გორმა ქართულ ჭიდაობაში საქართველოს გუნდურ პირველობას უმასპინძლა

AutoSharing Option
უჩვეულო ატმოსფერო იყო გორის "დილას" სტადიონის მწვანე მინდორზე გაშლილ საჭიდაო ხალიჩაზე. გაიმართა საქართველოს გუნდური პირველობა ქართულ ჭიდაობაში აჭარის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, მცხეთა მთიანეთის, თბილისის, ქვემო ქართლისა და კახეთის გუნდების მონაწილეობით.

ასეთივე ტურნირი ერთი თვის წინათ, მცხეთაში, სანდრო კანდელაკის სახელობის დარბაზში (ცირკში) გაიმართა, სადაც იგივე გუნდები იბრძოდნენ პირველობისათვის. ამ შეჯიბრებებს რეგიონის სახელმწიფო ადმინისტრაციები კურირებენ და დახმარებას უწევენ ქართული ჭიდაობის ცენტრალურ და რეგიონალურ ფედერაციასთან ერთად.

მცხეთაშიც და გორშიც გუნდური პირველობა მასპინძლებმა მოიპოვეს.

გორიში ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრები ისე უშეღავათო და
დრამატული გამოდგა, რომ მხოლოდ ბოლო შერკინებებმა, ანუ მძიმეწონოსნებმა გადაწყვიტეს თავიანთი გუნდების ბედი.

მესამე ადგილისათვის წინა ტურნირის გამარჯვებულმა მცხეთა-მთიანეთმა 3:2 სძლია იმერეთს და 3000 ლარი მოპოვა. ასეთივე ანგარიში იყო ფინალშიც. შიდა ქართლმა აჯობა თბილისს და 6000 ლარი ირგუნა. თბილისელებმა კი 4000 ლარი მიიღეს.

ტექნიკური ჭიდაობისთვის 500 ლარი გადაეცა ოთარ კაიდარაშვილს (შიდა ქართლი, 60 კგ).

საუკეთესო ოთხეული: 1. შიდა ქართლი, 2. თბილისი, 3. მცხეთა-მთიანეთი, 4. იმერეთი.

გამარჯვებული გუნდი: პაატა მერებაშვილი, ოთარ კაიდარაშვილი (60 კგ), გიორგი პაპუნაშვილი, ანზორ ხმიადაშვილი (70 კგ), იოსებ ჩილინდრიშვილი, ნოდარ კუდუხაშვილი (80 კგ), გიორგი ნოზაძე, ჯუმბერ გიგაური (90 კგ), უშანგი კოკაური, ნოდარ მეტრეველი (+90 კგ). მწვრთნელები: გივი ზაუტაშვილი, ანზორ თენაძე, ქართლოს პავლიაშვილი.

მორიგი გუნდური პირველობა ქართულ ჭიდაობაში გაიმართება ქვემო ქართლში.

გაბრიელ ბარჯაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული