ჭიდაობა

თავისუფალი ჭიდაობა

დოპინგ-სკანდალი - დავით მოძმანაშვილი ოლიმპიურ ჩემპიონად გამოცხადდება?

AutoSharing Option
ფოტოზე: არტურ ტაიმაზოვი და დავით მოძმანაშვილი
საერთაშორისო ანტიდოპინგურმა კომისიამ თავისუფალ ჭიდაობაში უზბეკთა მძიმეწონოსან ოლიმპიურ ჩემპიონ არტურ ტაიმაზოვს პეკინის ოლიმპიადის ოქრო ოფიციალურად ჩამოართვა, ხოლო ლონდონის 2012 წლის სინჯებზე კვლევა მიმდინარეობს და შესაძლოა, უკვე მეორე ოლიმპიური ოქროც წაართვან. ეს კი ავტომატურად ნიშნავს, რომ ოლიმპიურ ჩემპიონად ქართველი ფალავანი დავით მოძმანაშვილი გამოცხადდება!

უზბეკთა ოსი ეროვნების ფალავანმა უკვე დაასრულა სპორტული კარიერა და ამჟამად რუსეთის დუმ-ის დეპუტატია. ძნელი დასაჯერებელია, რომ მთელი კარიერის განმავლობაში "ქიმიკოსად" ცნობილ ტაიმაზოვს ლონდონური სინჯი სუფთა ჰქონდეს, თუნცა გადამოწმების პროცესი აქამდე გაიწელა.

არადა,
სწორედ მოძმანაშვილთან ლონდონში მოპოვებული გამარჯვება იქცა ეპოქალურად მისთვისაც და მსოფლიოს ჭიდაობისთვისაც: ამით ის შეუერთდა სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონთა - ბელორუს ალექსანდრ მედვედის, რუს ალექსანდრ კარელინის და რუსთა ჩეჩენ ბუვაისა საიტიევის ტრიოს. ახლა ეს კვარტეტი ისევ ტრიოდ იქცა.

განმეორებითი ანალიზებით, 2008 წლის სინჯებში ტურინაბოლი აღმოუჩინეს და დისკვალიფიკაცია მისცეს უკრაინელთა ვიცე-ჩემპიონ ვასილ ფედორიშინსაც (60), თუმცა მაშინ ჩვენ ამ წონაში მონაწილე საერთოდ არ გვყავდა.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო დოპინგ-სკანდალით ჩვენ ცოტა ხნის წინ ვისარგებლეთ - დისკვალიფიკაციის გამო 2008 წელს მოპოვებული ვერცხლი ჩამოართვეს 97 კილოგრამში ყაზახეთის სახელით მოჭიდავე ოს თეიმურაზ თიგიევს (მანამ მისი ძმაც დასაჯეს ანალოგიურად) და ის გიორგი გოგშელიძეს გადაეცა.

- დოპინგ-სკანდალის გამო გიორგი გოგშელიძე პეკინის ოლიმპიადის ვერცხლს მიიღებს

დოპინგზე წინა ოლიმპიადების სინჯების შემოწმება ისევ გრძელდება და ახალ სიახლეებსაც უნდა ველოდოთ.