ავთანდილ ცინცაძე: უბრალოდ, მსოფლიოს ჩემპიონი ვარ

AutoSharing Option
2011 წლის 11 ნოემბერს, ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში სამბოში მსოფლიოს 35-ე ჩემპიონატზე 52 კგ. წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 28 წლის თბილისელი ავთანდილ ცინცაძე. ის მე-18 ქართველი მსოფლიოს ჩემპიონია სამბოში.

წლეულს კი ერთადერთია ქართულ სპორტში, ვინც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ვილნიუსის ტრიუმფატორს რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ.

- ავთანდილ, ვიცით, რომ ჭიდაობაში ვარჯიში მამის გავლენით დაიწყე.
- მამაჩემს არ დაუძალებია, მაინცდამაინც ჭიდაობაში ივარჯიშეო. გავლენა იქონია შინ, კედელზე ჩამოკიდებულმა მისმა მედლებმა, ჭიდაობის ამსახველმა ფოტოებმა და კიმონოებმა.
(ავთანდილის მამა - ტარიელ ცინცაძე ძიუდოში ევროპის პირველი
ჩემპიონია ახალგაზრდებს შორის საქართველოდან და სსრკ-დან. 1971 წელი - 63 კგ. გ.ბ.).

- ჭიდაობა პირდაპირ სამბოთი დაიწყე, თუ ჯერ სხვა სახეობაში მოსინჯე თავი.
- 1990 წელს პირველად ძიუდოში მივედი მწვრთნელებთან - ბიძინა მოხევიშვილთან და ზურაბ კახაბრიშვილთან. მამაჩემი მაშინ მწვრთნელად არ მუშაობდა. 1999 წელს კი პირველად გავხდი საქართველოს ჩემპიონი სამბოში ჭაბუკთა შორის. მის შემდეგ სულ სამბოში ვვარჯიშობ მამაჩემთან და ემილ რაშთან.

ჭიდაობას რომ ვიწყებდი, ფიზიკურად სუსტი ვიყავი. ყველაფერს სისტემატური და დამქანცველი წვრთნით მივაღწიე. ვარჯიშის შემდეგ საკუთარ სახლში, ვაშლიჯვარში დამატებით ბაგირზეც ვვარჯიშობდი.

- მკითხველს შევახსენოთ, მსოფლიოს ჩემპიონობამდე რა მიღწევები გქონდა?
- ევროპის ხუთგზის და მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი ვიყავი. სხვათა შორის, მამაჩემის გაჩემპიონებიდან 30 წლის შემდეგ მის მსგავსად 2002 წელს მეც იტალიაში გავხდი ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებში, ოღონდ არა ძიუდოში, არამედ სამბოში. 40 წლის შემდეგ კი - მსოფლიოს ჩემპიონი ლიტვაში.

- მსოფლიოს ჩემპიონობამდე მოზრდილებში ყველა ტიტული ზედა 57 კილოგრამში გქონდა მოპოვებული. როგორ შეეგუე მჩატე წონას?
- დიახ, პირველად გამოვედი წონადაკლებული მჩატე - 52 კგ-ში. მეტოქეებს აქ კარგად არ ვიცნობდი. ყველაზე მეტად მაინც ფინალურ შეხვედრაში გამოცდილ ყაზახ მუდაგანოვთან გამიჭირდა. დიდხანს მიგებდა კიდეც 1:0, ნახევარი წუთი რჩებოდა დასრულებამდე, როცა ე.წ. "ამოსმული" კარგა ხნის მზადების შემდეგ სრულყოფილად შევასრულე და ოთხი ქულა და მსოფლიოს ჩემპიონობა მოვიპოვე.

ყველაფერი ეს გამიზნული მქონდა. ღმერთის წყალობით მიზანს მივაღწიე. ყველას გაუხარდა. მე, უბრალოდ, მსოფლიოს ჩემპიონი ვარ. სამბოში, როგორც არაოლიმპიურ სპორტის სახეობაში ხომ ყველაზე დიდი მიღწევა მსოფლიოს ჩემპიონობაა.

- საერთოდ, დღეს როგორი ტენდენციაა სამბოში?
- ძირითადად ისევ პოსტსაბჭოთა ქვეყნები დომინირებენ. მაგრამ სურათი აშკარად იცვლება. ყველამ ისწავლა ჭიდაობა. ფრანგები, იტალიელები, ამერიკელებიც ხშირად იგებენ. ვილნიუსში 50 ქვეყნის სამბისტები მათ შორის აფრიკელები და სამხრეთ ამერიკელებიც ასპარეზობდნენ. მსჯელობა სამბოს გაოლიმპიადების შესახებ კვლავ დღის წესრიგშია. დონე, რაც მთავარია, თანდათან იზრდება.

- ე.წ. "მტკივნეულით" თუ წაგიგია როდისმე?
- წარმოიდგინეთ, რომ არ წამიგია. თავის დაცვა, ასე თუ ისე, ამ უხერხული მდგომარეობიდან ვიცი. ისე დგომში ვცდილობ უფრო მეტხანს ვიჭიდაო, ვიდრე ჩოქბჯენში. თუმცა სამბისტმა კარგად უნდა იცოდეს თავდაცვა პირველ სართულზეც (ჩოქბჯენში).

- თქვენ ოჯახში როგორც ვიცი კიდევ ერთი სპორტსმენია.
- ჩემი უმცროსი ძმა 18 წლის თორნიკე ფეხბურთელია ის "გაგრაში" და თბილისის "ლოკომოტივში" თამაშობდა. ამჟამად კი ახალი გუნდის მოლოდინშია...

სამბოს საუკეთესო სამეული
საქართველოს სამბოს ეროვნულმა ფედერაციამ 2011 წლის სპორტული შედეგების გათვალისწინებით დაასახელა სამი საუკეთესო სამბისტი:
1. ავთანდილ ცინცაძე - 52 კგ. თბილისი. მსოფლიოს ჩემპიონი.
2. უშანგი კუზანაშვილი - 57 კგ. საგარეჯო. ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი.
3. ნიკო კუცია - 82 კგ. ფოთი. მსოფლიოსა და ევროპის ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

გაბრიელ ბარჯაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული