ჭიდაობაში ნოვატორული იდეების განხორციელება გრძელდება

AutoSharing Option
ჭიდაობის მსოფლიოს გაერთიანებული ფედერაცია აგრძელებს ნოვატორულ იდეებს - წესებში შეტანილი არაერთი ცვლილების შემდეგ, რამაც სპორტის ამ სახეობას მართლაც დაუბრუნა დინამიკურობა და სილამაზე, ახლახან მისი პრეზიდენტი ნენად ლალოვიჩი დაეთანხმა ევროპული ფედერაციის იდეას და გაისად, 23-29 მარტს ვარშავაში პირველად ჩატარდება ევროპის პირველობა 23 წლამდე მოჭიდავეთა შორის.

თუმცა გაუგებარია, რატომ ითვლის ამას აქტივში მსოფლიოს ფედერაცია, როცა ინიციატივა მის ევროპულ ქვეშევრდომს ეკუთვნის. მათ შორის ფუნქციები, ცოტა არ იყოს, აღრეულია და ზოგადად, ძიუდოსგან თუ სპორტის უმეტეს სახეობათაგან განსხვავებით, ჭიდაობაში რეგიონული ფედერაციები ნომინალურად არსებობენ - პრაქტიკულად,
მათ არანაირი ფუნქცია, არანაირი უფლება არ გააჩნიათ და ყველაფერს მაინც მსოფლიოს ფედერაცია აკეთებს; რეგიონულების შემხედვარეს კი შეუძლებელია არ გაგახსენდეს გამოთქმა "გვირგვინი - მკვდარზე".

თვით ევროპის ჩემპიონატსაც კი, როგორც სხვა კონტინენტებისას, მსოფლიოს ფედერაცია ატარებს, ხოლო ევროპისას არაფერი ეკითხება, ის უმეტესად ქაღალდზე არსებობს.

არადა, რეგიონულებს უფრო მეტი დატვირთვა, მეტი უფლებები რომ მისცენ, ვგონებთ, უფრო წაადგება ჭიდაობის განვითარებას. თუმცა ამ შემთხვევაში მსოფლიოს გაერთიანებული ფედერაცია ფინანსების დიდ ნაწილს დაკარგავს. სავარაუდოდ, ამ ჩახლართული სისტემის მიზეზიც ესაა.

როგორც ვხედავთ, ჭიდაობაც ძიუდოს გზით წავიდა - ფინანსური პრობლემების გამო ჩვენები არ გამოდიან, თორემ იქ უკვე რამდენიმე წელიწადია, ტარდება 23-წლიანთა ევროპის ჩემპიონატი.

სხვათა შორის, ამ შეჯიბრების დაარსება ლალოვიჩმაც იმავე მიზეზით ახსნა, რითაც თავის დროზე - ძიუდოისტებმა: ამით შანსი იმ ფალავნებს ეძლევათ, რომლებმაც დაამთავრეს ახალგაზრდებში გამოსვლა, მაგრამ ჯერ ვერ ხვდებიან ეროვნულ ნაკრებში, ეს მათთვის დამატებითი შანსიაო.

ამ შეჯიბრებით ევროპულმა ფედერაციამ გაზაფხულის პაუზა შეავსო. მოგეხსენებათ, გაისად, აპრილში ევროპის პირველობა უფროსთა შორის არ ტარდება, რადგან ივნისში ბაქოში ევროპული თამაშები იმართება, რომლის პროგრამაში ჭიდაობაც შედის. საგაისო ევროპირველობის ალტერნატივაც ის იქნება.

მსოფლიოს ფედერაციამ 23-წლიანთა ევროპირველობა უკვე შეიტანა თავის კალენდარში, პარალელურად კი, დააზუსტა მსოფლიოს თასის საგაისო ფორმატი და ჩატარების ვადები.

თასის ფორმატი ცოტათი შეიცვალა და ამიერიდან მასში 10-ის ნაცვლად 8 გუნდი იასპარეზებს. ისინი მსოფლიოს წინა პირველობაზე დაკავებული ადგილების მიხედვით შეირჩევიან.

ამ ტურნირზე წლეულს ჩვენები ფრიად წარუმატებლად გამოვიდნენ და თასის საგაისო მონაწილეთა შორის ვერ მოხვდნენ. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს თასს 19-20 თებერვალს თეირანი უმასპინძლებს, ქალებისა 7-8 მარტს სანკტ-პეტერბურგში ჩატარდება, თავისუფალი სტილის მოჭიდავეებისა კი - 11-12 აპრილს ლოს ანჯელესში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული