საქართველოს ჩემპიონატი ჭიდაობაში. III დღე: ახალი სიმაღლე

AutoSharing Option
ფოტოზე: ელიზბარ ოდიკაძე და მამუკა კორძაია
სპორტის ახალ სასახლეში დამთავრდა მოჭიდავეთა საქართველოს წლევანდელი ჩემპიონატი, რომელმაც ორგანიზაციულადაც ძალიან მაღალ დონეზე ჩაიარა და სპორტული კუთხითაც საინტერესო გამოდგა - ძველმა ლიდერებმაც დადებითად შეგვახსენეს თავი და ახალი თაობაც წამოვიდა წინ, ჭიდაობის ხარისხიც არ იყო ცუდი; პირიქით, ფალავნებმა უმეტესად კარგი სანახაობა შემოგვთავაზეს.

ცალკე აღსანიშნავია ორგანიზება - სამი დღეა სპორტის სასახლეში ვისმენ, რომ ქვეყნის პირველობა ასეთ დონეზე ჯერ არ ჩატარებულა და ამაში არაფერია გადამეტებული. ბევრი მას 2013 წლის ევროპის ჩემპიონატსაც კი ადარებდა.

ამ ტურნირმა კიდევ ერთხელ
დაგვანახვა, მონდომებას რა შეუძლია, თორემ კარგად გვახსოვს, წინა წლების პირველობები როგორი ჩხუბითა და აყალმაყალით მიდიოდა. თურმე ამ ფედერაციასაც შეუძლია საქმის ხარისხიანად შესრულება, ოღონდ მხოლოდ ამ კუთხით არ გამოუჩენია თავი - მსაჯებს საგანგებო ფორმები შეუკერეს და ყველა არბიტრი ერთნაირი ეკიპირებით გადიოდა ლეიბზე. ასევე სპეციალური ფორმა დაუმზადეს ტექნიკურ პერსონალს, ხოლო მედალოსნებს პრემიები გადასცეს - ჩემპიონები 1.000 ლარით დააჯილდოვეს, ვერცხლისმედალოსნები - 600-ით, მესამეპრიზიორები - 300-300-ით.

იმედია, ჭიდაობის ფედერაცია თამასას დაბლა აღარ დასწევს. მით უფრო, ახლა სპორტის მშვენიერი სასახლე გვაქვს (იმის მიუხედავად, რომ მედიისთვის სამუშაო პირობების მოწყობა, უბრალოდ, გამორჩათ), რომელიც მაღალ ორგანიზაციულ ხარისხს უზრუნველყოფს.

ნაკლებად სენსაციური, მაგრამ არა უსენსაციო
გუშინდელი დღე ნაკლებად სენსაციური გამოდგა, თუმცა ერთი ხმაურიანი მარცხი მაინც გამოერია - "თავისუფალთა" ტურნირში დამარცხდა ევროპული თამაშების მესამეპრიზიორი ჯუმბერ ყველაშვილი (74), რომელიც ცოტნე ივანიშვილთან მოგების შემდეგ ზურაბ ერბოწონაშვილთან დამარცხდა და მოგვიანებით აღარც სანუგეშოში გადასვლის საშუალება მიეცა.

ბერძნულ-რომაულში მეორე წრეში წააგო ევროპის პრიზიორმა სოსო ჯაბიძემ (98) სერგო გოგისვანიძესთან, ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ვლადიმერ გეგეშიძემ (85) - მათე სოფაძესთან.

ამ მხრივ,  "თავისუფალთა" ტურნირი გაცილებით ლოგიკურად წარიმართა, რადგან ორ წონაში ძველმა ლიდერებმა, ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონებმა - ბექა ლომთაძემ (61) და ელიზბარ ოდიკაძემ (97) გაიმარჯვეს, თუმცა ქვეყნის ჩემპიონობა არც 74-ში გამარჯვებული იაკობ მაქარაშვილისთვისაა უცხო.

Sportall.Ge
ფოტოზე: იაკობ მაქარაშვილი და ავთანდილ კენჭაძე

ამ სამეულიდან განსაკუთრებით შთამბეჭდავად ლომთაძემ იჭიდავა, რომელიც შეუჩერებელი იყო - ქუთაისელ ათლეტს მეტოქეები ვერ აჩერებდნენ და ყველა შეხვედრა წმინდად მოიგო. მას ნახევარფინალში ძმა - ლაშა ლომთაძე არ გამოუცხადდა, თორემ თეიმურაზ ვანიშვილს 12:1, ლევან მურცხვანიძეს 10:0, ხოლო ფინალში გიორგი რევაზიშვილს 1.37 წუთში იმავე ანგარიშით აჯობა. მას ყველაფერი გამოსდიოდა და ისე ირჯებოდა, თითქოს ვარჯიშს უტარებდა პატარებს. სავსებით სამართლიანად, ყველაზე ტექნიკური მოჭიდავის პრიზიც მას გადაეცა, რომლისთვისაც თასი ინდოეთში მომუშავე მწვრთნელმა ვლადიმერ მესტვირიშვილმა დააწესა.

აქვე შევნიშნავთ რევაზიშვილის გამოსვლასაც, ვინც ერთ-ერთია შეჯიბრების მიერ წარმოჩენილი ახალი სახეებიდან.

ლომთაძესთან შედარებით, ოდიკაძე გაცილებით "შენელებული" იყო, თუმცა მან წონის ორი ანგარიშგასაწევი ფალავანი დაამარცხა - დავით ქერაშვილი (3:2) და ომარ გუსოშვილი, ვისაც წმინდად მოუგო, 10:0. ამათ გარდა, მან ზვიად მეტრეველს (4:0), ბექა გოგიჩაშვილს (13:2) და ფინალში მამუკა კორძაიასაც მოუგო - 2:1.

კორძაია ახალგაზრდებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია და დაძაბული ბრძოლაც გაუმართა ოდიკაძეს, რომელიც თავს არ იჯაფავდა და კარგად "კეტავდა" მეტოქეს. მეორე წუთის ბოლოს ოდიკაძემ 2-ქულიანზე გადაიყვანა კორძაია და მერე კარგად იცავდა თავს. შეხვედრის ბოლოს აშკარად ტაქტიკურ გათვლებზე წავიდა და სრულიად შეგნებულად მიიღო პასიურობისთვის ერთქულიანი ჯარიმა.

მაქარაშვილმაც დაძაბული პაექრობა მოიგო ავთანდილ კენჭაძესთან. იმდენად დაძაბული, რომ ამას მისი საჭიდაო სამოსიც კი შეეწირა და გამოსაცვლელი გაუხდა. კენჭაძეს მადლობის მეტი არაფერი ეთქმის - ის ჯერ კიდევ ახალგაზრდული ნაკრების წევრია, თან შარშან 65-ში ჭიდაობდა, ახლა კი ორი წონის გამოტოვებით იასპარეზა და მაინც ფინალში გავიდა, თუმცა მაქარაშვილმა გამოცდილებით, კლასით აჯობა - 4:3. კენჭაძე თავსაც კარგად იცავდა და შესვლებიც გამოსდიოდა, მაგრამ იყო შემთხვევა, როცა ლეიბიდან აყვანილი ვერ გადააგდო და, პირიქით, მაქარაშვილმა გადააგდო კონტრშეტევით - ესეც გამოუცდელობის ბრალია, მომავალმა ჩემპიონმა კი შანსი სრულად გამოიყენა.

"ბერძენ-რომაელთა" ტურნირი უფრო იმით დაგვამახსოვრდა, რომ ახალი თაობის ფალავნებმა გაიმარჯვეს.

უფრო თვალსასეირო პაექრობაც იმ წყვილმა გააჩაღა, სადაც ორივე ფალავანი ახალი თაობიდან იყო - ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონმა რევაზ ნადარეიშვილმა (98) კლასით აჯობა იმავე ასაკში ევროპის ორგზის გამარჯვებულ ვასილ იმერლიშვილს - 2:1, რობერტ კობლიაშვილმა კი ამჯერად აისრულა საწადელი და სოფაძეს 2:2-ზე იმის დამსახურებით მოუგო, რომ აქტივში ორქულიანი გდება ჰქონდა. ისე, სოფაძემ ეს წაგება საკუთარ თავს უნდა დააბრალოს, რადგან ორჯერ ჩოქბჯენიდან ვერ დაატრიალა მეტოქე, მეორედ კი ეს ზედ ბოლო წამებზე მოხდა.

ოლიმპიური კატეგორია დააჭაშნიკა ევროპის პრიზიორმა გიორგი ცირეკიძემ, ვინც 80-დან 85-ში აინაცვლა და ბრინჯაოსაც დაეუფლა.

Sportall.Ge
ფოტოზე: მათე სოფაძე და რობერტ კობლიაშვილი

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
85 კგ
1. რობერტ კობლიაშვილი (გარდაბანი)
2. მათე სოფაძე (ბაღდათი, ორც)
3. ვლადიმერ გეგეშიძე (აჭარა)
3. გიორგი ცირეკიძე (ქუთაისი)

98 კგ
1. რევაზ ნადარეიშვილი (თბილისი)
2. ვასილ იმერლიშვილი (რუსთავი)
3. ლევან ყუფარაშვილი (გარდაბანი)
3. მიხეილ ქაჯაია (წყალტუბო)

თავისუფალი ჭიდაობა
61 კგ
1. ბექა ლომთაძე (ქუთაისი)
2. გიორგი რევაზიშვილი (მცხეთა)
3. შოთა ფარტენაძე (აჭარა, ორც)
3. ლაშა ლომთაძე (ქუთაისი).

74 კგ
1. იაკობ მაქარაშვილი (თბილისი)
2. ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური, ორც)
3. ტარიელ გაფრინდაშვილი (თბილისი)
3. ზურაბ ერბოწონაშვილი (საგარეჯო, ორც).

97 კგ
1. ელიზბარ ოდიკაძე (თბილისი)
2. მამუკა კორძაია (აჭარა)
3. ვაჟა ომარაშვილი (მცხეთა)
3. ზვიად მეტრეველი (ონი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული