ქართველმა "თავისუფლებმა" თეირანის ტურნირის პირველ დღეს ორი მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
წარუმატებელი გამოდგა ლუკა კურტანიძის (97) სპორტში დაბრუნების მცდელობა - თეირანში 6 თებერვალს დაწყებულ "ტახტის თასზე" ჩვენებური პირველივე წრეში 10:12 დამარცხდა თურქ ალი ბანციოღლუსთან.

მოგეხსენებათ, ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტმა, ევროპის ხუთგზის და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, ორგზის ოლიმპიური ბრინჯაოს მედალოსანმა სამწლიანი შესვენების შემდეგ, 41 წლის ასაკში გადაწყვიტა სპორტში დაბრუნება და ამ ტურნირისთვის ნაკრებთან ერთად მოსამზადებელი შეკრებაც გაიარა.

ირანული სააგენტოები აღნიშნავენ, რომ მან ტექნიკურად იჭიდავა, ესთეტიკურად, ანუ მაყურებლისთვის და არა შედეგზე, რამაც განაპირობა ბევრი ქულის დაკარგვა.

სამაგიეროდ, თვითონაც გვარიანად ქულები დააგროვა და მაყურებლის დიდი
სიმპათია დაიმსახურა.

ირანულმა პუბლიკამაც, რომელიც ჭიდაობის ავან-ჩავანში შესანიშნავად ერკვევა, მხურვალე ოვაცია მოუწყო ჩვენებურს.

შეხვედრის შემდეგ ლეიბზე თვით იქაურთა ცოცხალი ლეგენდა, ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი, მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიური ჩემპიონი რასულ ხადემიც შევიდა მისასალმებლად.

ისინი ერთ პერიოდში ჭიდაობდნენ, ხადემი პერიოდულად კურტანიძის წონაშიც გამოდიოდა და სპორტსმენობიდანვე კარგად იცნობენ ერთმანეთს. ხადემმაც და სხვა ცნობილმა ირანელმა მოჭიდავეებმაც დიდი პატივი მიაგეს კურტანიძეს.

ჩვენი ნაკრების 6 თებერვლის მონაგარი 2 მედალია - თითო ვერცხლ-ბრინჯაო. მეორე ადგილზე კონსტანტინე ხაბალაშვილი (65) გავიდა, მესამეზე - დაჩი ქერაშვილი (97). ხაბალაშვილმა თავდაპირველად ყირგიზი ალმაზ ომურზაკოვი დაამარცხა, მერე ირანელ ფარზად კოლივანდის 15:4 სძლია, ნახევარფინალში ისევ მასპინძელ ებრახიმ ნასირიაფჩალის 10:9 სძლია, ფინალში კი 0:10 წააგო კიდევ ერთ ირანელთან, მაისამ ნასირთან.

ქერაშვილმა რუმინელ ულად კარასისთან და თურქ ფატიჰ დოგულთან გამარჯვების შემდეგ ნახევარფინალში ირანელთა მომავალ ჩემპიონ ხამიდ ტალებისთან წააგო, დამამშვიდებლის ფინალში კი ყირგიზ მაგომედ მუსაევს მოუგო.

6 თებერვალს, პირველივე შეხვედრებში დამარცხდნენ ჩვენი გუნდის სხვა მონაწილეები - ბექა ბუჯიაშვილმა (57) ირანელ ვაჰიდ ჯალალიბაჰართან წააგო, ამავე წონაში ლევან ცალქალამანიძე ყაზახ ახმატ ბაიმურატოვთან დამარცხდა, ლაშა ტალახაძე - ასევე ყაზახ ნაიზაბეკოვთან, ოთარ გოგავამ ირანელ ფარჰად ჯალაეის კი მოუგო, მაგრამ მერე მომავალ ჩემპიონთან, ჩრდილოკორეელ მსოფლიოს ჩემპიონ კიონგ იანგთან დათმო. იაკობ მაქარაშვილმა (75) მასპინძელ იმან მოჰამადიანთან წააგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული