გენო პეტრიაშვილი ტატამს უბრუნდება

AutoSharing Option
გადაწყდა თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის გამართვის თარიღი - ის 29-30 აპრილს ჩატარდება გლდანში, ჯემალ ცერცვაძის სახელობის ხელბურთის დარბაზში.

დასამალი არაა, რომ ნაკრების ხელმძღვანელობამ ასე გვიან ერთი მიზეზით გადასწია შიდა პირველობის ვადები - მძიმეწონოსან გენო პეტრიაშვილის დისკვალიფიკაციის დასრულებას ელოდებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი მძიმეწონოსანი შარშან ზაგრებში, მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობაზე ჩავარდა, როცა სისხლში აკრძალული ტრიმეტაზიდინის კვალი აღმოუჩინეს.

ამ ნივთიერებას კი ჩვეულებრივი მოხმარების პრეპარატი - პრედუქტალი შეიცავდა, რომელსაც სპორტსმენი რეგულარულად იღებს. მთელი უბედურება ის იყო, რომ უვიზობის გამო გუნდს ზაგრებში ექიმი ვერ გაჰყვა, რომელსაც
სპეციალურ ანკეტაში უნდა ჩაეწერა ამ წამლის შესახებ, მწვრთნელებმა კი ეს არ იცოდნენ და, შესაბამისად, არც არავინ დააფიქსირა.

ეს წამალი პეტრიაშვილს შარშან ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზეც ჰქონდა დალეული, მაგრამ მაშინ ექიმმა ანკეტა სათანადოდ შეავსო და არც პრობლემა შექმნილა. კიდევ კარგი, მსოფლიოს ფედერაციამ ჩვენი მდგომარეობა გაითვალისწინა და დიდი შეღავათი გაგვიწია - 2-წლიანი დისკვალიფიკაციის ნაცვლად მხოლოდ 6 თვით ჩამოაშორეს ჭიდაობას, ეს ვადა კი 28 აპრილს დასრულდება.

წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ჩემპიონატში ქვეყნის ყველა უძლიერესი ფალავანი გამოვა, ყველაზე საინტერესო ბრძოლებს კი მძიმე წონაში უნდა ველოდოთ, სადაც 3 ტიტულოვანი ფალავანი იჭიდავებს: მსოფლიოს პრიზიორი და ლონდონის ოლიმპიადის ფინალისტი დავით მოძმანაშვილი, ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ფინალისტი გიორგი საკანდელიძე და თავად პეტრიაშვილი, ვინც 21-წლამდელების გარდა, უკვე უფროსებშიც მოასწრო ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე ბრინჯაოს მედლების მოპოვება.

პეტრიაშვილზე რა გითხრათ - დისკვალიფიკაციის გარდა, მთელი შემოდგომა არსად უჭიდავია, იმ ორს კი ჩინებული სეზონი ჰქონდა - აქეთ საკანდელიძემ გადათელა ყველა და ყველაფერი გერმანიის ბუნდესლიგაში და "ნენდინგენს" ჩემპიონობის ზედიზედ მეორედ მოპოვებაში ფასდაუდებელი სამსახური გაუწია, იქით კი მოძმანაშვილმა იყოჩაღა საერთაშორისო ტურნირებში. ისინი ბოლო შეჯიბრებაზე ერთმანეთსაც შეხვდნენ - მინსკში, მედვედის თასზე, სადაც მოძმანაშვილმა იმარჯვა და მერე ჩემპიონიც გახდა.

ჩვენებს და კონკრეტულად, პეტრიაშვილს გაუმართლათ იმ მხრივ, რომ წლეულს ევროპის ჩემპიონატი არ ტარდება, მას ივნისში ბაქოში გასამართავი პირველი ევროპული თამაშები ჩაანაცვლებს.

კონტინენტის პირველობა ადრე მუდამ აპრილის პირველ ნახევარში ტარდებოდა, ზოგჯერ კი სულაც მარტის ბოლოს იწყებდნენ შეჯიბრებას - წლეულსაც ასე რომ მოქცეულიყვნენ, პეტრიაშვილი ვერ მოასწრებდა დისკვალიფიკაციის ამოწურვას და ამ მნიშვნელოვანი შეჯიბრების გამოტოვება მოუწევდა.

როგორც გითხარით, ასე არ მოხდა, ოღონდ, ძიუდოისტებისგან განსხვავებით, მოჭიდავეებმა იმთავითვე, ჯერ კიდევ შარშან იუარეს ევროპის ჩემპიონატის ჩატარება.

"თავისუფლებისგან" განსხვავებით, "ბერძენ-რომაელებს" ადრევე ჰქონდათ გარკვეული შიდა პირველობის თარიღი - ის ამ ტურნირზე ერთი კვირით ადრე, 21-22 აპრილს იმავე დარბაზში ჩატარდება. წინასწარი მონაცემებით, იქაც ყველა უძლიერესი ფალავანი იასპარეზებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
არც ტატამი არც ხალიჩა! ლეიბი!!!
გურუLO
19:08 09-04-2015
0
ტატამს არა ხალიჩას უბრუნდება. ტატამი ძიუდოშია.
aleqsandre
15:52 09-04-2015
0

სიახლეები პოპულარული