თბილისში ჭიდაობის სასახლე აშენდება

AutoSharing Option
თბილისში ჭიდაობის სასახლის აშენების საკითხი სამინისტროში გამართულ "სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების საბჭოს" სხდომაზე განიხილეს.

30 მაისს, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შოთა ხაბარელმა ჭიდაობის ფედერაციისთვის თბილისში მდებარე ოლიმპიური სასახლის გადაცემის საკითხი წამოჭრა.

მოგვიანებით, სამინისტროში გამართულ სხდომაზე საბჭომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია ფედერაციისთვის სასახლის გადაცემის საკითხი, რადგან ოლიმპიურ სასახლეს უმნიშვნელოვანესი დანიშნულება აქვს.

სასახლეში წლის განმავლობაში, სპორტის სხვადასხვა სახეობაში ათეულობით შიდა და საერთაშორისო მასშტაბის შეჯიბრება ტარდება.

სამინისტრომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქართველოში ჭიდაობას უდიდესი ტრადიციები აქვს,
საერთაშორისო სარბიელზე ქართველი მოჭიდავეები წარმატებებს აღწევენ და დიდი წვლილი შეაქვთ ქართული სპორტის განვითარებაში.

აქედან გამომდინარე, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, თბილისში ახალი ჭიდაობის სასახლე აშენდეს. ხოლო ვიდრე სასახლე აშენდება, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ საბჭოს შესთავაზა, ჭიდაობის ფედერაციას დაეთმოს დიღომში მდებარე ტანვარჯიშის სასახლის ერთი დარბაზი თავისი სრული ინფრასტრუქტურით (გასახდელები, საშხაპეები და ა.შ.), სადაც იქნება ყველა სავარჯიშო პირობა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებისთვის.

სამინისტროს შეთავაზებას საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს. სხდომაზე აღინიშნა, რომ საკითხი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ უკვე დაყენებულია მთავრობის სხდომაზე და მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება სასახლის მშენებლობასთან დაკავშირებით.

საბჭოს წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ერთობლივად იმუშაონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შესაბამისი თანხების მოძიების კუთხით.

საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობდა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი (საბჭოს თავმჯდომარე). სხდომას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები: მინისტრის მოადგილეები აკაკი ლოდია და შალვა გოგოლაძე, სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი აბუსერიძე, სამინისტროს, სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის, სპორტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი ვასილ ლიპარტელიანი, პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი შალვა მაისურაძე, ასევე, მოწვეული სტუმრები - პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი და შპს "სპორტმშენსერვისის" დირექტორი ლევან ტარყაშვილი.

მომზადებულია msy.gov.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნიკა რურუას თანხებით შენდება?
gizo
15:44 30-06-2017
1

სიახლეები პოპულარული