სუპერ-ლიპარტელიანი! - ინტერვიუ გია თენაძესთან

AutoSharing Option
ფოტოზე: გია თენაძე. ეთერ ლიპარტელიანი, სოფიო სომხიშვილი, კახა მოცრაძე
ჭაბუკი ძიუდოისტები უკვე დაბრუნდნენ საქართველოში ფინეთიდან, სადაც წარმატებით იასპარეზეს თანატოლთა ევროპის ჩემპიონატში - ბიჭებმა გუნდური პირველობა მოიგეს, პირადში კი 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო ირგუნეს. გოგონებმა თითო ოქრო-ვერცხლი და დიდი სიმპათიები მოინადავლეს. ევროპის ჩემპიონი ამჯერად ეთერ ლიპარტელიანი (57) გახდა, ვერცხლს კი სოფიო სომხიშვილი (+70) დასჯერდა.

აღსანიშნავია, რომ ბიჭებმა ზედიზედ მეორედ მოიგეს გუნდური ევროპირველობა, გოგონებში კი პირადში ასევე ზედიზედ მეორე წელია, ჩემპიონი ჩვენია (შარშან 52 კილოგრამში მზია ბებოშვილმა გაიმარჯვა). ლიპარტელიანისთვისაც ეს ოქრო
ზედიზედ მეორეა - შარშან ევროპის ოლიმპიური ფესტივალი მოიგო.

გოგონებმა ევროპირველობისთვის დასკვნითი შეკრება ტრაბზონში გაიარეს და ორიოდე საათით ასცდნენ სტამბოლის ცნობილ ტერაქტს - იმ საღამოს ფინეთში "ათათურქის" აეროპორტიდან უნდა გაფრენილიყვნენ! საბედნიეროდ, გადარჩნენ, თუმცა მათი გამგზავრება კი აირია, მაგრამ მაინც დროულად ჩავიდნენ ადგილზე.

გოგონების ნაკრების მთავარ მწვრთნელ გია თენაძესთან საუბარიც ამ თემით დავიწყეთ.

- ჯერ მგზავრობის პრობლემებზე ვთქვათ, რაც ადვილად გადასაჭრელი არ ყოფილა, თან ეს სატურნირო სიძნელეებს დაემატა.
- ეს ყველაფერი სტამბოლის ტერაქტმა გამოიწვია და იყო საშიშროება, საერთოდ ვერ წავსულიყავით ევროპის ჩემპიონატზე და მთელი ეს შრომა წყალში გადაგვყროდა. ტრაბზონიდან სტამბოლის პირველი რეისი გადაიდო კიდეც, თუმცა გაგვიმართლა და მაინც მალე გადავფრინდით ფინეთში. გოგოების გუნდი ბიჭებზე ერთი დღით ადრე ჩავიდა.

თავდაპირველად ტრაბზონიდან ავტობუსით ვაპირებდით წასვლას სტამბოლში, მაგრამ მერე თვითმფრინავის ვარიანტი გამოჩნდა. არადა, სტამბოლში საღამოს 9 საათზე გვიწევდა ჩაფრენა. მერე სათადარიგო ვარიანტებსაც ვეძებდით. მათ შორის იყო საქართველოში დაბრუნება და აქედან, თბილისიდან ან კოპიტნარიდან ევროპაში გადაფრენა, ან მინსკის თუ რომელიმე სხვა ქალაქის გავლით წასვლა, მაგრამ მალევე გავიგეთ, რომ სტამბოლშიც აღდგა რეისები.

- ალბათ, ტერაქტმა გოგონებში შიშიც გამოიწვია...
- შიში არა, მათზე ძალიან იმოქმედა იმის განცდამ, რომ შეიძლება, საერთოდ ვერ წავსულიყავით ფინეთში. გოგონები კი არიან, მაგრამ მშიშრები - არა.

- ეს თვისება ფინეთშიც გამოავლინეს, სადაც უმეტესობამ კარგად იჭიდავა. ყველაზე მეტად ვინ გაგიმართლათ იმედები?
- მე ყველას კმაყოფილი ვარ, რადგან მაქსიმალურად დაიხარჯნენ. რა თქმა უნდა, შეჯიბრებაზე ყველას არ გაუმართლებს. შეიძლება, ლიდერი იყოს, იმედიც გქონდეს და წარმატებაც დაუგეგმო, მაგრამ სწორედ მან ვერ გაამართლოს.

გულახდილად გეტყვით: ლიპარტელიანსა და სომხიშვილთან ერთად ნინო მგელაძის იმედიც მქონდა, მაგრამ პატარ-პატარა მიზეზების გამო ტურნირს პიკში ვერ უწია. თუმცა მერე გუნდურში იტალიელს პატარა ბავშვივით მოუგო.

მარიამ ჭანტურიასგანაც უკეთეს ჭიდაობას ველოდი, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ უკმაყოფილო ვარ - ის 2000 წელსაა დაბადებული, თან წლეულს წონა შეიცვალა, ახლა კი უფროსებში ჭიდაობდა და მეტი რა უნდა მოსთხოვო. მჯერა, რომ ჭანტურიაც, სომხიშვილიც და მათსავით ასევე 2000 წელს დაბადებული თინათინ რევაზიშვილი გაისად ლიდერები იქნებიან რეიტინგშიც და რეალურადაც, არა მარტო ევროპის ჩემპიონატზე, არამედ მსოფლიოს პირველობაზეც და ოლიმპიურ ფესტივალზეც. რევაზიშვილს მეტი მუშაობა კი სჭირდება, მაგრამ კარგად მოგვყვება...

- ყიფშიძეზე არაფერი გითქვამთ. არადა, ცუდად არც მას უჭიდავია.
- ყიფშიძემ ძალიან მაგარ გოგონებს მოუგო, მისით კმაყოფილიც ვარ, მაგრამ ბევრი მუშაობა მართებს საკუთარ თავზე. ახლა ერთი მწვრთნელი მუდმივად მას ვადექით თავზე, რადგან გუნდურში დიდი იყო მისი ფაქტორი - ის იწყებდა ჭიდაობას და დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, როგორ განწყობას შეიტანდა გუნდში. ამიტომ დიდი ყურადღება დავუთმეთ.

შარშანდლის შემდეგ ცოტა კი აქვს მომატებული, მაგრამ ბევრი მუშაობა სჭირდება, რათა ახალგაზრდებში ლიდერად ჩამოყალიბდეს. ის უკვე გადავა ზედა ასაკში და სამეულისთვის, ხუთეულისთვის მზად არის, ზოგადად, სტაბილურია, მაგრამ ლაპარაკია ისეთივე ლიდერობაზე, როგორებიც არიან მგელაძე, სომხიშვილი და ლიპარტელიანი...

ახლაც სანუგეშოში კარგად ჩაერთო და რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა. არსენალი კარგი აქვს, მაგრამ გუნდურში როგორც კი ჩოქბჯენში ოდნავ აჯობა იტალიელმა, დაკომპლექსდა.

- ლიპარტელიანის გამოსვლას როგორ შეაფასებთ, რას უგეგმავდით მას ჩემპიონატამდე?
- შეიძლება, შეჯიბრების წინ ხმამაღლა ვერ ილაპარაკო ოქროზე - ვაითუ, ვერ გამართლდეს და ერიდები პროგნოზებს. არც მე მიყვარს წინასწარ ლაპარაკი, მაგრამ ჩემთვის რომ ვაანალიზებდი რეალობას, მისი და სომხიშვილის იმედი მქონდა. თუმცა სომხიშვილისა - უფრო ნაკლებად, ოღონდ იმიტომ კი არა, რომ ვინმეზე ნაკლებია. უბრალოდ, მხრები აწუხებს და სრულყოფილად ვერ მოემზადა. დიდხანს მკურნალობდა, ფიზიკური შეკრება მხოლოდ სირბილით გაიარა, თოკსა და შტანგაზე ვერ ივარჯიშა. აი, ამის მეშინოდა, თორემ სოფო რომ ლიდერია, ყველამ აღნიშნა. უცხოელებმა - მსაჯებმა, კომისრებმა, მწვრთნელებმა "პატარა თეა დონღუზაშვილი" შეარქვეს.

ლიპარტელიანი უკვე ჩამოყალიბებული პროფესიონალი სპორტსმენია. სომხიშვილი თუ ძალით, თავისი მასით მიდის და ანგრევს ყველას და ყველაფერს, ამან იცის, როდის რა გააკეთოს, როდის როგორ იმოქმედოს, როდის წამოიწყოს კონტრშეტევა, შეტევა... ერთი სიტყვით, უკვე გამოცდილი სპორტსმენივით ფიქრობს, აზროვნებს.

თავისთავად, უფროსთა დონეზე ასასვლელად ჯერ კიდევ ბევრი სჭირდება, ჯერ კიდევ ბევრი შრომა მართებს, მაგრამ თანატოლებში აზროვნებითაც და სხვა კომპონენტებითაც წინ დგას, რაც ძალიან მახარებს. მინდა, ის უკვე ჩავრთო ახალგაზრდებში, როგორც - მგელაძე.

- ლიპარტელიანის კოზირად რა მიგაჩნიათ და პირიქით - რის გამოსწორებაზე უნდა იმუშაოთ?
- მისი მთავარი ნაკლი ისაა, რომ კონტრშეტევებზე ელოდება მეტოქეს. მუშაობისას სულ ამას ვეუბნებით, რომ შეუტიოს. კონტრშეტევაც აუცილებელია, ესეც უნდა იცოდეს, მაგრამ იქნებ ქულა დაკარგოს ან გაფრთხილება მიიღოს, ჭკვიანი მეტოქე არ მისცემს კონტრშეტევის შანსს. ამაზე კი ვიმუშავეთ, თუმცა ორჯერ აგებდა შეხვედრებს და მერეღა ამოქაჩა. ამ ნაკლსაც ნელ-ნელა ასწორებს.

კოზირი უფრო ამოსმულია, ამას ანიჭებს უპირატესობას. ზოგადად, ფეხით კარგად ჭიდაობს, თუმცა ახლა წელში შესვლის მცდელობებიც ჰქონდა. ბრუნს არ აკეთებს, მაგრამ წელში შესული წინ ატრიალებს მეტოქეს. დაბლაჭიდშიც ძალიან კარგად გრძნობს თავს, მოქნილია და არ მეშინია, ვაითუ, შებოჭვაზე მოჰყვეს-მეთქი, კარგად ამოდის. მასზე ყველა ერთხმად ამბობდა: სუპერ!

- სომხიშვილის ფინალზე რას იტყვით ფრანგ რომანე დიცკოსთან?
- მსაჯთან პრეტენზია არ მაქვს, რადგან ფრანგმა ჩავლებაზე დაასწრო და ოდნავ უკეთესი პოზიცია მიიღო. ზუსტად ეს გახდა წაგების მიზეზი. ფრანგმა გაუთიშა კისერი. თან ის ცოტა მაღალია და როცა გარეფეხზე გადავიდა, ეს სიტუაციიდან ვეღარ გამოვიდა.

- გოგონების ნაკრების უახლოესი მოსამზადებელი გეგმა როგორია, რომელ ტურნირებში გამოვლენ ისინი?
- წლეულს მსოფლიოს ჩემპიონატი არ ტარდება და ახლა დაგვრჩა მხოლოდ ახალგაზრდების ევროპის პირველობა, რომელიც სექტემბერში ესპანეთში გაიმართება. მანამდე გამოვალთ ჩეხეთსა და გერმანიაში. ეს შეჯიბრებები ერთმანეთის მიყოლებითაა, ხოლო ჩეხური ტურნირის შემდეგ საწვრთნელი კემპიც იმართება. გვინდა, იქაც მივიღოთ მონაწილეობა და მერე გადავიდეთ გერმანიაში. ფედერაციასა და სამინისტროში უკვე წარვადგინეთ ხარჯთაღრიცხვა და, იმედია, დაგვაფინანსებენ.

ჩეხეთში დიდწილად იმ კემპის გამო მარიამ ჯანაშვილის (52) წაყვანა გვინდა, რადგან მას ახალგაზრდებში თითქმის არ უჭიდავია და არც შეკრებები გაუვლია. ახალგაზრდებში გერმანიაში მისი და, ხატია ჯანაშვილი (57), სალომე მარგიანი (52) და ელისო სისაურიც (70) მიგვყავს.

უმცროსებიდან გერმანიაშივე მგელაძესა და ლიპარტელიანსაც დავიმატებთ.

სექტემბრის დასაწყისში ჰოლანდიელებიც გვეპატიჟებიან ერთობლივ ვარჯიშებზე - უკვე ყურადღებას გვაქცევენ და გვაკვირდებიან. თუ გამოიძებნება ფინანსური საშუალება 10-დღიანი შეკრების გასავლელად, შეიძლება, კიდევ დავამატო ერთი-ორი უმცროსი ასაკის გოგონა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული