ჭიდაობა. საქართველოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: ქუთაისი გაჭაბუკდა

AutoSharing Option
ამ უქმეებზე ქუთაისის მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის სპორტის სასახლეში დაიწყო ჭაბუკ მოჭიდავეთა საქართველოს ჩემპიონატი, რომელშიც ბიჭებთან ერთად გოგონებმაც მიიღეს მონაწილეობა. თუმცა ჯერჯერობით ისინი რაოდენობრივად ჩამორჩებიან ბიჭებს და მათთან ასპარეზობა მხოლოდ სამ წონით კატეგორიაში გაიმართა.

სამაგიეროდ, გეოგრაფია შედარებით გაიზარდა და გორის, თბილისისა და ჭიათურის გუნდებს ამჯერად საგარეჯოც დაემატა.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ოთხწლიანი პროგრამის ერთ-ერთი სამოქმედო სლოგანია "მეტი ქალი ჭიდაობაში", რაც ქალთა ჭიდაობაში მასობრიობის გაზრდას გულისხმობს. იმედია, მომდევნო წლების ჩემპიონატებში მართლაც მეტ გოგონას ვიხილავთ ხალიჩაზე, მასობრიობის გაზრდა კი შედეგებსაც
აუცილებლად გაზრდის.

თაობათა ცვლა ამ გუნდსაც შეეხო და რამდენიმე უკვე გადავიდა ახალგაზრდებში. მაგალითად, თამარ ხოჯაშვილი, თუმცა დარჩა გულიკო არუთინიანი, მარიამ კარელიძე და კიდევ რამდენიმე გოგო. წარმატებასაც ძირითადად ძველმა ლიდერებმა მიაღწიეს, რაც მწვრთნელებისთვის დიდი მოულოდნელობა არ ყოფილა.

მწვრთნელები ვახსენეთ და აქვე გეტყვით, რომ ქალთა ყველა ასაკობრივ ნაკრებს ისევ ბესარიონ გუჩაშვილი უხელმძღვანელებს, ვისაც კობა ლოჩოშვილი დაეხმარება, ჭაბუკთა ნაკრების უახლოესი ღონისძიება კი აპრილში ანტალიაში ჩასატარებელი საერთაშორისო ტურნირია.

ბიჭებს შორის 271 მოზარდი ჭიდაობდა, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან, ყველაზე მეტი მონაწილე - 38 მოჭიდავე კი 63 კილოგრამში გამოდიოდა. თაობათა ცვლა ამ გუნდსაც შეეხო, თუმცა დარჩენილი ლიდერებიდანაც ყველამ ვერ შეძლო ოქროს მედლის მოპოვება.

ალბათ, ყველაზე მოულოდნელი მძიმე წონაში სამტრედიელი ელგუჯა ბალანჩივაძის მარცხი იყო მძიმე წონაში. თანაც, ის არა დასკვნით ეტაპზე, არამედ მეორე წრეშივე დამარცხდა თბილისელთა მომავალ ფინალისტ სოლომონ მანაშვილთან - 0:4; 2:2 და საბოლოოდ მესამეზე გავიდა.

წინა სეზონებიდან საკმაო გამოცდილება დაუგროვდა ქუთაისელ დიმიტრი სალდაძესაც, მაგრამ ფინალში ვერც ამან და ვერც შინაურმა კედლებმა ვერ უშველეს აჭარელ თამაზ შავაძესთან - 1:2; 1:10. ძველი ლიდერებიდან ყველაზე მეტი წარმატებით ამბროლაურელმა ვლადიმერ გამყრელიძემ, გორელმა გიორგი გეგელაშვილმა და ქარელელმა ლაშა ბაირამოვმა იჭიდავეს - ჩემპიონები გახდნენ.

ცალკეული გუნდებიდან ტრადიციულადვე წარმატებით გამოვიდნენ ისეთი აღიარებული ცენტრები, როგორებიცაა გორი, აჭარა, თბილისი, მასპინძელი ქუთაისი, თუმცა ამჯერად მათთან ერთად ამბროლაურიც უნდა გამოვარჩიოთ - რაჭველებმა 6 მედალი, აქედან - სამი ოქრო მოიპოვეს, 63 კილოგრამში კი იქაური ფინალი გაიმართა.

ყველაზე პრესტიჟულ, მძიმე წონაშიც იქაურმა ფალავანმა გაიმარჯვა - ჭაბუკებში ჭაბუკი გამყრელიძემ იყოჩაღა. შეიძლება სხვა გუნდებმა უფრო მეტი ჯილდო დაისაკუთრეს, მაგრამ ამბროლაური ახალი ცენტრია საჭიდაო რუკაზე და ამიტომაც ვუსვამთ ხაზს. სხვათა შორის, ამ პატარა და მიგრირებულმა რაიონმა უკვე ეროვნულ ნაკრებსაც მისცა შევსება.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირი გუშინ დამთავრდა, დღეს და ხვალ კი ქუთაისის სპორტის სასახლეში ბერძნულ-რომაულად მოასპარეზე ჭაბუკები იასპარეზებენ და ისინი გამოავლენენ ქვეყნის ჩემპიონ-მედალოსნებს, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე წასვლის მთავარი პრეტენდენტები გახდებიან.

ვაჟები
42 კგ.
1. გიორგი ჭოლაძე (ქუთაისი); 2. იგორ ბერიძე (აჭარა); 3. გოდერძი ონიანი (სამტრედია, ომეც), ლუკა ჩხიტუნიძე (საჩხერე).

46 კგ.
1. გიორგი გეგელაშვილი (გორი); 2. ნიკა მახარაძე; 3. გუგა შეშელიძე (ორივე - აჭარა), ნიკოლოზ ბერუაშვილი (რუსთავი).

50 კგ.
1. თამაზ შავაძე (აჭარა); 2. დიმიტრი სალდაძე (ქუთაისი); 3. ბაჩუკი ქვლივიძე (საგარეჯო), დავით მიკიჩიანი (გორი).

54 კგ.
1. ვლადიმერ გამყრელიძე (ამბროლაური); 2. გიგი ბლიაძე (ხაშური); 3. თორნიკე ქათამაძე (აჭარა), დავით აბდალაძე (ქუთაისი).

58 კგ.
1. ლუკა მარიამიძე (თბილისი, ომეც); 2. ავთანდილ გოდელაშვილი (ხაშური); 3. თემურ ტყემალაძე (ქარელი), ბექა ართილაყვა (ლანჩხუთი, ომეც).

63 კგ.
1. გიორგი ელბაქიძე; 2. სანდრო სარდანაშვილი (ორივე - ამბროლაური); 3. ოთარ ბაგაური (საჩხერე), თედო ყველაშვილი (გორი).

69 კგ.
1. გიორგი მუზაშვილი (გორი); 2. ბაგრატ გაგნიძე; 3. ლერი დარჯანია (ორივე - ქუთაისი), ნიკოლოზ რუხაძე (ხონ, ომეც).

76 კგ.
1. ლაშა ბაირამოვი (ქარელი); 2. გიორგი ჩანქსელიანი (ხონი); 3. აკაკი გოქსაძე (ამბროლაური), გელა შავაძე (აჭარა).

85 კგ.
1. დავით ქოჩქიანი (თბილისი); 2. დავით ხარებავა; 3. ბაჩუკი თოდუა (ორივე - ზუგდიდი), გივი გოგობერიშვილი (ამბროლაური).

100 კგ.
1. ჭაბუკი გამყრელიძე (ამბროლაური); 2. სოლომონ მანაშვილი (თბილისი); 3. ელგუჯა ბალანჩივაძე (სამტრედია), გიორგი შარვაშიძე (რუსთავი).

გოგონები
46 კგ.
1. გულიკო არუთინიანი; 2. მარიამ კარელიძე (ორივე - გორი); 3. აიშა ზადიროვა (თბილისი).

52 კგ.
1. თამუნა სამხარაძე (ჭიათურა); 2. ხატია მინდიაშვილი (საგარეჯო); 3. ფიქრია ეტაბაძე (ჭიათურა).

60 კგ.
1. თეონა ჯანდაგაშვილი (თბილისი); 2. ქეთი ცქვიტიშვილი (გორი); 3. ხათუნა თვაური (საგარეჯო).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული