სამბო. საქართველოს ჩემპიონატი: ახალი ნაკრებისთვის

AutoSharing Option
23 და 24 დეკემბერს დიღომში, ძიუდოს აკადემიაში სამბისტთა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრება - საქართველოს ჩემპიონატი ტარდება. ერთგვარი ნოვაციაა, რომ ის არა ერთი დღის განმავლობაში, არამედ ორ დღედ ტარდება. მასში ქვეყნის თითქმის ყველა უძლიერესი სამბისტი მიიღებს მონაწილეობას, რამდენიმე გამონაკლისის გარდა.

მაგალითად, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯონდო მუზაშვილმა შეღავათი გაუწია მსოფლიოს წლევანდელ ჩემპიონებს - ვახტანგ ჩიდრაშვილსა (57) და პაატა ღვინიაშვილს (90), თუმცა, თუ მათ ექნებათ ჭიდაობის სურვილი, წინააღმდეგობას რა გაუწევს. უბრალოდ, არ ავალებს მათ წლევანდელი წარმატების გამო.

აქვე გეტყვით, რომ ჩიდრაშვილი მეოთხედ გახდა
მსოფლიოს ჩემპიონი, რაც სარეკორდოა საქართველოსთვის (აქამდე რეკორდსმენი სწორედ მუზაშვილი იყო სამი ოქროთი). ერთი ხანობა მწვრთნელი 62 კილოგრამშიც კი აპირებდა მის გამოცდას, თუმცა, რადგან იქ ისედაც დიდი კონკურენციაა, ვითარება კიდევ რომ არ აერია, საბოლოოდ მაინც თავი შეიკავა და ამჯობინა, მისთვის მიეცა არჩევანის საშუალება ჭიდაობასა და დასვენებას შორის.

წლეულს ჩიდრაშვილმა დუბლი შეასრულა - ევროპის ჩემპიონატიც მოიგო და მსოფლიოსიც.

საქართველოს პირველობას ავადმყოფობის გამო გამოტოვებს კიდევ ორი ლიდერი - მსოფლიოს მესამეპრიზიორი ზურაბ ოდოშაშვილი (62) სნეულების გამო დააკლდება შეჯიბრებას, მძიმეწონოსანი ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი ბექა ბერძენიშვილი კი გაციებულია.

ამათ გარდა (თუმცა ვიმეორებთ - თუ ჩიდრაშვილსა და ბერძენიშვილს სურვილი ექნებათ, ესენიც იჭიდავებენ), ჩემპიონატში ყველა უძლიერესი სამბისტი უნდა გამოვიდეს. ყოველ შემთხვევაში, მუზაშვილს არავინ გაუთავისუფლებია.

დღეს ძიუდოს აკადემიაში აწონვაა, ხვალ კი 52, 62, 74, 90 და მძიმე წონების ათლეტები იჭიდავებენ. დარჩენილ ოთხ წონაში (57, 68, 82, 100) მედლები ზეგ გათამაშდება.

საქართველოს ჩემპიონატი ერთ-ერთი მთავარი შესარჩევი შეჯიბრებაა გაისად გასამართავი ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელსაც 18-22 მაისს მინსკი უმასპინძლებს. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს ჩემპიონატის შედეგებით შეირჩევა ის გუნდი, რომელიც იანვარში რუსეთში წავა ერთობლივ შეკრებაზე, იქიდან კი მინსკში გადაინაცვლებს და A კლასის საერთაშორისო ტურნირში - "ბელორუსის პრეზიდენტის თასზე" იჭიდავებს.

სავარაუდოდ, ამის შემდეგ უკვე გაირკვევა ევროპის პირველობაზე წამსვლელი შემადგენლობა, ხოლო თუ რომელიმე წონაში მაინც იქნება გადაუჭრელი კონკურენცია, ამისთვის კიდევ აქვთ შეგულებული საერთაშორისო ტურნირი. ამასთან, ნაკრები ისედაც გეგმავს გამოსვლას 23-26 მარტს მოსკოვში, სადაც სამბოს ფუძემდებელ ხარლამპიევის სახელობის მსოფლიოს თასი გაიმართება.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს კარსმომდგარი ჩემპიონატი მხოლოდ ვაჟებში ტარდება, ქალებში კი არ იმართება, რადგან იქ მონაწილეთა კონტინგენტი არაა საკმარისი.

დასასრულ, ჩვენი სამბისტების წლევანდელ უხვ მონაგარზეც ვთქვათ. წლეულს ჩვენებმა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე 21 მედალი მოიპოვეს - 6-6 ოქრო-ვერცხლი და 9 - ბრინჯაო. აქედან 7 ჯილდო (1 ოქრო, 2 ვერცხლი და 4 ბრინჯაო) გოგოების მონაპოვარია.

მაისში ყაზანში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ორივე სქესის გაერთიანებულმა გუნდმა 12 მედალი მოიპოვა, რაც ხარისხობრივად შესაშური თანაბრობითაა განაწილებული - სამივე სინჯის ზუსტად 4-4 ჯილდო. იქ ერთი ოქრო გოგოების ნაკრებმა მოიპოვა - ნინო ოძელაშვილი (72) საჭიდაო სახეობებში პირველი ქართველი ქალი გახდა, ვინც უფროს ასაკში ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა. ვაჟთაგან გამარჯვება ჩიდრაშვილმა, ნიკოლოზ კუციამ (82) და ბერძენიშვილმა იზეიმეს.

ვაჟებში ევროპის ჩემპიონობამდე თითო მოგება დააკლდათ მინდია ლილუაშვილსა (68) და ღვინიაშვილს, ქალებში - ირინა ლეონიძეს (80) და ელენე ქებაძეს (+80). ბრინჯაოს მედლებს სალომე აბაშიძე (56), თეა სუხიტაშვილი (68), გივი ნადარეიშვილი (52) და დავით ლორიაშვილი (100) დაეუფლნენ.

როგორც ვხედავთ, ქალთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ბენეფისი მოიწყო, რაც მათთვის კარგი სტიმულია. იმედია, ეს ფაქტი საქართველოში ქალთა ჭიდაობის განვითარებას გარკვეულ ბიძგს მისცემს.

ნოემბერში სოფიაში ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატიდან ქართული დელეგაცია 9 მედლით დაბრუნდა - 2-2 ოქრო-ვერცხლი და 5 ბრინჯაო. ქალები აქ უფრო მოკრძალებულად გამოვიდნენ, თუმცა ორი ბრინჯაო მაინც მოიპოვეს - ოძელაშვილმა და ქებაძემ.

როგორც ზემოთ გითხარით, ვაჟებში მსოფლიოს ჩემპიონები ჩიდრაშვილი და ღვინიაშვილი გახდნენ, კიდევ ორმა კი - კუციამ და ლევან ნახუცრიშვილმა (74) ფინალში იჭიდავეს. სამწუხაროდ, ისინი დამარცხდნენ და ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ, ბრინჯაო კი ოდოშაშვილმა, ლორიაშვილმა და ბერძენიშვილმა დაისაკუთრეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული