ელენე გედევანიშვილი ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამით მე-19 ადგილზე გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სტოკჰოლმში (შვედეთი), ფიგურულად მოციგურავეთა ევროპის ჩემპიონატზე 29 იანვარს ქალები (38 მონაწილე) ჩაებნენ შეჯიბრებაში.

ცხადია, დიდი ინტერესით ველოდით ორგზის ევროპის პირველობის ბრინჯაოსპრიზიორის, ელენე გედევანიშვილის გამოსვლას.

ქართველმა მოციგურავემ საკუთარი შესაძლებლობები ამჯერად ბოლომდე ვერ გამოავლინა (იგი ასპარეზობისას წაიქცა) და 49.20 ქულით მე-19 ადგილი დაიკავა, რაც ფინალში გასასვლელად (24 საუკეთესო) საკმარისი აღმოჩნდა. იმედია, გამოცდილი სპორტსმენი შეძლებს ძალების მობილიზებას და თავისუფალი პროგრამით უკეთეს შედეგს აჩვენებს. თავისუფალი პროგრამით მონაწილეები 31 იანვარს გამოვლენ.

მოკლე პროგრამით გამოსვლის შემდეგ ქალებში პირველ-მეათე ადგილებზე არიან:

1. იუნიორებში ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი, 16
წლის ელენა რადიონოვა (რუსეთი, 70,46)
2. ევროპისა ჩემპიონატის 2013 წლის ბრინჯაოსპრიზიორი ელიზავეტა ტუკტამიშევა (რუსეთი, 69,02)
3. შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანი, 17 წლის ანა პოგორილოვა (რუსეთი, 66,10)
4. ევროპის ჩემპიონატების ვერცხლისა და ბრინჯაოსპრიზიორი კიირა კორპი (ფინეთი, 60,60)
5. ვიქტორია ჰელგენსონი (შვედეთი, 60,37)
6. ჯოში ჰელგენსონი (შვედეთი, 59,55)
7. მაუ ბერენის მეიე (საფრანგეთი, 55,84)
8. ნიკოლ რაჯიკოვა (სლოვაკეთი, 53,78)
9. ნიკოლ შოტი (გერმანია, 52,03)
10. ელინ ბრუნერი (შვეიცარია, 52.60)

საგულისხმოა, რომ ამ ევროპის ჩემპიონატში სხვადასხვა მიზეზით არ მონაწილეობენ რუსი ოლიმპიური ჩემპიონები - ადელინა სოტნიკოვა და იულია ლიპნიცკაია (ამ ახალგაზრდა მოციგურავემ რუსეთის ჩემპიონატში მე-9 ადგილი დაიკავა და ევროპაზე ვერ მოხვდა), ასევე - სახელოვანი იტალიელი მოციგურავე, 27 წლის კაროლინა კოსტნერი, სოჭის ოლიმპიადის ბრინჯაოსპრიზიორი, 2012 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი (აღარაფერს ვამბობთ საპრიზო ადგილებზე).

აპენინელი დისკვალიფიცირებულია ერთი წლითა და ოთხი თვით, როგორც დოპინგის მიღებაში ყოფილი ბოიფრენდის - ალექს შვაცერის თანამზრახველი.

50 კილომეტრზე სპორტულ სიარულში 2008 წლის ოლიმპიურ ჩემპიონ შვაცერს თურმე კოსტნერი ეხმარებოდა, რომ არასაშეჯიბრო პერიოდში დოპინგკონტროლისთვის თავი აერიდებინა.

მართალია, კაროლინა ყოფილ საყვარელს შარშან დაშორდა, მაგრამ სასჯელს ვერ ასცდა და ყინულზე საასპარეზოდ 2016 წლის 29 იანვრამდე ვერ გავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული