ჭიდაობა

ძიუდო

თბილისის გრან-პრი. I დღე: მარგველაშვილის ოქრო, პაპინაშვილის ბრინჯაო [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 25 მარტს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში დაწყებულ ძიუდოისტთა გრან-პრის პირველ დღეს საქართველოს ნაკრებმა თითო ოქროს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ტურნირის გამარჯვებული 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი გახდა, ხოლო ბრინჯაო 60 კგ-ში ამირან პაპინაშვილმა მოიპოვა.
იხილეთ ვიდეო:
ვაჟა მარგველაშვილის ფინალური შეხვედრა
Sportall.Ge

ვაჟა მარგველაშვილის დაჯილდოვება
Sportall.Ge

მარგველაშვილმა პირველ წრეში საუდის არაბეთის წარმომადგენელ სულაიმან ჰამადს სუფთად აჯობა, შემდეგ კი უკრაინელთა ქართველ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ გიორგი ზანთარაიას იპონით მოუგო. ამის შემდეგ ვაჟამ იპონითვე ჩამოიცილა გზიდან თურქი სინან სანდალი და ებრაელი ტალ ფლიკერი,
გადამწყვეტ შეხვედრაში კი იტალიელ ფაბიო ბასილეს ვაზარით სძლია.

პაპინაშვილმა ბრინჯაოსთვის შეხვედრაში თურქეთის სახელით მოჭიდავე ბეკირ ოზლუს, იმავე ბეთქილ შუკვანს სუფთად მოუგო. ასპარეზობაში კი ის მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც უკრაინელ დენის ბილიჩენკოს სძლია, თუმცა შემდეგ ყირგიზ ოთარ ბესტევთან დამარცხდა. რეპეშაჟში ამირანმა ბულგარელ იანისლავ გერჩევს ვაზარით მოუგო.

გოგონათა შორის ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლა მარიამ ჯანაშვილმაც (52), მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში სამხრეთკორეელ მი-რი კიმთან დამარცხდა.

60 კგ-მდე წონით კატეგორიაში პირველივე ორთაბრძოლები დათმეს ირაკლი კუპატაძემ, ლუხუმ ჩხვიმიანმა და ივანე ჯავახიშვილმა. 66-ში კი სასტარტო შეხვედრები გელა კეხილაშვილმა, გიორგი გუგულაშვილმა და ბექა შავდათუაშვილმა წააგეს.

ქალთა ტურნირში დღეს ჩვენგან 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში მარიამ ციხელაშვილმაც იჭიდავა, თუმცა პირველივე წრეში დამარცხდა.

ხვალ, 26 მარტს, თბილისის გრან-პრიზე საქართველოდან მედლებისთვის ნუგზარ ტატალაშვილი, გიორგი კაციაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი (ყველა -73 კგ), ლევან გუგავა, გიორგი პაპუნაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი, უშანგი მარგიანი (ყველა -81) და ესტერ სტამი (ქალები, -70) იასპარეზებენ.