გენო პეტრიაშვილი სტუდენტებში იჭიდავებს?

AutoSharing Option
25-30 ოქტომბერს თურქეთის ქალაქ ჩორუმში გაიმართება სტუდენტთა მსოფლიოს XII ჩემპიონატი სამივე სტილის ჭიდაობაში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 800 სტუდენტი მსოფლიოს 34 ქვეყნიდან. ასეთი მასშტაბური ტურნირი ამ პატარა ქალაქის უნივერსიტეტის (რომლის აშენებაც, თურმე, 8 მილიონი დოლარი დაჯდა) სპორტულ დარბაზში ჩატარდება.

იქ თავდაპირველად თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ - 25-26 ოქტომბერს. მომდევნო ორი დღე ქალებს დაეთმობათ, 29-30-ში კი ბერძენ-რომაელები იჭიდავებენ.

ამ 800-კაციან კოჰორტაში საქართველო მცირე დელეგაციით იქნება წარმოდგენილი - მაქსიმუმ, ექვსი კაცით, თუმცა ესეც წინასწარი მონაცემია და არაა გამორიცხული, რაოდენობა შემცირდეს კიდეც. ეს
ტურნირი ჩვენს ჭიდაობის ფედერაციას არც ჰქონდა კალენდარში და არც აფინანსებს არავის, თუმცა რამდენიმე მონაწილემ თავისი ხარჯებით წასვლის სურვილი გამოთქვა.

ბერძენ-რომაელთა შორის ასეთი სამია: მირზა ვანაძე (59), არჩილ თურმანიძე (66) და მურთაზ ჩაბრავა (75).

ასევე სამ კაცზეა ლაპარაკი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის, მაგრამ მათი საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არაა. თურქეთში წასვლის სურვილი ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ევროპის ჩემპიონმა და ოლიმპიურმა პრიზიორმა გენო პეტრიაშვილმაც (125) გამოთქვა, მაგრამ ახლა ყველაზე საჭოჭმანო სწორედ მისი საკითხია - მიზეზთა გამო, ჩვენი ფავორიტი ჯერ კიდევ არაა ჩამოყალიბებული, წავიდეს თუ არა თურქეთში. ის მწვრთნელებსაც მოეთათბირება, მით უფრო, ერთ თვეში მას გაცილებით ძლიერ ტურნირზე - "ევროპის ერთა თასზე" უწევს ჭიდაობა. მწვრთნელებთან მოთათბირების შემდეგ ის გადაწყვეტილებას უახლოეს საათებში მიიღებს, რადგან ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტში განაცხადის დასაზუსტებლად დროც არ ითმენს.

გადაწყვეტილია, რომ "თავისუფალთაგან" ჩორუმში დიმა ბასილაშვილი (70) ნამდვილად იჭიდავებს. წასვლა კიდევ ერთ ფალავანს სურს, მაგრამ მისი საკითხიც ამ დღეებში გაირკვევა.

ორივე გუნდის მწვრთნელის ამპლუაში საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ზაზა ჯიბლაძე მოგვევლინება, რომელიც ჭიდაობის მსოფლიოს ფედერაციის მიერ ტურნირზე არბიტრადაა მიწვეული და ისედაც მიდის თურქეთში, რადგან ეს შეჯიბრება ჭიდაობის გაერთიანებული მსოფლიოს ფედერაციის კალენდარშია შეტანილი და მათი ეგიდით იმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული