ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გერმანის ჩემპიონობასთანაც ძალიან ახლოსაა

AutoSharing Option
გერმანული საჭიდაო ბუნდესლიგა დასასრულს უახლოვდება - ორშაბათს პირველი ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა. ვლადიმერ ხინჩეგაშვილის (61) "აალენი" "ისპრინგენს" ესტუმრა, თუმცა ჩვენი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის გარეშე - აალენელებს ის ამჯერად არ მიუწვევიათ.

ხინჩეგაშვილი ეროვნულ ნაკრებში ორ წონაში, 57-სა და 61-ში მოიაზრება (მართალია, საბოლოოდ გადავიდა 61-ში, მაგრამ საოლიმპიადოდ ისევ 57-ში გამოვა, რადგან 61 არაოლიმპიური კატეგორიაა), კლუბში კი მისი წონითი კატეგორია კიდევ უფრო გაურკვეველია - რამდენიმე შეხვედრა 66-შიც ჩაატარა. თუმცა გერმანელებს ის ძირითადად 61 კილოგრამში სჭირდებათ, მაგრამ ამ წონაში ამჯერად ისპრინგენში დაღესტნელი ბეკხან
მანკიევი წაიყვანეს, ვინც იმედები სრულად გაამართლა - ფრუნზე ჰარუთინიანს 8:0 მოუგო.

წინასწარ გეტყვით, რომ შეხვედრა ფრედ დასრულდა - 11:11, თუმცა აალენელებმა იმდენად ძლიერად დაიწყეს, საყაიმო ანგარიშს ძნელად იწინასწარმეტყველებდით. თავიდან მათ ზედიზედ მოიგეს სამი შეხვედრა, რაც მანკიევის გარდა, თურქებმა - აჰმეტ პეკერმა (57) და სალაჰედინ ქილიჩსალაიანმა (66) გააკეთეს. შესაბამისად, გერმანელ ევროპის მედალოსან მარსელ ევალდთან (7:1) და კევინ ჰენკელთან (18:2), ვინც ასევე გერმანელია.

სამაგიეროდ, ამის შემდეგ ჩარხი მათთვის უკუღმა დატრიალდა და მასპინძლებმა შეძლეს ანგარიშის გათანაბრება: დენიზ მენეკსე იასინ იეტერ მუჰამეტთან 1:1-ზე, ბოლო ქულის ფაქტორით დამარცხდა, ჰასან ომაირატემ 0:2 დათმო საქართველოდან ვლადიკავკაზში გადასახლებულ კახაბერ ხუბეჟტისთან, დამიან ჰარტმანი კი კონსტანტინ შნაიდერთან 0:1 დამარცხდა.

პოლონელმა რადოსლავ მარცინკევიჩი აალენელებს ხასიათი გამოუკეთა, 5:0 დაამარცხა რა მიჰაელ კაუფმელი. ეს იყო და ეს - სტუმრებს მეტი შეხვედრა აღარ მოუგიათ. არაბული წარმოშობის გერმანელი რამზინ აზიზსირი შვედ ზაკარიას ბერგს 0:4 დაეჩაგვრინა, ნატურალურმა გერმანელმა ერიკ ტილემ პოლონელ რადოსლავ ბარანთან 1:7 დათმო, ლიტველმა მანტას კნისტაუტასმა კი შვედ იუჰან ეურენთან - 0:2.

თუ მიაქცევთ ყურადღებას, წონების მიხედვით გამარჯვება ისპრინგენელთა მხარესაა - 10 წონიდან 6-ში მათ გაიმარჯვეს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ბუნდესლიგაში გამარჯვებული ტექნიკური ქულებით ვლინდება და არა ამ პრინციპით. იქ ყველა გამარჯვება 1-დან 4-მდე სხვადასხვა შეფასებით ფასდება და აი, სწორედ ეს ქულები იკრიბება ბოლოს (არც კონკრეტული შეხვედრის ქულებს  ენიჭება უპირატესობა). მაგალითად, პეკერის მოგება ევლადთან ტექნიკურად შეფასდა - 2:0, ქილიჩსალაინს 18:2 მოგებისთვის 2 ტექნიკური დაეწერა და ასე შემდეგ. ამ პარამეტრებით ორივე მეტოქეს 11-11 ქულა დაუგროვდა.

ამით "აალენმა" კარგი ფსიქოლოგიური უპირატესობა მიიღო განმეორებითი შეხვედრისთვის, რომელიც 30 დეკემბერს აალენში გაიმართება. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გერმანიის ჩემპიონობასთანაც ძალიან ახლოსაა.

დასასრულ, მეორე ნახევარფინალზეც ვთქვათ, სადაც ქართველები არ ჭიდაობდნენ, თუმცა ფინალში ხინჩეგაშვილის კლუბის მეტოქე კი ირკვევა. ეს შეხვედრაც ორშაბათს გაიმართა და "ნენდინგენი" შინ 8:14 დამარცხდა "ვაინგარტენთან". ამათი განმეორებითი პაექრობაც 30-ში გაიმართება და, ვფიქრობთ, მოჭიდავეებს "მეღვინეთა ბაღიდან" (ქართულად ასე ითარგმნება "ვაინგარტენ") ფინალში გასვლის უკეთესი შანსი აქვთ, რადგან უკვე მშობლიურ "ბაღებში" იჭიდავებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული