გოგონები ვეღარ იზრდებიან - ინტერვიუ გია თენაძესთან

AutoSharing Option
ბიჭების გუნდური შეჯიბრება რომ არა, ესპანურ მალაგაში გამართული ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი ყოველმხრივ წარუმატებელი იქნებოდა ჩვენებისთვის. მხოლოდ ის შეჯიბრება მოვიგეთ, თორემ ინდივიდუალურ პირველობაში ბიჭების ვარსკვლავური გუნდი უჩემპიონოდ, ორი ვერცხლის ამარა დარჩა, გოგოებს კი საერთოდ მოეცარათ ხელი.

მედლისკენ მხოლოდ ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანდელმა ფინალისტმა მარიამ ჯანაშვილმა (52) გაიწია, ვინც ნახევარფინალში გავიდა, თუმცა საბოლოოდ მეხუთეზე დარჩა.

ესპანეთში ჩვენგან სულ ექვსი გოგო ჭიდაობდა, თუმცა იმათგან ორი - ეთერ ლიპარტელიანი (57) და სოფიო სომხიშვილი (+78) ჯერ ისევ ჭაბუკთა ნაკრებში გამოდიან და გამოცდილების მისაღებად წაიყვანეს, ჭაბუკებში
ევროპის ჩემპიონი მზია ბებოშვილი (52) კი ფეხის ოპერაციით გამოწვეული 6-თვიანი პაუზის შემდეგ პირველად დადგა ოფიციალურ ტურნირზე.

მათ გარდა ესპანეთში სალომე მარგიანი (48) და ხატია ჯანაშვილიც (57) ასპარეზობდნენ. გუნდის გამოსვლის შესახებ გვესაუბრება ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია თენაძე.

- რა გეგმით მიდიოდით ესპანეთში და როგორ აფასებთ თქვენი გუნდის გამოსვლას?
- მედალს ჯანაშვილისგან ველოდით და თანაც - მაღალი ხარისხისას, თუმცა ესპანეთში გამოჩნდა, რომ სათანადოდ ვერ მოვემზადეთ. ამის მიზეზსაც მოგახსენებთ: გახსოვთ, მარტში მან როგორ იჭიდავა თბილისში, "დიდ პრიზზე" და რამდენად ძლიერ გოგოებს მოუგო, მაგრამ მანამდე დეკემბერში ჩინეთსა და კორეაში გამოვიდა ორ შეჯიბრებაში, სადაც ტურნირის შემდგომი საწვრთნელი კემპებიც გაიარა, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია სპორტსმენისთვის.

შემდეგ ასეთივე კემპებზე ივარჯიშა ავსტრია-უნგრეთში და იქაც მაგარი შეკრებები გაიარა. დანარჩენ დროს სახლში ემზადებოდა, მაგრამ თბილისში ამ გასვლებმა დაგვანახა, რაოდენ ძლიერად იყო მომზადებული. თუმცა ბოლომდე ისიც არ ეყო და მესამე-მეოთხე შეხვედრაში საკმარისი არ აღმოჩნდა.

მას შემდეგ ისეთი მოსამზადებელი ეტაპი არ ჰქონია, სახლში მზადებით კი ჯანაშვილი სხვებს გაგვიზრდის, მაგრამ თავად ერთ ადგილზე გაჩერდება. მისთვის აუცილებელია უცხოეთში გასვლები, თორემ ხომ არ შეიძლება, სულ მზია ბებოშვილთან ან ნინო მგელაძესთან ივარჯიშოს? დანარჩენები ან სუსტები უნდა დაუყენო, რომლებსაც თვითონ კი გაზრდის, მაგრამ თავად სანაცვლოდ ვერაფერს მიიღებს, ან ზედა წონებთან უნდა ავარჯიშო, რაც უკუეფექტს მოგვცემს.

აი, ეს პრობლემაა - აკლია მისთვის შესაფერის დონეზე მომზადება. ბოლო ეტაპი თურქეთში კი გავიარეთ, მაგრამ ამ წონაში მათი ლიდერები არ უდგებოდნენ სპარინგებზე. არადა, მართლა მეცოდება, იმდენად თავდაუზოგავად მუშაობს, თუმცა ფიზიკური მომზადება უსწრებს ტექნიკურსა და ტაქტიკურს. მომავალი წლისთვის მას სხვანაირად დავუგეგმავ მოსამზადებელ გეგმას.

- ანუ აქცენტს უცხოურ კემპებზე აიღებთ?
- კი, თავისთავად. მან დიდი სპორტი რომ ვერ იჭიდაოს, ზუსტად ამის ბრალი იქნება - აქ ვარჯიშით ის ვეღარ გაიზრდება. რაღაც დონეზე მივიყვანეთ, მაგრამ მეტად ვეღარ მოუმატებს. ფაქტობრივად, სხვებიც ასე იქნებიან, რადგან ეს ქალ ძიუდოისტთა პირველი თაობაა. კი გვყავს ლეონიძის, ოძელაშვილის და სხვათა თაობა, რომლებიც გარკვეულწილად მოგვეხმარნენ ამათ გაზრდაში, მაგრამ განუსაზღვრელი ოდენობით ისინიც არ იყვნენ. პრაქტიკულად, პირველი თაობა ესაა, რომელსაც უკვე უცხოეთში სჭირდება გასვლა, თორემ ერთ ადგილს დატკეპნიან.

- თქვენი აზრით, ნახევარფინალში ჯანაშვილს თურქ ირემ ქორქმაზთან ჰქონდა შანსი? მას ხომ კარგად იცნობს, ხშირად ერთად ვარჯიშობენ და ტურნირებზეც უჭიდავიათ.
- ქორქმაზთან ის შარშანაც დამარცხდა ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა მაშინ ოპერაციის შემდეგ ახალი დაბრუნებული იყო ტატამზე, გაფრთხილებებით უგებდა და 10 წამით ადრე წააგო. ახლაც ასე იყო - გაფრთხილებით წინ იყო, მაგრამ 20 წამში გაუშვა ილეთი. ქორქმაზთან რაღაც ვერ აწყობს ჭიდაობას და ამიტომ ვამბობ, რომ უკვე სხვა დონეზე სჭირდება მომზადება.

- ტექნიკურადაც ხომ არ უნდა მომატება, რადგან რაც უფრო მაღლა ადის, უფრო ძლიერი კონკურენტები ხვდებიან?
- სწორედ ამიტომ ვთქვი წეღან, რომ ფიზიკური მომზადება უსწრებს ტექნიკურსა და ტაქტიკურს. ფიზიკურად კარგადაა მომზადებული, მაგრამ ახლა სხვა კომპონენტებში სჭირდება გაძლიერება. მეტოქე თუ მოიხელთა, აიყვანს და დააგდებს; ძალისმიერ ილეთებს კარგად აკეთებს, მაგრამ ტექნიკურებს ვერ ასრულებს. არადა, ტექნიკა აქვს - აბა, დაუყენეთ ცოტა სუსტი, ყველა გდებას გაუკეთებს, მაგრამ თავისივე დონის მეტოქეებთან უჭირს, რადგან აკლია მისი დონის ხალხთან ვარჯიში. აი, სწორედ ამიტომ სჭირდება უცხოური კემპები.

საჭიროა 10-დღიანი, 2-კვირიანი სპეციალური შეკრებები, თორემ შეჯიბრების შემდეგ ვარჯიშებზე დარჩენა იმდენად ეფექტური არაა, ტურნირით გადაღლილი იქ ისე წარმატებით ვეღარ მუშაობს. გვინდა, იაპონიასა და ჰოლანდიაში წავიყვანოთ შეკრებებზე, რაც ძალიან წაადგება. საგაისოდ მას სპეციალურ პროგრამას შევუდგენთ, თუმცა ეს ყველაფერი ფედერაციასთან უნდა შევათანხმოთ. უბრალოდ, ამ ორ ქვეყანაში შეკრების გავლა სულ სხვა ჯანაშვილს მოგვცემს.

აქვე გეტყვით, რომ ნოემბერში მისი გაგზავნა ისრაელშიც გვინდა, ევროპის 23-წლიანთა ჩემპიონატზე, სადაც ბიჭები მიდიან. ოღონდ ფედერაციაც თუ დაგვეთანხმა და ისრაელმაც მიგვიღო, ვაპირებთ, ის მწვრთნელთან ერთად 10 დღით ადრე გავგზავნოთ შეკრებაზე, რაც აუცილებელია.

- ბებოშვილმა დაასრულა ადაპტაცია, რა გაჩვენათ ამ შეჯიბრებამ?
- მას კი ჰქონდა ის ძველებური სურვილი და შემართება, რაც ხასიათში აქვს, მაგრამ ამხელა გაცდენამ თავისთავად იმოქმედა. ტატამის გამძლეობა სულ სხვაა და ეტყობოდა, ამ კუთხით მუშაობა რომ აკლდა. სიმართლე გითხრათ, ახლა არც მინდოდა მისი წაყვანა. მეშინოდა, ვაითუ ნაოპერაციები ფეხი ჯერ სათანადოდ არ იყოს მომაგრებული და კიდევ არ გაიმიზეზოს-მეთქი, მაგრამ იმდენად დაჟინებით ითხოვდა წასვლას; თან, შეკრებაზეც რომ შევხედე, საერთოდ არ აშინებდა იმ ფეხის მდგომარეობა, თავისუფლად იყენებდა მას და წავიყვანე, გული არ დავწყვიტე.

შედეგს არ ველოდი, რადგან 6-თვიანი პაუზა ნებისმიერ სპორტსმენს დაეტყობა, მაგრამ სადღაც ხომ უნდა დაეწყო? თან გამოცდილებაც მიიღო. სულ მალე ვიხილავთ ძველებურ ბებოშვილს, როცა ის მიზანმიმართულ ეტაპებს, სწრაფძალოვან ვარჯიშებს და ფიზიკურად დატვირთულ შეკრებებს გაივლის. ვფიქრობ, მომავალ სეზონში ის ერთ-ერთი ლიდერი იქნება.

- დანარჩენების გამოსვლას როგორ აფასებთ?
- წაგების მიუხედავად, გამოცდილება მაინც მიიღეს. ერთია, როცა შენს მეტოქეს ინტერნეტში უყურებ და სულ სხვაა, როცა უშუალოდ ეჭიდავები, უშუალო კონტაქტი გაქვს მასთან. ის ჭაბუკებიც ამიტომ წავიყვანეთ - გამოცდილების მისაღებად. თავის ასაკში რომ ბრწყინვალედ გამოვიდნენ, წავახალისეთ და ერთგვარად დავაჯილდოვეთ ამით. თუმცა ასე მარტო ჩვენ კი არა, ბევრი სხვა ქვეყნის მწვრთნელიც მოიქცა და რამდენიმე წონაში ჭაბუკები ჩემპიონებიც კი გახდნენ.

ჩვენებიც კარგად გამოვიდნენ. მაგალითად, ეთერ ლიპარტელიანმა გუნდურში ძლიერ ხორვატს მოუგო, სალომე მარგიანი კი ასევე ძლიერ კონკურენტთან დამარცხდა - ჰოლანდიელი ამბერ გერსხესი ჭაბუკებში მსოფლიოს ფინალისტია. ხატია ჯანაშვილთან ცოტა მსაჯის მიმხრობა იყო, სადავო ეპიზოდი გახლდათ.

- დაბოლოს, წლეულს თუ გამოხვალთ შეჯიბრებებში?
- გეგმა ფედერაციამ უნდა დაგვიმტკიცოს, მე კი მსურს, რომ მზადება იანვარში ავსტრიული ერთობლივი კემპით დავიწყოთ. ბევრი გასვლა სხვებსაც სჭირდებათ, თორემ მხოლოდ ორი სასტარტო ტურნირით ძნელია, ილუზიონისტები ხომ არა ვართ. ადგილობრივი რესურსით მათ ვერ ვტვირთავთ, ბიჭებთან კი ორი შეხვედრის მეტი არ შეიძლება, თორემ ესეც უკუეფექტს გამოიწვევს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული