სკანდალის გაგრძელება - დოპინგი ბავშვებში?

AutoSharing Option
14 იანვარს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ბოლო დოპინგ-სკანდალთან დაკავშირებული პრესკონფერენცია გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ საქმე თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონ გიორგი ედიშერაშვილისა (55) და ახალგაზრდებში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ვიცე-ჩემპიონ ლევან არაბულის (120) დისკვალიფიკაციას ეხება.

ისევ დოპინგი და დისკვალიფიკაცია - მორიგი დასჯილი ქართული დუეტი


პრესკონფერენციას, სამინისტროს ხელმძღვანელებთან ერთად, ჭიდაობის ფედერაციისა და საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელები და ოლიმპიური გუნდის ექიმიც ესწრებოდნენ. თავდაპირველი განმარტებებიც მათ გააკეთეს.

ლევან ყიფიანი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი): "დაუშვებელია, რაც დღეს საქართველოში ხდება და ამიტომაც დოპინგს დაუნდობელი ბრძოლა
გამოვუცხადეთ. ეს ძალიან მტკივნეული თემაა ქვეყნის, მისი იმიჯის, სპორტსმენების, მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის.

მომხდარი მეტად ცუდი ფაქტია. პირველი, რასაც ამასთან დაკავშირებით გავაკეთებთ, საქმეში ჩავრთავთ ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს, რათა დაუნდობელი ბრძოლა გამოვუცხადოთ მსგავს ფაქტებს.

აუცილებელია, შეიქმნას საგანგებო კომისია საკანონმდებლო ბაზის მოსაწესრიგებლად, რაც ამ ბრძოლას სჭირდება - დაარეგულიროს ხელმისაწვდომობა და ამ პრეპარატების გამოყენება.

დღეს ასეთი რეგულაციები არაა და ათლეტებიც თვითნებურად იქცევიან - ინტერნეტით იწერენ და ვაისპეციალისტების დახმარებით თვითნებურად იღებენ წამლებს.

ამიტომ გვინდა საქმეში ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართვა. აქედან სამთავრობო სხდომაზე მივდივარ და პრემიერ-მინისტრსაც ჩავაყენებ საქმის კურსში.

ეს ძალიან სერიოზული თემაა და განგაშის ზარები უკვე შემოვკარით. საზოგადოების საყურადღებოდ მინდა განვაცხადო, რომ სერიოზული ბრძოლა მოგვიწევს, რადგან ეს ისეთი დაავადებაა, საფუძველშივე თუ არ ამოიკვეთა, ძალიან ცუდ შედეგს მისცემს ჩვენს მომავალს, მაგრამ ჩვენც შეუპოვრები დავრჩებით და შეღავათები არ იქნება.

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ერთიანობა, ჟურნალისტების მხარდაჭერა. დიდი მადლობა ამისთვის თქვენ და მიხარია, რომ ერთ აზრზე ვართ".

ლუკა კურტანიძე (ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი): "სპორტსმენებისთვის დღეს შექმნილი პირობები სამაგალითოა, როგორ ეპყრობიან და როგორ აფასებენ მათ. ამ მხრივ საქართველო ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, სადაც სპორტსმენი პრიორიტეტულია.

არადა, ქვეყანაში უამრავი პრობლემაა, მაგრამ სპორტსმენებს მაინც წინ აყენებენ. აქედან გამომდინარე, გასაკვირია, რატომ მიდიან ასეთ ცდუნებაზე და საკუთარი თავისთვის ყველაზე დიდი სასჯელი თავად რატომ გამოაქვთ.

სამინისტროსთან ერთად, ჩვენც დაუნდობელნი და მკაცრნი ვიქნებით ამ ბრძოლაში. ანტიდოპინგურ სააგენტოსთანაც კიდევ უფრო მჭიდრო კონტაქტი გვექნება და ყველა ტურნირის წინ შევამოწმებთ მოჭიდავეებს, რათა მოსალოდნელი რისკი მინიმუმამდე დავიყვანოთ".

პალიკო კასრაძე (საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელი): "მეტად სამწუხაროა, რომ სპორტული სამყარო ამ თემით იწყებს ახალ სეზონს.

განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ეს ისეთ სახეობაში ხდება, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

მომხდარზე სპორტის სამინისტრომ სერიოზული რეაგირება მოახდინა, მაგრამ ამ ბრძოლაში სახელმწიფოც უნდა ჩაებას. კონკრეტულად - შინაგან საქმეთა სამინისტრო, რადგან ჩვენს სააგენტოს მოკვლევის უფლება არ აქვს.

უკვე ცნობილია ის ადგილი, სადაც იძენენ ამ ნივთიერებებს და საინტერესოა, რომ იქ შეძენილი პრეპარატებით უკვე 9 სპორტსმენი ჩავარდა.

ასევე საჭიროა ამ მიმართულებით საბაჟო წესების გამკაცრება. ეს ეფექტური იქნება, მით უფრო, რომ არსებობს თანამშრომლობის ხელშეკრულება მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციასა და მსოფლიოს ანტიდოპინგურ სააგენტოს შორის. ჩვენი კანონმდებლობაც უნდა დავაფუძნოთ ამ კუთხით. თან საქართველოშიც იკრძალება რეცეპტის გარეშე წამლების გაცემა.

ანტიდოპინგური საქმიანობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია, ყველა ფედერაციაში გამოიყოს ამ სფეროზე პასუხისმგებელი პირი, ჩვენი სააგენტო კი ვალდებულებას იღებს მათ გადამზადებასა და ტრენინგების ჩატარებაზე. ის ვალდებული იქნება ჩვენთან კონტაქტზე, რაც ფედერაციის ხელმძღვანელობას ზედმეტი ვალდებულებებისგან გაათავისუფლებს".

ოლიმპიური გუნდის მთავარი ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი, რომლისკენაც ასეთ შემთხვევებში ყველაზე ხშირად იშვერენ ხელს, ტრადიციულად, სიტყვაუხვი იყო და ბევრი საინტერესო დეტალიც გაახმოვანა.

ზურაბ კახაბრიშვილი: "ყოველწლიურად, იანვრის დასაწყისში სპორტული მედიცინის ასოციაცია ხელშეკრულებას დებს თითოეულ ფედერაციასთან, სადაც გაწერილია, რომ ჩვენი ასოციაცია სისტემატურ შემოწმებას უტარებს ყველა ასაკობრივ ნაკრებს, ყველა ტურნირზე ამოწმებს მათ, უტარდებათ სემინარები. ამას ემატება სამინისტროს მიერ ორგანიზებული სემინარებიც.

ჩვენ თეორიულ დონეზე კი ვამზადებთ, მაგრამ აქ მთავარია სპორტსმენთა მენტალიტეტი, რომლებსაც ყოველთვის უჩნდებიან ვაიგულშემატკივრები, რომლებსაც თავის დროზე სპორტში ხელი მოეცარათ და ახლა ნებისმიერი საშუალებით ცდილობენ თავის დამკვიდრებას.

სპორტსმენებისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, რაც საჭიროა, მაგრამ ზუსტად ეს ხალხი მათ დამატებით აძლევს ინტერნეტით შეძენილ საშუალებებს, რაც არ კონტროლდება და ზუსტად ამიტომაა საჭირო ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარება.

ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. შემომტანები არ არიან ექიმები და მათ ეგონათ, რომ კვალი ორგანიზმიდან გადიოდა 25-30 დღეში, მაგრამ ამათგან ერთი 72-ე დღეზეა ჩავარდნილი. თუმცა მას იმდენად დიდი დოზა ჰქონდა მიღებული, 2 თვის მერეც ექნებოდა კვალი ორგანიზმში.

სამწუხაროდ, მწვრთნელები დოპინგს ასე თვითნებურად აძლევენ ახალგაზრდულ და ჭაბუკთა ნაკრებებშიც.

რამდენჯერმე ჩემი გვარიც კი გაჟღერდა, კახაბრიშვილმა იცისო. არადა, საქმის კურსში არ ვიყავი.

ძალიან ხშირად ბავშვებს ფუროსემიდს აძლევენ წონის დასაკლებად, რითაც ანგრევენ მათ ორგანიზმს.

ჩვენ მზად ვართ, გამოვიკვლიოთ არა მარტო მაღალი მიღწევების სპორტში ჩაბმული სპორტსმენები, არამედ ისინიც კი, ვინც ვერ ხვდებიან ნაკრებებში. თანაც - უფასოდ".

პრესკონფერენციაზე ის ზემოხსენებული კონკრეტული ადგილიც დასახელდა, რომლისთვისაც ეს თურმე მეცხრე შემთხვევაა - ქაიროს ქუჩაზე მდებარე ფიტნეს-ცენტრი.

მოგვიანებით, კერძო საუბრებში გლდანის ოლიმპიური რეზერვების ცენტრიც ახსენეს. ვფიქრობთ, აუცილებელია, სერიოზული შემოწმება-წმენდა ჩაუტარდეს ასეთ ცენტრებს, რაშიც გარდაუვალია სამართალდამცავთა ჩარევა, თორემ მარტო ფაქტზე ჩავარდნილთა დასჯა საქმეს რომ არ შველის, ფაქტია...

ითქვა ისიც, რომ შარშან დოპინგზე 3 ათასით მეტი შემოწმება ჩატარდა 2012-თან შედარებით და თანხებიც ბევრად გაიზარდა, თუმცა დოპინგ-სკანდალების ლომის წილი სწორედ 2013-ზე მოდის.

ითქვა ისიც, რომ სავარაუდოდ, ჩვენი ფედერაციაც ფინანსურად დაისჯება, თუმცა ეს ყველაფერი მაშინ გაირკვა.

აქვე იმასაც განვმარტავთ, რომ აქ ლაპარაკია არა სამკურნალო წამლებზე, არამედ - საკვებ დანამატებზე, რაც ინტერნეტში მართლაც შეუფერხებლად იყიდება.

სამწუხაროდ, როგორც კასრაძემ გვითხრა, ეს ბიოდანამატები თურმე მსოფლიოს "შავ" ბაზარზეც იმდენად მოთხოვნადია, რომ მისი ფულადი ბრუნვა 6-ჯერ აჭარბებს ნარკობიზნესისას.

ყურადღება გაამახვილეს იმაზეც, ეს ბიოდანამატები რამდენად ცუდად მოქმედებს ორგანიზმზე - პრაქტიკულად, რამდენიმე წელიწადში ორგანიზმი "იფუშება" და აქტიური სპორტისთვის უმაქნისი ხდება; იწვევს ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის თუ სხვა ორგანოთა დაავადებებს, იმპოტენციას და ახალგაზრდა სპორტსმენი, პრაქტიკულად, ინვალიდი ხდება.

პრესკონფერენციაზე ახლო წარსულში სახელოვანი შვედი ფალავნის, 2003 წლის მსოფლიოს ჩემპიონ მარტინ ლიდბერგის ბედზეც ითქვა, რომელმაც თურმე დოპინგის ნიადაგზე განვითარებული იმპოტენციის შედეგად სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული