ქართველი სამბისტები ტაშკენტისთვის ემზადებიან

AutoSharing Option
საქართველოს სამბისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის გორში ემზადება, რომელსაც 5-6 ნოემბერს ტაშკენტი უმასპინძლებს. გუნდის თავკაცმა ოლეგ იაძემ უკვე დაასახელა იქ წასაყვანი შემადგენლობა: უშანგი კუზანაშვილი (52), ავთანდილ ცინცაძე (57), დავით სიმონიშვილი (62), ლევან ნახუცრიშვილი (68), კახა მამულაშვილი (74), ლევან წიკლაური (82), მინდია ბოდაველი (90), მირიან პავლიაშვილი (100), ალექსი დავითაშვილი (მძიმე).

ამ გუნდის ძირითადი ბირთვი ადრევე იყო ცნობილი, ბოლო ხანებში კი იაძე ორ წონაში ელოდა მოვლენათა განვითარებას - წიკლაურს ძიუდოში ჰქონდა საჭიდაო როტერდამის საერთაშორისო ტურნირი და რადგან ასპარეზობას ყოველთვის თან ახლავს საფრთხეების რისკი,
მწვრთნელი სათადარიგო მონაწილედ ნიკოლოზ კუციას მაინც ამზადებდა, დავითაშვილის შემთხვევაში კი ნაოპერაციები მუხლის რეაბილიტაცია აინტერესებდა. ვინაიდან წიკლაურმაც მშვიდობიანად (თუმცა კი უშედეგოდ) მოიარა როტერდამი და დავითაშვილსაც ბოლომდე მოურჩა მუხლი, მწვრთნელმაც ოფიციალურად დაასახელა საბოლოო შემადგენლობა.

ახლანდელი გუნდი ოპტიმალურია და ძალზე ძლიერიც - იაძეს ყველა ლიდერი მიჰყავს ტაშკენტში. საბედნიეროდ, ტრავმები არც მოსამზადებელ პერიოდში აწუხებდა ვინმეს (დავითაშვილის ოპერაციას თუ არ ჩავთვლით) და არც - ახლა. გუნდი გორში გურამ პაპიტაშვილის სახელობის დარბაზში ვარჯიშობს, სასტუმროშიც იქვე ახლოსაა დაბინავებული და ჩემპიონატისთვის ნორმალურ პირობებში ემზადებიან. რაც მთავარია, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არაა და საკადრო პრობლემების არარსებობაც ამის დამსახურებაა.

5 ნოემბერს კუზანაშვილი, სიმონიშვილი, მამულაშვილი, ბოდაველი და დავითაშვილი იჭიდავებენ. ტაშკენტშიც უფრო ადრე ეს ხუთეული გაემგზავრება საერთაშორისო კატეგორიის მსაჯ ემილ რაშის ხელმძღვანელობით - 31 ოქტომბერს, დანარჩენები კი 3 ნოემბერს წავლენ თბილისიდან, ხოლო იქიდან უზბეკეთში მეორე დღეს გადაფრინდებიან. ასე ორ ჯგუფად და ისიც ამხელა შუალედით გამგზავრების მიზეზი სატრანსპორტო პრობლემებია. მოგეხსენებათ, ახლა რუსეთის გავლით წასვლა შეუძლებელია და ესენიც ბაქოდან მიემგზავრებიან, იქიდან კი ტაშკენტის მიმართულებით ავიარეისები მხოლოდ ოთხ დღეში ერთხელ ხორციელდება. 4-ში წასულები აწონვას ვერ უისწრებდნენ ადგილზე, თავიდანვე მთელი გუნდის ერთად გაგზავნა და მერე იქ ადგილზე რამდენიმე დღით შესანახი თანხები კი ფედერაციას არ მოეძევებოდა.

უსახსრობის გამო ტურნირზე ვერც ქალები მიჰყავთ, თორემ თავიდან ნინო ოძელაშვილის (70) წაყვანას კი ფიქრობდნენ. შეგახსენებთ - ოძელაშვილი ახლახან თბილისში ჩატარებულ მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობაზე ჩემპიონი გახდა. შესაბამისად, ის ამ ტიტულის მფლობელი პირველი მოჭიდავე ქალია საქართველოში.

ირაკლი თავაძე

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული