ბ/რ ჭიდაობა. ბაქოს ტურნირი: წარმატებული დასაწყისი

AutoSharing Option
ფოტოზე: ხვიჩა ქორიძე (მარჯვნივ)
13 აპრილს ბაქოში დაიწყო "აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის თასის" გათამაშება ჭიდაობაში, ახალგაზრდებსა და ჭაბუკებში, რომელშიც თავდაპირველად ბერძნულ-რომაულად მოჭიდავე ჭაბუკები ჩაერთვნენ.

ჩვენმა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა და 11 მედალი მოიპოვა - 2 ოქრო, 4 ვერცხლი და 5 ბრინჯაო. ამასთან, გუნდურ ჩათვლაში მესამეზე გავიდა მასპინძელი აზერბაიჯანისა და ირანის შემდეგ.

სასიამოვნოა, რომ ასეთ ძლიერ ტურნირზე ორ წონაში ქართული ფინალი გაიმართა: 58-ში ლანჩხუთელმა გიორგი შოთაძემ თბილისელი გიორგი პერტაია დაამარცხა, 76-ში კი ნორიოელმა გიორგი ცოფურაშვილმა ოზურგეთელი ლუკა ზაქარიაძე დაჯაბნა. ჩვენს ნაკრებს კიდევ ორი ვერცხლის მედალი გარდაბნელმა აკაკი ოსიაშვილმა (54) და ხულოელმა ოთარ აბულაძემ (63) მოუტანეს. ოსიაშვილმა ფინალური პაექრობა ირანელ ომიდ არამისთან დათმო, აბულაძემ კი - მასპინძელ გავიდან გავადოვთან.

ჩვენი ნაკრებიდან ბრინჯაოსმედალოსნები გახდნენ ბორჯომელი დიმიტრი ხაჩიძე (42), სენაკელი გიორგი ჩხიკვაძე (54), ხულოელი ხვიჩა ანანიძე (58), ოზურგეთელი ომარ სირაძე, მარტყოფელი დავით სოლოღაშვილი (ორივე - 69).

ეს მით უფრო სასიამოვნოა, რომ ტურნირი საკმაოდ ძლიერი გამოდგა - ბაქოში 10 გუნდი ჩავიდა: საქართველო, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, ირანი, თურქეთი, რუსეთი, უკრაინა, ლატვია და ბელორუსი, რომლებსაც გაფართოებული შემადგენლობით მოჭიდავე მასპინძლებიც დაემატნენ.

ჩვენი ნაკრები ბაქოში 19 სპორტსმენით ჭიდაობდა, ანუ ნახევარზე მეტმა მედალი მოიპოვა. ეს შეჯიბრება სადებიუტო იყო ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელ ხვიჩა ქორიძისთვის, რომელმაც წარმატებული დებიუტი მოიწყო. მისი შეგირდები ყველაზე კარგად 58 კილოგრამში გამოვიდნენ, სადაც 4 მედალოსნისგან 3 ქართველი იყო. თან ჩვენებმა მხოლოდ ბრინჯაოს მედალი დაუთმეს აზერბაიჯანელ ჰასან მამედლის.

ჩვენებიდან ყველაზე დასანანი სამტრედიელი ელგუჯა ბალანჩივაძის (100) მარცხია. ეს ბიჭი თავისუფალ ჭიდაობაში გამოდიოდა, თუმცა იქ საქართველოს ჩემპიონატი წააგო, მერე კი ბედი ბერძნულ-რომაულში სცადა და გაიმარჯვა. ჯერჯერობით გამოცდა ვერ ჩააბარა და ვნახოთ, რა მოხდება მომავალში.

დღეს შეჯიბრებაში თავისუფალ სტილში მოჭიდავე ჭაბუკები ჩაებმებიან და მათ გაფართოებულ, 25-კაციან შემადგენლობას აქვე გთავაზობთ, ხვალ და ზეგ კი ახალგაზრდები იასპარეზებენ ორივე სტილში. ჭაბუკმა "ბერძენ-რომაელებმა" თავიანთი კარგი სტარტით მათ ჩინებული განწყობა შეუქმნეს.

თავისუფალი ჭიდაობა. ჭაბუკები
42 კგ. იგორ ბერიძე (აჭარა), ლუკა ჩხიტუნიძე (საჩხერე)
46 კგ. გიორგი ჭოლაძე (აჭარა), გიორგი გეგელაშვილი (გორი)
50 კგ. ნიკა მახარაძე (აჭარა), დიმიტრი სალდაძე (ქუთაისი)
54 კგ. თამაზ შავაძე (აჭარა), ვლადიმერ გამყრელიძე (ამბროლაური)
58 კგ. გიგი ბლიაძე, ავთანდილ გოდელაშვილი (ორივე - ხაშური), თორნიკე ქათამაძე (აჭარა)
63 კგ. ლუკა მარიამიძე (თბილისი), გიორგი ელბაქიძე, სანდრო სარდანაშვილი (ორივე - ამბროლაური), ოთარ ბაგაური (საჩხერე)
69 კგ. გიორგი მუზაშვილი (გორი), ბაგრატ გაგნიძე (ქუთაისი)
76 კგ. ლაშა ბაირამოვი (ქარელი), გიორგი ჩანქსელიანი (ხონი), აკაკი გოგსაძე (ამბროლაური)
85 კგ. დავით ქოჩქიანი (თბილისი), გიგი გოგობერიშვილი (ამბროლაური)
100 კგ. ჭაბუკი გამყრელიძე (ამბროლაური), გიორგი შარვაშიძე (რუსთავი), სოლომონ მანაშვილი (თბილისი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული