მეხუთე ადგილი და მედლის შანსი

AutoSharing Option

მიუხედავად იმისა, რომ ელენე გედევანიშვილმა მოკლე პროგრამაში სეზონის საუკეთესო მიღწევა აჩვენა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ბერნში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მოწინავე სამეულში დასამკვიდრებლად, ქართველი სპორტსმენი მეხუთეა პირველი დისციპლინის შემდეგ, თუმცა მედლის შანსს ინარჩუნებს. შეგახსენებთ, რომ ელენე კონტინენტის პირველობის ბრინჯაოს პრიზიორია და ბერნშიც ერთ-ერთი ფავორიტის რანგში წარსდგა გულშემატკივართა წინაშე.

უკვე დავწერეთ, რომ ქართველმა კარგად ისრიალა, თუმცა შარშანდელი პირველობისგან განსხვავებით, უკეთ იასპარეზეს მისმა მთავარმა კონკურენტებმა, რომელთაგანაც ელენემ მხოლოდ ევროპის სამგზის ჩემპიონ იტალიელს, კაროლინა კოსტნერს აჯობა.

 

ქართველმა 53,68 ქულას მოუყარა თავი, აქედან 27,03 ქულა მან

ტექნიკურ სეგმენტში მოაგროვა, 26,65 კი - პროგრამულში. პირველი დღის შემდეგ ლიდერობს ფინელი ლამაზმანი კიირა კორპი, რომელსაც საუკეთესო სეზონი აქვს, კორპიმ შესანიშნავად ისრიალა ბერნში და 63,50 ქულა დააგროვა. სხვათა შორის, კორპის შარშან ევროპის ჩემპიონატზე კიდევ უფრო უკეთესი მოკლე პროგრამა ჰქონდა, ელენემ მას თავისუფალში აჯობა და ცხვირწინ ააცალა ბრინჯაოს მედალი. მეორე ადგილზე რუსი ქსენია მაკაროვაა - 60,35 ქულა, მესამეზე კი ვეტერანი მასპინძელი სარა მაიერი - 58,56.

დღეს თავისუფალი პროგრამაა 24 მონაწილეს შორის ელენე ერთ-ერთი ბოლო გამოვა ყინულზე, ის ფინალურ ჯგუფშია, ქართველის შემდეგ მხოლოდ ვიქტორია ჰელგესონი და სარა მაიერი გამოვლენ.

ევროპის ჩემპიონატი. ქალები
მოკლე პროგრამა

1. კიირა კორპი (ფინეთი) 63,50
2. ქსენია მაკაროვა (რუსეთი) 60,35
3. სარა მაიერი (შვეიცარია) 58,56
4. ვიქტორია ჰელგესონი (შვედეთი) 54,70
5. ელენე გედევანიშვილი (საქართველო) 53,68
6. კაროლინა კოსტნერი (იტალია) 53,17
7. მაე მეიტე (საფრანგეთი) 51,61
8. ვალენტინა მარკეი (იტალია) 51,24
9. სარა ჰეკენი (გერმანია) 51,12
10. ირა ვანუ (ბელგია) 50,90

პ.ს. წუხელ ევროპის ჩემპიონატზე დაასრულეს ასპარეზობა ყინულზე ცეკვებში მონაწილე ელისონ რიდმა და ოთარ ჯაფარიძემ. თავისუფალ პროგრამაში ქართულმა წყვილმა 67,87 ქულა მიიღო. ჯამში ჩვენებმა 114,73 ქულა დააგროვეს.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული