10-წლიანი ლოდინის შემდეგ - ჩემპიონმა ჩემპიონი გამოზარდა [VIDEO]

AutoSharing Option
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57) მსოფლიოს ჩემპიონია!

ნუგზარ სხირელის
აღზრდილმა გორელმა ფალავანმა საწადელი 13 სექტემბერს, ლას ვეგასში აისრულა, როცა მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გავიდა პლანეტის პირველობის ფინალში, იქ კი უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში ირანელ მსოფლიოს ჩემპიონ ჰასან რაჰიმის ბოლო 13 წამში გამოჰგლიჯა გამარჯვება ხელიდან - 5:4 მოუგო.
იხილეთ ფინალური შეხვედრის ვიდეო
Sportall.Ge
იხილეთ დაჯილდოვების ვიდეო
Sportall.Ge

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციას 8 წელიწადია, მსოფლიოს ჩემპიონი არ ჰყოლია, "თავისუფალთა" ნაკრები კი ზუსტად 10 წელიწადი ელოდა ამ ტიტულს - ნიშანდობლივია, რომ მსოფლიოს ჩემპიონი ბოლოს 2005
წელს ეროვნული ნაკრების ახლანდელი მთავარი მწვრთნელი რევაზ მინდორაშვილი გახდა, რომელმაც პლანეტის უძლიერესის წოდება ახლა ხინჩეგაშვილს მოაპოვებინა!

ვფიქრობთ, "მიულერას ბიჭმა" ამ გამარჯვებით მამის ხსოვნასაც სათანადო პატივი მიაგო - თავადაც მოჭიდავე მამა ხომ შვილის ფალავნობაზე ოცნებობდა, მაგრამ ამას ვერ მოესწრო.

ახლა ხინჩეგაშვილის კოლექციას მხოლოდ ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული აკლია. არადა, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის წინ მან ძალზე სერიოზული მესიჯი გაუგზავნა მსოფლიოს და ბრაზილიაშიც უმთავრეს ფავორიტად ჩავა. თუმცა ვნახოთ, შეძლებს თუ ვერა ზედიზედ მეორე ოლიმპიადის ფინალში გასვლას, როგორც ეს მსოფლიოს ჩემპიონატზე გააკეთა.

ლას ვეგასში საქართველოს ნაკრებმა კიდევ ორი მედალი, ორივე ბრინჯაოსი მოიპოვა ანუ სამი ჯილდოთი დაასრულა გამოსვლა, რასაც ოთხი ლიცენზიაც ემატება. მსოფლიოს მესამე პრიზიორები სანდრო ამინაშვილი (86) და გენო პეტრიაშვილი (125) გახდნენ, ამათთან ერთად კი საგზური ელიზბარ ოდიკაძემაც (97) მოიპოვა, ვინც მეხუთე ადგილზე გავიდა. მეშვიდეზე დაასრულეს გამოსვლა ბექა ლომთაძემ (61) და დავით ტლაშაძემ (70).

საინტერესოა, რომ მედალოსანთა სამეულიდან ხინჩეგაშვილი და პეტრიაშვილი გორელები არიან, თან ორივეს სხირელი ავარჯიშებს. ის ამჯერად პირადად ესწრებოდა მსოფლიოს ჩემპიონატს და შეგირდებსაც ეჯდა სეკუნდანტად, თუმცა ბოლოს მსაჯთან კამათისთვის ყვითელი ბარათი მიიღო.

ამინაშვილი თბილისელია და მას ევროპის ჩემპიონი ემზარ ბედინეიშვილი ავარჯიშებს.

ბერძენ-რომაელთაგან განსხვავებით, "თავისუფალთა" შედეგი ნამდვილად კარგია. მით უფრო, როცა ოქროს მედალიცაა, თუმცა გარკვეული ფალავნების ჭიდაობა გაცილებით უკეთესის სურვილს ტოვებდა. უპირველესად, ეს პეტრიაშვილზე ითქმის, რომელსაც გაცილებით მეტი შეუძლია და ახლაც, მინიმუმ, ფინალში მაინც უნდა გასულიყო.

გონიერი ხინჩეგაშვილი
ხინჩეგაშვილის ჩემპიონობა ხომ თავისთავად გასახარია, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მისი დაკვირვებული, უაღრესად ჭკვიანური ჭიდაობა გვგონია - ბოლო წლებში იშვიათად თუ გვახსენდება ასე აზრიანად მოასპარეზე ქართველი ფალავანი, ასე გონივრულად წარმართული ტურნირი.

პირველ წრეში იტალიელ სალვატორე მანინოსთან, გეგონებოდათ, წაივარჯიშაო, ისე თავისუფლად აგებებდა ნაირ-ნაირ კონტრმოძრაობებს, თითქოს ვარჯიშზე ახალ ფანდებს ამუშავებდა - ჯერ იყო და, ხელი დაუჭირა კარგად, როცა ის მოგვერდის მსგავს მოძრაობას ასრულებდა, და დაბლა ჩაყვანით ანგარიში გახსნა - 2:0, მალე კი ფანდზე შესვლის მცდელობა დაუბლოკა და ისევ ჩააგდო - 4:0. პერიოდის დასასრულს უკვე მოძრაობაზე დაიჭირა და კიდევ ორი ქულა დაიმატა, შესვენების შემდეგ კი მარტივად შევიდა ფეხში, ჩოქბჯენში გადაიყვანა და თან დაატრიალა - 10:0.

ბულგარელ გეორგი ვანგელოვთან თავიდან ერთი ქულით ჩამორჩა, რადგან მეტოქემ გარეთ გაიყვანა, თუმცა ყველაფერი უსწრაფესად დაუბრუნა ლოგიკას - ფეხში ორჯერ შესვლით 4 ქულა დააგროვა, მერე კი ზურგიდან შემოვლით დაბლა ჩაიყვანა - 6:1 მოუგო.

მეოთხედფინალში ყაზახ არტააშ სანაასთან უკვე გაცილებით ძლიერი პაექრობა შემოგვთავაზა. სანაა ციმბირელია და ყაზახეთში გადასვლამდე რუსეთის ღირსებას იცავდა, წინა ორთან შედარებით ძლიერია და ილეთზე შემსვლელიცაა. ხინჩეგაშვილმა მასთან საქმის ძირითადი ნაწილი პირველ პერიოდშივე მოამთავრა - 3:0 მოიგო.

თავდაპირველად მეტოქე უხეშობისთვის ქულა-გაფრთხილებით დასაჯეს, მერე კი მისთვის ჩვეული ჩახლართული ჩოქბჯენიდან დიდი ხნის ჯაჯგურის შემდეგ 2-იანზე გადააგდო. მეორე პერიოდში თითქოს იმდენად აღარ უტევდა. თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ ანგარიშის შენარჩუნებაზე დაიწყო ზრუნვა, მაგრამ სამჯერ კი შეუშვა ფეხში. ოღონდ პასიურ დაცვაში არც თავად ყოფილა და სწორედ აქ გამოავლინა ჭკვიანური მოქმედება - ყოველთვის წრიდან გადიოდა, რათა თუ რამე, მხოლოდ ერთი ქულა დაეკარგა. თუმცა ის ოდიკაძის მსგავსად, ამ პოზიციაში თავსაც კარგად იცავს - როგორც კი მეტოქე ფეხში შევა, შემოტრიალებით იმავე ფეხზე ჩაჯდება და თავად ცდილობს მის გადაყვანას. სანაასთან სამიდან ორჯერ ამან გაუმართლა - პირველად თვითონ შემოუტრიალდა და იქით გადაიყვანა 2-იანზე, მესამედ გდება კი დაანება, მაგრამ თვითონაც ამოუძვრა და მორიგი 2 ქულა მიითვალა. ამ შესვლებით სანაამ უდანაკარგოდ მხოლოდ ერთხელ ისარგებლა, პაექრობა კი ჩვენებურმა 7:5 მოიგო.

ხინჩეგაშვილმა ნახევარფინალში მონღოლ ბეკბაიარ ერდენებატს კიდევ უფრო იოლად მოუგო - შესაშური იყო, როგორი წარმატებით უბლოკავდა მას მაჯებს, როგორ ეკვროდა ჯვარზე და ანეიტრალებდა მის შეტევებს. სწორედ ამ პოზიციიდან შესთავაზა ტექნიკური სიახლეც, როცა ასე ჩაჭიდებულმა დგომიდან თავს უკან 2-ქულიანზე გადაისროლა - ის ამას ადრეც აკეთებდა, მაგრამ აქ სხვასთან არ გამოუყენებია. მალევე მას შესვლა დაუბლოკა და იქით გადაიყვანა, ბოლოს კი ფეხშიც წარმატებით შეუხტა - 6:0.

ქართველმა მონღოლთან კიდევ ერთხელ გამოავლინა კარგი თვისება - სწორედ მესამე გდების მერე ფეხებით ჯვარზე დაიჭირა, მაგრამ დატრიალებაზე დიდად არც უზრუნია, უბრალოდ, შეტევის იმიტაციით ეჭირა ასე და წუთზე მეტი დრო მოიგო - ეს ჩოქბჯენში ტაქტიკური ჭიდაობის კარგი მაგალითი იყო.

ფინალი ყველაზე მეტად გაუჭირდა ირანელთა მსოფლიოს ჩემპიონ რაჰიმთან, ვისთანაც თავიდან პასიურობისთვის 30-წამიანი საჯარიმო დრო ჩაურთეს და რაკი ქულა ვერ გააკეთა, 0:1 ჩამორჩა. მესამე წუთის შუაში პოზიციურად გვარიანად იომა - ლამის ლეიბზე გართხმული შევიდა ფეხში, წამოსწია და გადააგდო, რისთვისაც მსაჯებმა მხოლოდ ერთი ქულა მისცეს.

ანგარიში კი გათანაბრდა - 1:1, მაგრამ მინდორაშვილმა გააპროტესტა, რაც არ დააკმაყოფილეს და ისევ ირანელი დაწინაურდა: 2:1.

ამ შეხვედრაში რამდენჯერმე იყო ეპიზოდები, როცა მეტოქეები ლამის აკრობატული ნახტომებით გაექცნენ ერთმანეთს ფეხში შესვლიდან, თუმცა მეხუთე წუთისთვის რახიმიმ მაინც მიაღწია საწადელს და დაბლა გადაიყვანა: 1:4. ამ დროს უკვე ბევრს საქმე მოთავებული ეგონა და ლეიბზე დაცემულმა ხინჩეგაშვილმაც თავი ხელებში ჩარგო.

საბედნიეროდ, ფარ-ხმალი არ დაყარა და შეტევა გააგრძელა. ბოლო წუთზე ირანელი კიდევ ერთხელ შევიდა ფეხში, მაგრამ ზემოხსენებული ჩაჯდომით ამოუძვრა - 3:4.

სასტვენამდე სულ რაღაც 13 წამი რჩებოდა, როცა ხინჩეგაშვილმა ბოლო შეტევა წამოიწყო - ფეხში კარგად შეუხტა და ლეიბზე ჩაიყვანა, რაც გამარჯვებას ნიშნავდა - 5:4...

მოგვიანებით ინტერნეტში გავრცელდა გასახდელში გადაღებული ვიდეო, სადაც რაჰიმი ტირის და ერთხელ გამეტებითაც იტკიცა ხელი, მწვრთნელი რასულ ხადემი კი ვერაფრით აწყნარებს.

პეტრიაშვილის დრამა
პეტრიაშვილმა მეორედ მოიპოვა მსოფლიოს ბრინჯაო. არადა, ამჯერად წილისყრამაც გაუმართლა და ფინალში გასვლა მართებდა კიდეც.

მან კანადელ კორეი იარვისს ფეხში შესვლებით მალევე მოუთავა ხელი (10:0), მერე კი საოცარი პაექრობა მოუგო 2013 წელს უკრაინელთა ევროპისა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ალან ზასეევს (მაშინ გენომ ორივე ტურნირზე მასთან წააგო და მესამეზე დარჩა) - პირველი პერიოდი 0:8 წააგო, მეორეში კი 16:8 აჯობა.

პირველი პერიოდის შემდეგ ამის წარმოდგენა ძალიან ძნელი იყო, მაგრამ გორელმა ფალავანმა ძირითადად ფეხში შესვლებით (თუმცა რამდენჯერმე ილეთიც დაუხურა მეტოქეს) სიქა გააძრო ზასეევს, რომელიც ისედაც ვერ იყო ფორმის პიკში, ხოლო ამ შეხვედრაში ფეხზე ვეღარ იდგა დაღლილობისგან.

თუმცა ლას ვეგასში პეტრიაშვილიც გვარიანად დაიღალა. მით უფრო, მესამე ეტაპზე ყირგიზმა აიაალ ლაზარევმა მძიმე ბრძოლა გაუმართა. არადა, ის არ მიიჩნეოდა ფავორიტებში, თუმცა უნგრელი ევროპის პრიზიორი დანიელ ლიგეტი კი დაამარცხა და ქართველსაც ქანცის გამწყვეტი ბრძოლა გაუმართა. პეტრიაშვილი ფეხიდან აყვანებით 3:0 დაწინაურდა, მაგრამ მერე ყირგიზმა ერთბაშად 10 ქულა აკრიფა... ჩვენებური მეორე პერიოდში გამოფხიზლდა, 4-იანი გდებაც გააკეთა და საბოლოოდ 16:12 იმარჯვა.

თუმცა რაც ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ჯამალედდინ მაგომედოვთან მოხდა, საშინელ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდით. არადა, მაგომედოვს პეტრიაშვილიც და ჩვენი სხვა მძიმეწონოსნები ახალგაზრდებშიც და დიდებშიც წინა წლებში ათრევდნენ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით... თან, რაც ზასეევი ჩამოიშორა, მისი შემჩერებელი არავინ ჩანდა, მაგრამ მაგომედოვმა მწარე ალიყური გვტკიცა: მისვლისთანავე ორივე ფეხის დაჭერით ჩოქბჯენში ჩაიყვანა, სადაც ზედიზედ ოთხჯერ დაატრიალა და სულ რაღაც 57 წამში 10:0 მოგვიგო...

სულაც არ გვინდა პეტრიაშვილს გული ვატკინოთ, პრეტენზიები უფრო მწვრთნელებთან გვაქვს, მაგრამ მძიმე წონაში ასე საშინლად მხოლოდ რუსი ბილიალ მახოვი დამარცხდა, მან ნახევარფინალში 54 წამში 0:10 წააგო თურქთა მომავალ ჩემპიონ ტაჰა აკგულთან.

სამწუხაროდ, პეტრიაშვილი კვლავაც ერთფეროვნად ჭიდაობს - ფეხში ხელით შესვლით, სხვა ილეთებს კი ვერ ვხედავთ. ამასთან, ამ ტურნირზე ვერც ფიზიკურად იყო კარგად მომზადებული - ჩოქბჯენიდან ვერ ატრიალებდა მეტოქეებს, იმავე ზასეევთან კი სამჯერ იყო მომენტი, როცა ფეხიდან აყვანილი ვერ გამოცერა.

ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ქართველმა დამაჯერებლად კი დაამარცხა მონღოლი ჩულუუნბატ ჯარგალსაიხანი - 11:0, მაგრამ ეს ამ წილისყრაში ცოტაა. როგორც შევიტყვეთ, მან აკლიმატიზაცია ვერ გაიარა, თუმცა ძალიან ბევრი შეუძლია და ძალზე ცუდია, შესაძლებლობებს ბოლომდე რომ ვერ ავლენს.

იმედია, მწვრთნელები დასკვნებს გამოიტანენ და ბევრად უფრო შედეგიანად ავარჯიშებენ, უფრო მრავალფეროვნად აჭიდავებენ, თორემ ოლიმპიადაზე გაგვიჭირდება.

ბრინჯაოს ამინაშვილი
პეტრიაშვილი და ამინაშვილი წლეულს ერთნაირად ასრულებენ სეზონს - ევროპულ თამაშებზეც ბრინჯაო მოიპოვეს და მსოფლიოზეც. ამინაშვილმა დამამშვიდებლის ფინალში აზერბაიჯანელი მაგომედ ხატიევი დაამარცხა, თუმცა მეტოქემ პირველივე პერიოდში ორთაბრძოლა შეწყვიტა, რადგან ნახევარფინალში მიღებული ტრავმა გაუმიზეზდა - ბეჭი ამოუვარდა. ამ დროს ქართველი 0:1 აგებდა.

ამინაშვილმა ბაქოში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა ამჯერად ვერ იყო ისეთივე ფორმაში.

ამინაშვილი ძირითად ბადეში თურქ სელიმ იაშართან 0:2 დამარცხდა, ვინც სინამდვილეში, რუსეთიდან გადასული ინგუში კალოი კორტოევია - ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი. ჩვენებურმა ორივე ქულა პასიურობისთვის დაკარგა, როცა საჯარიმო დრო ჩაურთეს, მაგრამ შანსი ვერც ერთხელ ვერ გამოიყენა.

მანამდე ქართველმა ფალავანმა ამერიკელ ჯონ ჰერბერტს დამაჯერებლად, 6:1 მოუგო, დამამშვიდებელში კი პუერტორიკოელ ხაიმე ესპინალს 5:1 აჯობა. შეგახსენებთ, რომ ეს ის ფალავანია, რომელმაც ლონდონის ოლიმპიადაზე დავით მარსაგიშვილს აჯობა, ამინაშვილმა კი სანუგეშოში მეორე შეხვედრა ვენესუელელ პედრო ფრანსისკო ფუენტე ცებალოსს 5:3 მოუგო და დამამშვიდებლის ფინალში გავიდა ხატიევთან საჭიდაოდ.

ოდიკაძის დასანანი მარცხი
ევროპული თამაშების წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი ოდიკაძე ბრინჯაოსთვის შეხვედრაში აზერბაიჯანელთა მსოფლიოსა და ევროპის რამდენიმეგზის ჩემპიონთან, ორგზის ოლიმპიურ პრიზიორ ხეტაგ გოზიუმოვთან 1:4 დამარცხდა, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, უფრო თვითონ წააგო ეს შეხვედრა - მეორე პერიოდის დაწყებისთანავე დგომში ილეთზე შედიოდა, მაგრამ შებერებულმა მეტოქემ სისწრაფეში დაასწრო, დაეტაკა და გადააგდო, რაც მსაჯებმა 4 ქულად შეაფასეს.

სამწუხაროდ, ჩვენმა ფალავანმა ამ სხვაობის გაბათილება ვერ შეძლო, რადგან მეტოქემ ერთხელაც არ შეუშვა ფეხში და ვერც პასიურობას დავწამებთ... ოდიკაძემ ის ერთი ქულა პირველ პერიოდში მოიპოვა, როცა გოზიუმოვს სწორედ პასიურობისთვის 30-წამიანი საჯარიმო დრო ჩაურთეს, მაგრამ უქულოდ დარჩა. ამის შემდეგ მეტოქემ ტემპს მოუმატა და მიზანსაც მიაღწია, თუმცა ჩვენებურის ის ერთი შეცდომა რომ არა, მას ილეთის ჩატარების სხვა რეალური შანსი არც ჰქონია.

ოდიკაძე ნახევარფინალში წონის მეორე ლიდერთან, რუსთა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ აბდუსალამ გადისოვთან 2:7 დამარცხდა. ვფიქრობ, ჩვენი ფალავანი თავიდან ცოტა შებოჭილი იყო და ზედმეტად ფრთხილად ირჯებოდა, თორემ როგორც ბოლოს შეუტია, ისევე რომ ემოქმედა, იქნებ სხვა ანგარიში მიგვეღო. ნახევარფინალამდე ქართველმა ფალავანმა მშვენივრად იასპარეზა: არგენტინელი იური ალექსეი ჰორაციო მაიერი წმინდად, 10:0 დაამარცხა, კანადელ არიუნ სინგჰ ჟილს 5:3 მოუგო, სამხრეთკორეელ ჯაეგან კიმს კი 4:2 აჯობა.

ბრინჯაოს მოპოვების ჩინებული შანსი დაკარგა ბექა ლომთაძემ (61), რომელიც ძირითად ბადეშიც მონღოლთა მომავალ ფინალისტ ნომინ ბატბოლდთანაც საკუთარ ილეთზე დამარცხდა და დამამშვიდებელშიც - ინდოელ ბაჯრანგ ბაჯრანგთან. არადა, ორივეს უგებდა, შესაბამისად, 4:0 და 6:3. ჩვენებურს თავისუფლად შეეძლო, უფრო დაკვირვებით, უფრო მომზადებულად შესულიყო ფანდზე, რაც ასე ძვირად დაუჯდა. ტლაშაძეც და ევროპული თამაშების მესამე პრიზიორი ჯუმბერ ყველაშვილიც (74) ირანელებთან დამარცხდნენ, შესაბამისად, ჰასან ალიაზამ იაზდანიჩარატისთან (0:6) და ალირეზა გასემისთან (2:3). ამათგან ფინალში მხოლოდ იაზდანიჩარატი გავიდა და დამამშვიდებელში ტლაშაძე გადავიდა, მაგრამ ბულგარელ მიროსლავ კიროვთან 2:6 წააგო.

მსოფლიოს ჩემპიონატი. თავისუფალი ჭიდაობა. კვარცხლბეკი
57 კგ.
1. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (საქართველო)
2. ჰასან რახიმი (ირანი)
3. ბეკბაიარ ერდენებატი (მონღოლეთი), ვიქტორ ლებედევი (რუსეთი).

61 კგ.
1. ჰაჯი ალიევი (აზერბაიჯანი)
2. ნომინ ბატბოლდი (მონღოლეთი)
3. ვლადიმირ დუბოვი (ბულგარეთი), ვასილ შუპტარი (უკრაინა)
7. ბექა ლომთაძე (საქართველო).

70 კგ.
1. მაგომედრასულ გაზიმაგომედოვი (რუსეთი)
2. ჰასან ჩარატი იაზდანი (ირანი)
3. იაკუპ გორი (თურქეთი), ჯეიმს გრეენი (აშშ)
7. დავით ტლაშაძე (საქართველო).

74 კგ.
1. ჯორდან ბაროუზი (აშშ)
2. უნურბატ პურევჯავი (მონღოლეთი)
3. პანჩაი ნარსინგ იადავი (ინდოეთი), ანიუარ გედუევი (რუსეთი)
9. ჯუმბერ ყველაშვილი (საქართველო).

86 კგ.
1. აბდულრაშიდ სადულაევი (რუსეთი)
2. სელიმ იაშარი (თურქეთი)
3. სანდრო ამინაშვილი (საქართველო). ალირეზა მოხამად კარიმანჩიანი (ირანი)

97 კგ.
1. კაილ სნაიდერი (აშშ)
2. აბდუსალამ გადისოვი (რუსეთი)
3. ხეტაგ გოზიუმოვი (აზერბაიჯანი), პავლო ოლეინიკი (უკრაინა)
5. ელიზბარ ოდიკაძე (საქართველო).

125 კგ.
1. ტაჰა აკგული (თურქეთი)
2. ჯამალედდინ მაგომედოვი (აზერბაიჯანი)
3. გენო პეტრიაშვილი (საქართველო), ბილიალ მახოვი (რუსეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ამდენი შეჯიბრებები სულ ცოტა სამი ოქრო მაინც უნდა მოიგოთ.. არაა კარგად მომზადებული მთელი საჭიდაო ფედერაცია.. არ მომწონს შედეგი..
0
პეტრიაშვილმა ალბათ ფურთხებას და კვერცხების სროლას გადააყოლა ენერგია
0

სიახლეები პოპულარული