დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები დუშეთში მორიგ შეკრებას იწყებს

AutoSharing Option
დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები დუშეთში მორიგ შეკრებას იწყებს, რომელიც მთლიანად ტექნიკურ მხარეს, ანუ ლეიბზე ვარჯიშს დაეთმობა: ილეთების დამუშავება, კომბინაციური ჭიდაობა და სხვა.

დუშეთში მწვრთნელთა განკარგულებაში 40-მდე სპორტსმენი იქნება. მათ შორის - ის ხუთეულიც, რომელმაც რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის საგზური მოიპოვა: ევროპის წლევანდელი ბრინჯაოსმედალოსანი შმაგი ბოლქვაძე (66), ევროპის მოქმედი ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი (75), ევროპის წლევანდელი ფინალისტი რობერტ კობლიაშვილი (85), ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი რევაზ ნადარეიშვილი (98) და 23-წლიანებში ევროპის წლევანდელი გამარჯვებული იაკობ ქაჯაია (130).

შეგახსენებთ, რომ სწორედ ეს ხუთეული რამდენიმე
დღის წინ დაბრუნდა სომხეთიდან, სადაც წახკაძორის ოლიმპიურ ბაზაზე საერთო ფიზიკური მომზადებისთვის განკუთვნილი შეკრება გაიარეს. ისინი მწვრთნელებმა ცოტა დაასვენეს, ბოლქვაძე, ნადარეიშვილი და ქაჯაია სახლებში გაუშვეს, მშობლიურ რაიონებში, თუმცა ისინიც და თბილისელებიც - დათუნაშვილი-კობლიაშვილი ადგილზე აგრძელებდნენ ვარჯიშს.

დუშეთში გუნდი ორი კვირის განმავლობაში ივარჯიშებს, 29 ივნისს თბილისში დაბრუნდება, მეორე დღეს კი გერმანიაში გაემგზავრება, სადაც 2-3 ივლისს დორტმუნდში "დიდ პრიზზე" გამოვა. იქაც ძირითადად ლიცენზიის მომპოვებელი ხუთეული გაემგზავრება, რომლებიც გერმანიიდან მინსკში გადაფრინდებიან და ახლა იქ გაივლიან ორკვირიან შეკრებას. თუმცა ეს ერთობლივი ვარჯიში იქნება, სადაც მათთან ერთად სხვა გუნდებიც იქნებიან.

გუნდი თბილისში 20 ივლისს დაბრუნდება და კიდევ ერთ შეკრებას უკვე აქ გაივლის, ბრაზილიაში კი 4 აგვისტოს გაემგზავრება და ადაპტაციის მიზნით იქაც მოაწყობს ხანმოკლე შეკრებას.

ოლიმპიადაში მოჭიდავეთაგან პირველად  "ბერძენ-რომაელები" ჩაებმებიან, რომელთა ტურნირი 14 აგვისტოს იწყება.

პირველ დღეს 59-75 წონების წარმომადგენლები ჭიდაობენ. შეგახსენებთ, რომ 59 ერთადერთი წონაა 6-დან, სადაც მონაწილე არ გვყავს. 15-ში საჭიდაოდ 85-ის და 130-ის ფალავნები გავლენ, მეორე დღეს კი მედლების მოპოვებას 66 და 98 კილოგრამის ფალავნები შეეცდებიან.

17 აგვისტოდან თამაშებში ქალები ჩაებმებიან, რომლებსაც ორი დღე დაეთმობათ, ყველაზე ბოლოს კი თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ - 19-21 აგვისტოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული