მსოფლიოს ჩემპიონატი: ყვითელაშვილმა ზამთრის ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა

AutoSharing Option
ფოტოზე: მორის ყვითელაშვილი და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი
ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა მოციგურავემ, მორის ყვითელაშვილმა გაისად სამხრეთ კორეაში გასამართავი ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველობისა და მაღალი ადგილებისთვის 24 ქვეყნის 36 მოციგურავე იბრძოდა. ტურნირში ასპარეზობდნენ ევროპის მრავალგზის, ასევე, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონები. შესაბამისად, კონკურენცია ძალიან მაღალი იყო. დაძაბულობამ პიკს თავისუფალი პროგრამის შესრულების დღეს მიაღწია, რომელსაც შეჯიბრების ლიდერმა, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ესპანელმა ხავიერ ფერნანდესმაც ვერ გაუძლო, არაერთხელ შეცდა და საბოლოოდ უმედლოდ დარჩა.

მოკლე პროგრამის
შემდეგ მორის ყვითელაშვილი მე-19 ადგილზე იყო. მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ფსიქოლოგიურ წნეხს გაუძლო. დებიუტანტის კვალობაზე დამაჯერებლად ისრიალა, რაც შეძლო, სუფთად შეასრულა.

ტექნიკური ელემენტების შესრულებისთვის 90.90 ქულა დაიმსახურა, რაც მერვე მაჩვენებელი იყო. თავისუფალ პროგრამაში მორისმა 162,90 ქულა დაიმსახურა და მე-11 იყო, ჯამში კი 239,24 ქულით მე-13 ადგილზე გავიდა და საქართველოს პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიური თამაშების პირველი ლიცენზია მოუტანა.

მორის ყვითელაშვილი:
"ამ ლიცენზიას ჩემს მშობლებს ვუძღვნი. მინდა, ოლიმპიადაზე ისინი ჩემთან ერთად იყვნენ. ძალიან ძნელი ბრძოლა იყო, მაგრამ რაც შემეძლო, გავაკეთე. მალე ახალ პროგრამაზე დავიწყებთ მუშაობას და ვეცდები, ოლიმპიადაზეც სრულად წარმოვაჩინო შესაძლებლობები".

მაკა გიორგობიანი, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი:
"ვულოცავ საქართველოს პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიური თამაშების პირველ ლიცენზიას. ნამდვილად ღირსეული წარმომადგენელი ეყოლება ჩვენს ქვეყანას ოლიმპიადაზე და, დარწმუნებული ვარ, უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს.

მორისმა დიდ ფსიქოლოგიურ წნეხს გაუძლო და დაამტკიცა, რომ ღირსეული კონკურენციის გაწევა შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო მოციგურავეებისთვის. მან სამი ოთხმაგი ნახტომი შეასრულა სუფთად, რომელთაგან ერთი კომბინაციაში იყო სამმაგთან და მართლაც ბრწყინვალედ შეასრულა თავისუფალი პროგრამა.

ეს მსოფლიოს ჩემპიონატი მორისისთვის სადებიუტო იყო, მან ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგი გააუმჯობესა. სამწუხაროდ, ქართველმა მსაჯმა ვერ შეძლო საქართველოს ინტერესების დაცვა - იგი წილისყრით ვერ მოხვდა მსოფლიოს ჩემპიონატზე და ამის გამო, ფაქტობრივად, ათეულში შესვლის რეალური შესაძლებლობა და მეორე ოლიმპიური საგზური დავკარგეთ.

სასიხარულოა, რომ პირველივე ჯერზე შევძელით ლიცენზიის აღება და ახლავე უნდა დავიწყოთ მზადება ახალი სეზონისთვის, რომელიც გრან პრის ეტაპებით დაიწყება".

მოცეკვავე წყვილებში ტატიანა კოზმავამ და ალექსეი შუმსკიმ კვალიფიკაცია ვერ დაძლიეს, მოკლე პროგრამაში მსაჯებმა მხოლოდ 42.71 ქულა და ბოლო ადგილი არგუნეს.

მსოფლიოს ჩემპიონატი
ვაჟები
იუძურუ ჰანიუ (იაპ) - 321,59
შომა უნო (იაპ) - 319,31
ბოიან ჯინი (ჩინ) - 303,58
13. მორის ყვითელაშვილი (საქ) - 239,24

ქალები
ევგენია მედვედევა (რუს) - 233,41
კეტლინ ოსმონდი (კან) - 218,13
გაბრიელე დალემანი (კან) - 213,52

სპორტული წყვილები
ვენჯინგ სული-კონ ჰანი (ჩინ) - 232,06
ალიონა სავჩენკო-ბრუნო მასოტი (გერ) - 230,30
ევგენია ტარასოვა-ვლადიმერ მაროზოვი (რუს) - 219,03

მოცეკვავე წყვილები
ტესა ვირჯი-სკოტ მორი (კან) - 198,62
გაბრილეა პაპადაკისი-გიომ ციზერონი (საფ) - 196,04
მაია შიბუტანი-ალექს შიბუტანი (აშშ) - 185,18

ბესიკ ჯანგავაძე ჰელსინკიდან
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული