიკო ხეთაგაშვილი
ბაკურიანიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული