ქართველი მოციგავეების პირველი გასვლა ინსბურკის ტრასაზე

AutoSharing Option
ქართველმა მოციგავეებმა ავსტრიაში მოზარდებს შორის მსოფლიო თასის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად (26-27 თებერვალი) გამგზავრებამდე, საკმაო მომზადება გაიარეს.

შარშან აგვისტოს ბოლოს დაიწყეს ფიზიკური და სპეციალური მომზადება ბაკურიანში. სპეციალურ ვარჯიშებთან და დატვირთვებთან ერთად გორგოლაჭებიანი ციგებით ასფალტზე ტყის ნაპირას ვარჯიშობდნენ. საციგაო ტრასა ჯერჯერობით ბაკურიანში კვლავ არ არის.

"ნოემბრამდე ასე ვივარჯიშეთ, შემდეგ კი ლატვიაში წავედით და თითქმის დეკემბრის ბოლომდე ვემზადებოდით. იქ იჯარით სპორტული დარბაზი ავიღეთ. დღეში სამჯერ კი ახალბედებს საშუალება ჰქონდათ საციგაო ტრასაზე ევარჯიშათ. ახალი წლის დღეებში კვლავ ბაკურიანში დავბრუნდით.

თუმცა მალევე ლატვიის საციგაო ტრასას
მივაშურეთ. მზადების ეს პროგრამა საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის დახმარებით განხორციელდა", - განაცხადა ჩვენთან საუბარში ავსტრიიდან დაბრუნებულმა მწვრთნელმა ფელიქს ქუმარიტაშვილმა.

ეს პატარა ექსკურსი იმიტომ გაკეთდა, რომ გამოცდილი მწვრთნელისთვისაც კი წარმოუდგენელი იყო ის შედეგი, რაც ქართველმა მოციგავეებმა აჩვენეს ავსტრიაში, ინსბურკის ოლიმპიურ საციგაო ტრასაზე.

ასზე მეტ მონაწილეს შორის ჩვენ ბიჭებს ასპარეზობა უწევდათ ისეთი ქვეყნის მოციგავეებთან, როგორიცაა გერმანია, ავსტრია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, იტალია... ანუ იმ მოციგავეთა გვერდით, რომელთაც საკუთარ საციგაო ტრასებზე ვარჯიშის საუკეთესო პირობები აქვთ.

პირველ ათეულში (ოთხი ადგილი ავსტრიის, სამი გერმანიისა და ერთიც იტალიის წარმომადგენლებმა დაიკავეს) მე-9 ადგილზე ბაკურიანის საჯარო სკოლის VI კლასელი, 11 წლის საბა ქუმარიტაშვილი გავიდა, თანაკლასელმა ლაშა ფერაძემ კი მე-11 ადგილი დაიკავა. საკმაოდ კარგი შედეგებია, მზადების მოკლე პერიოდისა და პირველი ოფიციალური სტარტების კვალობაზე, თანაც მსოფლიო თასის გათამაშებაში.

თავის ასაკში მე-16 შედეგი აჩვენა ასევე ბაკურიანის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლემ, 13 წლის ბექა პოპოვიჩენკომ. ამავე სკოლის IX კლასელი ვიტალი ფერაძე უფროს ასაკში (14-15 წელი) გამოდიოდა. ოფიციალურ ვარჯიშზე მას მშენიერი შედეგები ჰქონდა. მისგან მაღალ შედეგსაც ელოდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, შეჯიბრებაზე ციგა ვერ დაიმორჩილა...

სოფიკო ხეთაგაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული