საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს თასზე ბრინჯაო მოიპოვა

AutoSharing Option
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ლოს ანჯელესში დამთავრებულ მსოფლიოს თასზე და ჯილდოდ 20 000 დოლარი მიიღო.

რუსეთისა და მონღოლეთის გუნდებთან ჭიდაობის მსგავსად, 13 ივნისს, გამთენიისას, ჩვენმა ნაკრებმა ამერიკელებთან შეხვედრაც ფრედ დაასრულა - 4:4. ანგარიში კვლავ მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა გაათანაბრა, დამატებითი მაჩვენებლების დათვლისას კი გადამწყვეტი ვლადიმერ ხინჩეგაშვილის (57) წმინდა გამარჯვება აღმოჩნდა - ორწუთ-ნახევარში დაამარცხა დანიელ კენგოტი.

მოიგო ბექა ლომთაძემაც (61) - 8:5 ანტონ რამოსთან და ანგარიში 2:0 გახდა ჩვენ სასარგებლოდ. სამწუხაროდ, ამის შემდეგ ჩვენებმა ზედიზედ სამი პაექრობა დათმეს:
ზურაბ იაკობაშვილი
ფრეზე (4:4) დამარცხდა ფრენკ მოლინართან, დავით ტლაშაძემ (70) ტურნირზე პირველი პაექრობა წააგო ჯეიმს გრინთან - 1:10, იაკობ მაქარაშვილი (74) კი ამავე ანგარიშით ალექსანდრ დირინგერმა დაჯაბნა და ამერიკელები წინ გავიდნენ: 3:2.

საერთო ანგარიში დავით მარსაგიშვილმა (86) გაათანაბრა, როცა დენ კოქსს 7:4 მოუგო, თუმცა მასპინძლები მყისვე ისევ წინ გავიდნენ: ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ელიზბარ ოდიკაძემ (97) დიდი ბრძოლა კი გაუმართა მსოფლიოს ჩემპიონ კაილ სნაიდერსს და ფრედაც დაასრულა პაექრობა, 3:3, მაგრამ ეს ანგარიში ამერიკელს აძლევდა ხელს: 4:3 მათ სასარგებლოდ.

ყველაფერი გენო პეტრიაშვილზე იყო დამოკიდებული, ვისაც აუცილებლად უნდა დაემარცხებინა უილიამ რეი. პეტრიაშვილმა ეს მშვენივრად მოახერხა და 6:2 იმარჯვა, რამაც ჩვენს გუნდს წარმატება მოუტანა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მე მგონი, უკვე აშკარაა, ვისი იმედი უნდა ჰქონდეს ქვეყანას ოლიმპიადაზე.. ხინჩეგაშვილის და პეტრიაშვილის-პირველ რიგში. ლომთაძეც კარგია..
მარსაგიშვილმა ამდენი გააცდინა, მაგრამ კლასი თავისას შვრება და იქნებ, ბრინჯაო მაინც მოახერხოს. იმედია, მაგას წაიყვანენ და არა ამინაშვილს.
ენლილ
12:06 13-06-2016
0

სიახლეები პოპულარული