ადამ ოქრუაშვილს ოქრო მესამედ

AutoSharing Option
საქართველოს სამოცდამესამე ფალავნობას ქართულ ჭიდაობაში დიღომში ძიუდოს სპორტკომპლექსმა უმასპინძლა. ქართული ჭიდაობის ამ უმთავრეს ტურნირში 22 ათლეტი მონაწილეობდა. შარშან კი მათი რიცხვი 16 იყო.

ტრამვების გამო ფალავნობაზე ვერ შეძლეს გამოსვლა დავით ლორიაშვილმა და ლაშა გუჯეჯიანმა, თურქეთში საკლუბო ტურნირზე გამოდიოდა ვახტანგ ზოიძე, ხოლო ლევან ჟორჟოლიანი ჩინეთის ქალაქ ქინგდაოში ასპარეზობდა "დიდ პრიზზე".

შარშანდელი ფინალისტები ადამ ოქრუაშვილი (მცხეთა-მთიანეთი) და ზვიად ხანჯალიაშვილი პირველად მეორე ქვეჯგუფში გაანაწილეს.

შედარებით იოლად განვლო გზა ფინალამდე თელაველმა გიგანტმა ხანჯალიაშვილმა (წონა 155 კგ. სიმაღლე 205 სმ). მოქმედ ფალავანს ადამ ოქრუაშვილს კი
დიდი ბრძოლების გადახდა მოუწია, განსაკუთრებით იმერეთის წარმომადგენელ ონისე ბუღაძესთან და ახმეტელ მირიან გონჯილაშვილთან. ამ ახალგაზრდა მოჭიდავეებმა ქომაგთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. მეორე ქვეჯგუფიდან კარგი შთაბეჭდილება დატოვა გორელმა უშანგი კოკაურმა. მეტს ველოდით თევდორე აბელაშვილისაგან (თბილისი).

2011 წლის ფალავნობის ფორმატში იყო ერთი სიახლე - ფინალისტებთან დამარცხებულმა მოჭიდავეებმა ბრძოლა ორივე ქვეჯგუფიდან გააგრძელეს დამამშვიდებელ ჯგუფში. ეს იყო პაექრობა მცირე ფინალისათვის, რომელსაც უნდა გამოევლინა საქართველოს ფალავნობის ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

"მცირე ფინალში" მირიან გონჯილაშვილსა და უშანგი კოკაურს შორის შეხვედრის დასაწყისში უპირატესობას გორელი დაეუფლა. მაგრამ გონჯილაშვილის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან შეძლო მობილიზება, ეფექტური გდებით გაიმარჯვა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ეს მისი პირველი ტიტულია საქართველოს ფალავნობაზე.

მაყურებლები მოუთმენლად ელოდნენ მთავარ ფინალს. შარშანდელის მსგავსად წლეულსაც ადამ ოქრუაშვილი და ზვიად ხანჯალიაშვილი წარსდგნენ ერთმანეთის პირისპირ. ყველას აინტერესებდა შეძლებდა თუ არა ოქრუაშვილი ზედიზედ მესამედ გაფალავნებას, ანდა - ხანჯალიაშვილი შარშანდელი მარცხისათვის რევანშის აღებას...

მეტოქეები, ცხადია, კარგად იცნობენ ერთმანეთის საჭიდაო არსენალს. ამიტომ შეხვედრის ძირითად 5 წუთში ორივე მოჭიდავე ზედმეტად ფრთხილობდა სარისკო შეტევის წამოწყებას. ნულოვანი ფრეს შემდეგ ქართული ჭიდაობის ახალი წესების თაანხმად, მსაჯებმა დანიშნეს დამატებითი დრო - პირველ მომგებიან ქულამდე. ერთი წუთიც არ იყო გასული, რომ ოქურაშვილმა წონასწორობა დააკარგვინა მეტოქეს და სასურველი ფანდი შეასრულა - ზედიზედ მესამედ მოიპოვა საქართველოს ფალავნობა.

როგორც ყოველთვის, ქართულ ჭიდაობაში აბსოლუტური ფალავნობა მიმზიდველი და საინტერესო პირველობაა. ასე იყო ამჯერადაც.

წლევანდელ ფალავნობაზე პირველად გამოჩნდა 160 სმ-იანი საინფორმაციო მონიტორი ქართული შრიფტით. უნდა ითქვას, რომ სასურველი იყო უფრო ფართო აუდიტორია. აბსოლუტური პირველობა, რა თქმა უნდა, ვერ იქნება გამორჩეული მონაწილეთა სიმრავლით, როგორც ჩვეულებრივი შეჯიბრება, მაგრამ ყოველთვის გამოჩნდებიან ხოლმე პერსპექტიული ახალგაზრდები. იგივე ითქმის ზემოთხსენებულ კოკაურზე, ბუღაძეზე, გონჯილაშვილზე...

ქართული ჭიდაობის თავკაცმა თეიმურაზ გიორგაძემ შეჯიბრების ბოლოს სამგზის ფალავანი და პრიზიორები პრემიებითაც დააჯილდოვა.

კვარცხლბეკი
1. ადამ ოქრუაშვილი - მცხეთა მთიანეთი (3000 ლარი)
2. ზვიად ხანჯალიაშვილი - თელავი (2000 ლარი)
3. მირიან გონჯილაშვილი - ახმეტა (1000 ლარი).

გაბრიელ ბარჯაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული