ლიცენზიების დილემა გადაჭრილია - თბილისის გრან-პრის შეფასება

AutoSharing Option
ბოლო უქმეებზე თბილისში ჩატარებული ძიუდოისტთა "დიდი პრიზის" ტურნირი წინამორბედებივით საკმაოდ მაღალი დონისა გამოდგა - მასში 67 ქვეყნის 400-მდე ძიუდოისტი გამოდიოდა, რომელთა შორის მრავლად იყვნენ ევროპის, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები. მართალია, არც პირველხარისხოვანი ვარსკვლავები ჩამოსულან, გვაკლდა იაპონიის ნაკრებიც, თუმცა შეჯიბრება სუსტიც ნამდვილად არ იყო.

სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, ტურნირმა მაყურებელთა ანშლაგი მაინც ვერ გამოიწვია და ახალი სპორტის სასახლის მცირე დარბაზიც კი სამი დღის განმავლობაში ბოლომდე არ გავსებულა. არადა, სავსე ტრიბუნები დამატებითი კოზირი
იქნებოდა, რათა მომავალ ოლიმპიურ ციკლშიც წარმატებით ვიბრძოლოთ "დიდი პრიზის" სტატუსისთვის.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციასთან მიმდინარე ხელშეკრულებას ამ შეჯიბრებით გაუვიდა ვადა, ახალ ოლიმპიურ ციკლში კი თავიდან უნდა ვიბრძოლოთ ამ სტატუსის მოსაპოვებლად.

სამაგიეროდ, ეს ტურნირი კარგ მოგონებად დარჩებათ ესპანეთის სახელით მოჭიდავე 20 წლის ნიკოლოზ შერაზადაშვილს (90) და 32 წლის გვინეა-ბისაუელ ტატიანა ლიმას (48) - "მამლუქმა" ამ რანგის შეჯიბრებების პირველი მედალი მოიპოვა, აფრიკელი კი პირველად გავიდა ასეთი მაღალი დონის ფინალში.

შერაზადაშვილმა რეიტინგში 120 ქულა შეიმატა და საერთაშორისოში 41-ე ადგილამდე აღზევდა, ოლიმპიურში კი სალიცენზიო 22-კაციან ზონას მიუახლოვდა. თუმცა ესპანეთი უკვე შედის ამ ზონაში - დავიდ რუისი ზუსტად 22-ეა, მაგრამ ამ წარმატებით ჩვენებურმა მასთან სხვაობა 74 ქულამდე შეამცირა და რიო დე ჟანეიროში წასვლის შანსიც მნიშვნელოვნად გაეზარდა.

იმედია, ამას გამოიყენებს კიდეც, თუმცა დარჩენილი სალიცენზიო შეჯიბრებებიდან მადრიდში არც ერთი არ ტარდება, სხვაგან კი ისეთი თბილი ატმოსფერო, რაც თბილისში დახვდა, არსად ექნება - ის ხომ სახლში ჭიდაობდა და მაყურებელიც ოვაციით ხვდებოდა ტატამზე მის ყოველ გამოჩენას. ბრინჯაოს ფინალში გამარჯვების შემდეგ არც თვითონ დაიშურა სამადლობელი ჟესტები ტრიბუნების მიმართ.

გადაჭრილი სალიცენზიო დილემა
თუმცა ჩვენთვის ყველაზე საყურადღებო ისაა, რომ ამ მედლებით ლიცენზიების დილემაც, ფაქტობრივად, იმ ორ წონაშიც გადავჭერით, სადაც ჯერ კიდევ ვერ გვქონდა მყარი მდგომარეობა - 66-სა და 100-ში.

66-ში ტურნირის გამარჯვებული ვაჟა მარგველაშვილი კი შედიოდა სალიცენზიო ზონაში, თუმცა მე-20 იყო, ახლა კი საერთაშორისო რეიტინგში მე-19 ადგილამდე აიწია, ოლიმპიურში კი ერთბაშად მე-11 ადგილამდე ამაღლდა.

მადა ჭამაში მოდისო და ასე თუ გააგრძელა, განთესვის რვაკაციან ზონაზეც თავისუფლად შეიძლება ფიქრი. მართალია, ჯერ კიდევ არსებობს ამ ზონიდან გავარდნის შანსიც, რადგან თავად 812 სალიცენზიო ქულის მფლობელი 22-ეადგილოსანს სულ რაღაც 300 ქულით, ანუ მხოლოდ ერთი ტურნირის საჩემპიონო მარაგით უსწრებს, მაგრამ თავად მარგველაშვილის ბოლოდროინდელი დიდი პროგრესი გვაძლევს იმედს, რომ ამ მონაპოვარს არათუ არ დაკარგავს, გააუმჯობესებს კიდეც.

100 კილოგრამში ბრინჯაოს მოპოვებით ბექა ღვინიაშვილმა 120 ქულაც შეიმატა და სალიცენზიო რეიტინგში საგზურსაც "კუდზე დააჯდა" - 23-ეა. სადღეისო მდგომარეობით, მას 22-ში შესასვლელად,  მინიმუმ, 100 ქულა სჭირდება, რაც ნამდვილად არაა ძნელი მოსაპოვებელი, თუმცა დარჩენილ შეჯიბრებებში მეტოქეებიც ეცდებიან მარაგის გაზრდას.

ღვინიაშვილს დარჩენილ ტურნირებში 1-2 ბრინჯაოც სავსებით ეყოფა, ხოლო არაფერს ვამბობთ უკეთეს შედეგზე. მან უკვე გაუსწრო ალექსანდრე მსხალაძეს და საერთაშორისო რეიტინგში 39-ეა 456 ქულით, მსხალაძე კი 41-ეა 402-ით.

აღსანიშნავია, რომ ღვინიაშვილმა ამ წონაში სულ 6 შეჯიბრება ჩაატარა.

ვერ გეტყვით, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მწვრთნელები, მაგრამ, ვფიქრობთ, ჩვენმა ტურნირმა მათ 73 კილოგრამში არსებული მძაფრი შიდა კონკურენციის გასარკვევად დიდი გასაღები მისცა: ნუგზარ ტატალაშვილმა შედეგით აჯობა ლაშა შავდათუაშვილს და თავი საუკეთესო მხრივ წარმოაჩინა. თუმცა ვიმეორებთ - ეს კონკურენცია მაინც მწვრთნელთა გადასაწყვეტია.

შვედ მარტინ პაჩეკთან ღვინიაშვილის წაგებისა არ იყოს, 90-ში არჩილ გოგოლაშვილიც შეგეცოდებოდათ ყაზახ სამატ იესენთან მარცხისთვის - ქართველმა ბრუნით ორჯერ დაატრიალა საილეთედ, რომელთაგანაც ტაბლოზე პირველი იპონად (ჰაერში აიტაცა და ბეჭებით გამეტებით დაანარცხა ტატამს), მეორე კი ვაზარად დაუწერეს, მაგრამ არბიტრმა ორივე გააუქმა იმ მოტივით, მანამ "მატე" დავიძახეო. სამაგიეროდ, გოგოლაშვილს გაფრთხილებები ურიგა გულუხვად, ვიდრე არ მოხსნა.

მათ მეტი შანსი სჭირდებათ
სამწუხაროდ, ამ ტურნირზე ჩვენი სათადარიგო ფალავნების უმეტესობამ თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა, მაგრამ ორი მათგანი სასიამოვნო გამონაკლისია - ბრინჯაოსმედალოსანი ფრიდონ გიგანი 73-ში და ვიცე-ჩემპიონი ლევან გუგავა 81-ში.

ორივე ერთი თაობის სპორტსმენია, თუმცა, ასაკის გარდა, მათ ტექნიკური ჭიდაობისადმი მიდრეკილებაც აერთიანებთ - ბევრ ილეთს აკეთებენ, მათი გამოსვლა მხოლოდ გაფრთხილებებზე არაა აგებული. აქვთ დიდი ჟინი და ბრძოლისუნარიანობა, ფიზიკურადაც კარგ ჯანზე ჩანან, შედეგად კი ძალიან კარგად იჭიდავეს და მაყურებელს დიდი სიამოვნებაც მიანიჭეს.

23 წლის გიგანმა პირველ შეხვედრაში გამოცდილი ამერიკელი ნიკოლას დელპოპოლო დაამარცხა ვაზარით, რაც უკვე ეყოფოდა ძალის საზომად, მაგრამ მერე ასევე გამოცდილ პორტუგალიელ ანდრე ალვეშს დააცხრა მასირებული შეტევით და ორი წუთიც არ იყო გასული, როცა ორი ვაზარი აართვა. ის მხოლოდ მეოთხედფინალში დამარცხდა მონღოლ ოდბაიარ განბაატართან, ვინც იმ დღეს ჩვენებიდან მხოლოდ ტატალაშვილმა შეაჩერა ფინალში, გიგანის შემდეგ კი შავდათუაშვილსაც მოუგო. ვფიქრობ, სათანადო გამოცდილების მიღების შემდეგ ის ჩვენებურისთვის გადაულახავი ბარიერი აღარ იქნება.

დამამშვიდებელში გიგანმა კვლავ დამაჯერებლად მოუგო შვედ ტომი მაკიასს და ბერძენ გეორგიოს აზოიდისს. აზოიდისთან გაფრთხილებებით აგებდა, მაგრამ დასრულებამდე 10 წამიც არ რჩებოდა, ვაზარიზე დასცა.

გუგავა ჯერ 20 წლისაა და ასაკობრივ ნაკრებებში ბლომად მედლებიც მოიხვეჭა, თუმცა ერთი მინუსი ისაა, რომ დღემდე დიდი ტურნირების ჩემპიონი ვერ გახდა (თუ გუნდურებს არ ჩავთვლით). არადა, ძალიან სტაბილურია და ვალერი ლიპარტელიანივით (90) ევროპა-მსოფლიოზე ასაკობრივ ნაკრებებში სეზონს არ უშვებს უმედლოდ.

ახლაც 81 კილოგრამში ჩვენგან ყველაზე უკეთ გამოვიდა და უშანგი მარგიანის მარცხის ფონზე (პირველივე შეხვედრა წააგო ყაზახ აზიზ კალკამანულისთან) წონის მეორე ნომრობაზე სერიოზული განაცხადი გააკეთა. მით უფრო, ბოლომდე ვერც ზებედა რეხვიაშვილმა გაამართლა იმედები - თავიდან კარგად კი დაიწყო და ესპანეთში გადასული შალვა ყალაბეგაშვილი ჩახტომითი კისრულით ვაზარზე წამოიღო, რუს ივან ვორობიოვს გაფრთხილებებით დამაჯერებლად აჯობა, ხოლო ბერძენი ალექსიოს დანაციდისი დააიპონა, ფიზიკურადაც კარგად ჩანდა მომზადებული, არ იღლებოდა, ტექნიკა კი ყოველთვის გამოარჩევდა, მაგრამ მაინც უმედლოდ დარჩა: ჯერ რუს ალან ხუბეცოვთან წააგო, დამამშვიდებელში იგივე კალკამანულისი გაფრთხილებებით კი მოახსნევინა, მაგრამ წააგო ბერძენთა ქართველ რომან მასტოპულოსთან.

ამასობაში გუგავა ბრწყინვალე გდებებით მიიკვლევდა გზას ფინალისა და ქომაგთა სიმპათიისკენ. ამ სიმპათიების მოპოვება პირველივე შეხვედრიდან დაიწყო, როცა ლიტველ რამუნას დიბურისთან ვაზარი გაუშვა, მაგრამ ეკვეთა და ორჯერ ანალოგიური სინჯის გდება თავად ჩაუტარა. ამას კიდევ ორჯერ მიაყოლა წმინდა მოგება - უნგრელ საბოლც კრიჟანთან და თურქ ემირან იუსელთან, ვინც, სინამდვილეში, ქართველი იანვარაშვილია. ბულგარელი ივაილო ივანოვი, ალბათ, მეტოქეთაგან ყველაზე ძლიერი იყო და მასთან იუკოთი იმარჯვა, ნახევარფინალში კი ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი მასტოპულოსი დააიპონა. შესაძლოა, ის ფინალში გასვლით დაკმაყოფილდა კიდეც. ყოველ შემთხვევაში, ხუბეცოვთან თითქოს ძველი შემართება აკლდა.

ვფიქრობ, ამ ორ ახალგაზრდას რაც შეიძლება მეტი ტურნირი სჭირდება და მათგან კარგ რეზერვს მივიღებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
რა ზღაპრებს ყვებით, რა გადაწყვიტა ბექამ, 100-ში გადასვლა? 90-ში არ ექნებოდა შანსი და ეხლა მეტი შანსი აქვს?!:):) ნამუსი აღარაა?! ბექა რომ ამ წონის არაა, თვალით მაინც ვერ ხედავთ?!თვითონ გადასწყვიტაო, ეფ საიდან მოიტანეთ... მომადლიერებასავით გაუკეთეს შეთავაზება, 100-ში სცადეო, ოლიმპიადაზე რომ მოხვდეს, იქ შანსი მაინც არ ექნება, 90-ში კი ჰქონდა და მალე გამოჩნდება ლიპარტელიანის დადებული შედეგიც....
გოგი
21:03 31-03-2016
0
ღვინიაშვილი არავის გადაუყვანია 100 კგ-ში,თვითონ გადაწყვიტა ასე და მწვრთნელებიჩ არ შეეწინარმდეგნენ...თორემ 90ში პირველობისთვის ბრძოლა ვინმემ კი არ დაუშალა... საბოლოოდ ბექა მართალი აღმოჩნდა,90ში შანსი საკმაოდ მცირე ქონდა,ეხლა კი აუცილებლად მოიპოვებს რიოს საგზურს!!!
გიორგი მეზვრიშვილი
17:25 31-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული