მეტოქე: აზერბაიჯანს ფული შემოაკლდა, ტოგრულ ასკეროვი თურქმენეთში გარბის

AutoSharing Option
ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მაგრამ აზერბაიჯანს ეკონომიურად ასე თუ გაუჭირდებოდა, ძნელად იფიქრებდა ვინმე. იქაური ჭიდაობის ფედერაცია ბოლო პერიოდში ფინანსურ კრიზისზე ალაპარაკდა, მაგრამ კრიზისსაც გააჩნია: ჯერ იყო და, ჰეიდარ ალიევის სახელობის "ოქროს დიდი პრიზის" ფინალურ ტურნირს ეს სტატუსი ჩამოაკლეს, ამ დღეებში ფინანსური კრიზისის გამო საერთოდ იუარეს აღნიშნული შეჯიბრების ჩატარება, ახლა კი ოლიმპიური ოქრო-ვერცხლის მფლობელი ტოგრულ ასკეროვი (65) თურქმენეთში გაურბით.

ცნობა ამის შესახებ თავად ასკეროვმა გამოაქვეყნა თავის "ფეისბუქ-გვერდზე", რამაც აზერბაიჯანულ მედიასაშუალებებში ბომბივით იფეთქა. ფაქტზე განმარტება თავად სპორტსმენს არ გაუკეთებია, მაგრამ მედიასთან პრობლემებზე მისმა
პირადმა მწვრთნელმა ელმან ასკეროვმა ისაუბრა. მან პირდაპირ განაცხადა, რომ საკითხი ჯერ საბოლოოდ არაა გადაწყვეტილი, თუმცა ის და მისი შეგირდი უკვე იყვნენ ჩასულები აშხაბადში და პირველი მოლაპარაკებაც გამართეს.

მწვრთნელმა გადასვლის მიზეზად ფინანსური პრობლემები და სპორტსმენისადმი უყურადღებობა დაასახელა. თურმე ნუ იტყვით და პირადად მას ნახევარი წელიწადია, ხელფასი არ მიუღია, ხოლო ასკეროვს ოპერაცია სჭირდება, მაგრამ ამაზე არავინ ზრუნავს. დამრიგებლის თქმით, ფალავანი აშხაბადიდან პირდაპირ თურქეთში მიფრინავს ოპერაციის გასაკეთებლად, საჭირო თანხას კი თავად იხდის. მწვრთნელი იმასაც ამბობს, რომ მისი შეგირდი ისლამიადაზე სწორედ ტრავმის გამო არ გამოვიდა, იმ დროს დისკვალიფიკაცია ჯერ კიდევ არ ჰქონდა.

"ტოგრული - ესაა სპორტსმენი, ვისაც კიდევ რამდენიმე ოლიმპიადაზე შეუძლია გამოსვლა. მას აქვს ორი ოლიმპიური მედალი, მაგრამ ახლა მასზე ფიქრი არავის უნდა. როგორ შეიძლება ასე? არ ვიცი, რაა ასეთი დამოკიდებულების მიზეზი, მაგრამ ამის გამო გადავწყვიტეთ თურქმენეთში გადასვლა, სადაც უკვე შევხვდით იქაური ჭიდაობის ფედერაციის მესვეურებს და მათგან მივიღეთ ხელსაყრელი წინადადებები. ჩვენ საბოლოო პასუხი ჯერ არ გაგვიცია, რადგან არ გვსურს სხვა ქვეყანაში გადასვლა" - განაცხადა ელმან ასკეროვმა.

შეგახსენებთ, რომ ტოგრულ ასკეროვი ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონია 60 კილოგრამში და რიო დე ჟანეიროს თამაშების ვერცხლისმედალოსანი უკვე 65-ში. ახლახან მან ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო დოპინგის გამოყენებისთვის, თუმცა თავად აცხადებს, რომ აკრძალული პრეპარატი არასოდეს მიუღია, ხოლო ორგანიზმში საკამათო ნივთიერების მოხვედრის ერთ-ერთ გზად ინდოეთში მირთმეულ ხილს ასახელებს, სადაც ამ ზამთარს იქაურ "ოქროს ლიგაში" ჭიდაობდა ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან და სხვა ქართველებთან ერთად.

ის და ხინჩეგაშვილი ახალგაზრდული ნაკრებიდან ერთად მოდიან და ასაკობრივ გუნდებში მძაფრი მეტოქეობაც ჰქონდათ: 2010 წელს აზერბაიჯანელმა მოუგო ჩვენებურს ევროპის ახალგაზრდული პირველობის ფინალი, თუმცა ხინჩეგაშვილმა იმავე წელს მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში აუღო რევანში ასევე ფინალში.

ასკეროვს ზურაბ იაკობიშვილიც ჰყავს დამარცხებული ფინალში, ოღონდ - ჭაბუკებში, 2008 წელს.

დრომ და წონის მატებამ ხინჩეგაშვილისა და ასკეროვის გზები თუ საბოლოოდ გაყარა, აზერბაიჯანელი და იაკობიშვილი კვლავაც ერთ წონაში, ანუ კონკურენტებად რჩებიან. მისი თურქმენეთში გადასვლა ჩვენებურისთვის კარგია იმ მხრივ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ერთი ძლიერი კონკურენტი აკლდება, მსოფლიოსთვის კი ბევრი არაფერი იცვლება.

ოღონდ ცოტა გაუგებარია, რატომ მაინცდამაინც საჭიდაო სამყაროსთვის ჯერაც ყამირი თურქმენეთი და არა რომელიმე საჭიდაო ტრადიციების ქვეყანა? ევროპის ორგზის და ოლიმპიურ ჩემპიონს უარს არავინ ეტყოდა. ეგ კი არა, საგანგებოდ ეცდებოდნენ მის გადაბირებას. მაგალითად, რა პრობლემა ექნებოდა თურქეთში გადასვლაზე, რომელიც ბოლო პერიოდში მთელი მსოფლიოდან ისრუტავს ძლიერ ფალავნებს (ასევეა ბულგარეთიც)? თურქებს ამ წონაში ევროპის ფინალისტი მუსტაფა კაია კი ჰყავთ, მაგრამ არა გვგონია, ასკეროვს მასთან კონკურენციისა შეშინებოდა.

თუმცა თურქმენულ ვარიანტზე ბევრად უფრო გასაკვირი თავად აზერბაიჯანელთა ფინანსური კრიზისია: აზერბაიჯანული "ატაჰოლდინგი" ჭიდაობის მსოფლიოს ფედერაციის გენერალური სპონსორია და წლიური დაფინანსება 5 მილიონი დოლარიდან 7-მდე გაზარდა, თუმცა ჩვენს მეზობლებს სხვებიც ბლომად ჰყავთ ფინანსურად მძლავრი კომპანიები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული