დმიტრი კორკინის ტურნირი: ყველაზე წონადი

AutoSharing Option
ამ უქმეებზე ციმბირულ იაკუტსკში იქაურთა სახელოვანი მწვრთნელის დმიტრი კორკინის მეექვსე მემორიალი იმართება თავისუფალ ჭიდაობაში.

შეჯიბრებამ უკვე დიდი ავტორიტეტი მოიპოვა და თავისუფალთა საჯილდაო ქვადაც იქცა. მისი როლი განუხრელად იზრდება.

წლევანდელი შეჯიბრება ყველაზე ძლიერი იქნება გუნდების რაოდენობითაც და ვარსკვლავთა სიმრავლითაც. ციმბირში ჩავიდნენ აშშ-ს, ირანის, აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთის, უზბეკეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, ისრაელის, მოლდოვის, საბერძნეთის, ბელარუსის, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, ფინეთისა და მონღოლეთის გუნდები.

რაღა დარჩა - ევროპის ჩემპიონატზე ამაზე ბევრად მეტნი კი არ გამოდიან! მით უფრო, სიას საქართველოს და რუსეთის 14
რესპუბლიკის ნაკრებსაც თუ დავუმატებთ. თურქები და ამერიკელები ორი კვირით ადრე ჩავიდნენ შეკრების გასავლელად.

ძლიერებად უპირველესად ქართველებსა და ირანელებს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ რეზა იაზდანის (96) და მსოფლიოს ორგზის, ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსან სადეგ გოუდარზის (74) ასახელებენ. ცნობილები სხვა გუნდებშიც არიან, თუმცა მასპინძელთა სამწუხაროდ, არ იჭიდავებენ მათი ადგილობრივი თუ სხვა ქვეყნებში გადასული ტიტულოვანი თანამემამულეები.

ადგილობრივთა მთავარი დანაკარგი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ვიქტორ ლებედევია (60), ასევე ტრავმის გამო რუსეთის ვიცე-ჩემპიონი ტიმურ პასტერევიც ვერ იჭიდავებს. ბელარუსში გადასული იაკუტიელები და ამ შეჯიბრების შარშანდელი გამარჯვებულები, ევროპის ვიცე-ჩემპიონი ვლადისლავ ანდრეევი (55) და ევროპის პრიზიორი ალექსანდრ კონტოევი (66) მსოფლიოს პირველობის შემდეგ ისვენებენ, თუმცა ანდრეევს ტრავმაც აწუხებს.

ქართული შვიდეული ციმბირში
საქართველოს ნაკრები, რომელსაც ამჯერად გოჩა კირკიტაძე უხელმძღვანელებს, იაკუტსკში 7 სპორტსმენით იასპარეზებს: კოტე ხუციშვილი (55), ტრისტან ჩირგაძე (60), გიორგი მარსაგიშვილი (74), ოთარ უროტაძე (84), ელიზბარ ოდიკაძე (96), დავით მოძმანაშვილი, თორნიკე ხიდეშელი (ორივე - 120).

სიამოვნებით უნდა შევნიშნოთ, რომ ციმბირული მედია ტურნირის დამამშვენებელ ვარსკვლავთა შორის ორ ჩვენებურს - ოდიკაძესა და მოძმანაშვილსაც ასახელებს.

მოძმანაშვილის ფაქტორი გასაგებია - ლონდონის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონია და ტიტული "ყვირის", ოდიკაძე კი მათ ყურადღებას იმით იპყრობს, რომ თვით იაზდანი ჰყავს დამამარცხებული. თუმცა ეს ფაქტი არა მხოლოდ მათ გაახსენდათ, ამაზე ყურადღებას დაღესტნური სპორტული საიტიც ამახვილებს. დაღესტნელებს არც იმის აღნიშვნა დავიწყებიათ, რომ შარშან ოდიკაძემ ბაქოში "ოქროს დიდი პრიზის" სუპერფინალში მათი ფალავანი შამილ ახმედოვი დაამარცხა და წლეულს რევანშის მოლოდინში არიან.

როგორც ხედავთ, 66 კილოგრამში მონაწილე არ გვყავს. აქ დავით ბერძნიშვილს უნდა ეჭიდავა, მაგრამ წასვლამდე ორი დღით ადრე მენისკი გაუწყდა და საოპერაციოა.

იაკუტსკში შაბათს 55, 66, 84 და მძიმე წონების წარმომადგენლები იჭიდავებენ, დანარჩენები კი კვირას გავლენ საასპარეზოდ.

დაინტერესებულთ შეჯიბრების პირდაპირი რეპორტაჟის ნახვაც შეუძლიათ საიტზე, 5 ოქტომბერს ფინალური ბლოკი 11-დან 14 საათამდე გაიმართება, 6-ში - 9-დან 11-მდე, წინასწარი შეხვედრები კი თბილისის დროით შუაღამისას დაიწყება.

ტურნირის საპრიზო ფონდი საკმაოდ მაღალია: ჩემპიონი ჯილდოდ 3000 აშშ დოლარს მიიღებს, მეორეზე გასული - 2000-ს, მესამეადგილოსანი - 1000-ს.

ქართული კალენდარი
ჩვენებმა ამ ტურნირში პირველად შარშან იჭიდავეს და ორი მედალიც მოიპოვეს - ოქრო-ვერცხლი. ჩემპიონი მძიმეწონოსანი გიორგი საკანდელიძე გახდა, მეორეზე კი მამუკა კორძაია (96) გავიდა.

წლეულს არც ერთი მათგანი არ ჭიდაობს ციმბირში - კორძაია ამჟამად ჭაბუკთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ ემზარ ბედინეიშვილთან ერთად გერმანული ბუნდესლიგის ლიდერ "აალენში" გამოდის (ორი ტურის წარმატებით დასრულების შემდეგ ისინი მცირე ხნით სამშობლოში დაბრუნდნენ), საკანდელიძე კი 18-20 ოქტომბერს ხასავიურტში გასამართი საკონტინენტთაშორისო თასისთვის ემზადება.

მის გარდა, იქ დავით პოღოსიანის თავკაცობით ბექა ბუჯიაშვილი (55), ამირან ყაზარაშვილი (60), მურთაზ კვესაძე (ორივე - 60), ლევან ქელეხსაშვილი, თენგიზ ჩოჩიშვილი (66), გიორგი სანოძე, ჯუმბერ ყველაშვილი, დავით ტლაშაძე (სამივე - 74), სანდრო ამინაშვილი, გიორგი თხელიძე, ნოდარ ეგაძე (84) და ზურაბ ახობაძე (96) იჭიდავებენ.

აღსანიშნავია, რომ ამ ტურნირისთვის 7 კაცის ფული იყო გამოყოფილი, მაგრამ დაღესტნელებთან პოღოსიანის კარგი პირადი კონტაქტების დამსახურებით, დაღესტნურმა ფედერაციამ დანარჩენები თავისი ხარჯით მიიწვია.

საკონტინენტთაშორისო თასის მომთავრების შემდეგ, მომდევნო კვირაში ჩვენები კიდევ ერთ შეჯიბრებაში გამოვლენ - ყაზახურ ტარასში (ყოფილი - ჯამბული), სადაც ძირითადად ეროვნული ნაკრების წევრები წავლენ, სულ ხუთი კაცი - გიორგი ედიშერაშვილი (55), კონსტანტინე ხაბალაშვილი (66), იაკობ მაქარაშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (84) და ომარ გუსოშვილი (96).

აღსანიშნავია, რომ ესენიც ყაზახებმა მიიწვიეს თავისი ხარჯით, საკანდელიძე კი ამ ტურნირისა და საკონტინენტთაშორისო თასის შარშანდელი გამარჯვებულიცაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული