დიუსელდორფის "დიდი მუზარადი": გოგოჭურის მეორე წარმატება

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა ორი ბრინჯაოთი დაასრულა გამოსვლა დიუსელდორფის "დიდ მუზარადზე".

პირველი ჯილდო ზვიად გოგოჭურმა (90) მოიპოვა, მეორე - მძიმეწონოსანმა ადამ ოქრუაშვილმა, რომელმაც დამამშვიდებლის ფინალში თანაგუნდელი ლევან მატიაშვილი დაჯაბნა.

ქართველთა შერკინება დუნედ დაიწყო და საწყისი წუთები უფრო ტაქტიკური ბრძოლით წარიმართა. ოქრუაშვილმა ჯერ იუკო მოიპოვა, გადამწყვეტი კი მესამე წუთი გამოდგა - ამ დროს მატიაშვილმა თითქოს ამოსმული სცადა, მაგრამ ოქრუაშვილი მომზადებული დაუხვდა და გარეფეხით ვაზარზე გადააგდო... ვარდნისას მატიაშვილმა ტრავმაც მიიღო და ჩვენმა ექიმებმა ტატამიდან ხელით გაიყვანეს.

ავსტრიულ ობერვარტში მოპოვებული ჩემპიონობის შემდეგ გოგოჭურისთვის ეს
მიჯრით მეორე წარმატებაა. პირველ წრეში დასვენების შემდეგ მან ჩვეულად ლამაზი კისრულებით წამოიღო იპონზე საემიროების მოლდოველი მიხაილ მარჩიტანი და მერე დამამშვიდებელში - რუსი კირილ ვოპროსოვი, შუალედში კი - მეოთხედფინალში ვერაფერი მოუხერხა ჰოლანდიელ ნულ ვან ტენდეს და ვაზარ-იპონით წააგო.

დამამშვიდებლის ფინალში მან ბრუნით ფრანგი რომენ ბუფე დააჭედა ტატამს. გოგოჭური ტაქტიკურად სწორად ჭიდაობდა - კარგად იღებდა ჩავლებებს და პრაქტიკულად, არ მიუღია გაფრთხილება. მშვენივრად იყენებდა ქართული ჭიდაობის ილეთებს და დამსახურებულად იმარჯვებდა, მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავად მაინც ფრანგი დაამარცხა.

ის ორი თავით მაღალი იყო და თუმცა ჩვენებურს მასთან გადავლება არ გამოუვიდოდა, სამაგიეროდ, კისრულზე წამოსაღებად თითქოს ნოყიერი ნიადაგი ჩანდა, მაგრამ გოგოჭურმა სხვა გზა აირჩია - პარალელურად აღებული ზედა-ქვედა ჩავლებით სულ რაღაც 35 წამში მშვენივრად დაატრიალა ბრუნზე.

მძიმე წონაში ჩვენებურები მეორე წრიდან ჩაებნენ ასპარეზობაში და უფრო შორს მატიაშვილი წავიდა - ნახევარფინალში გავიდა, თან მორიგი მსხვილი ნადავლი მიითვალა - ბრაზილიელ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონსა და ოლიმპიურ პრიზიორ რაფაელ სილვას იმავე ტიტულების მფლობელი კუბელი ოსკარ ბრაისონიც ზედ მიაყოლა.

მატიაშვილმა ის ფიზიკურად აშკარად დაჩაგრა, ზედა ჩავლებიდან ტაქტიკურადაც სწორად ეჭიდავა, ეს დამაჯერებელი უპირატესობა კი ვარდნაში შესრულებული კისრულით გამოხატა, რამაც ვაზარი მოუტანა. ბრაისონთან შედარებით, ყირგიზი იური კრაკოვეცკის მოგვერდით იპონზე დაგდება რა გასაკვირია, თუმცა იაპონელ მსოფლიოს ექსჩემპიონ დაიკი კამიკავასთან ვერაფერს გახდა.

შესაძლოა, იმიტომაც, რომ ამ წონაში მონაწილეთა შედარებითი სიმცირის გამო ჩვენებურს მალ-მალე მოუწია ჭიდაობა. კამიკავამ პირველივე მისვლაზე ტატამზე დააგდო ქართველი და შებოჭა.

პარიზის ტურნირთან შედარებით, ოქრუაშვილი უფრო მოძრაობდა და უფრო ქმნიდა მომენტებს, შედარებით დაკლებულიც ჩანდა, მაგრამ კიდევ უფრო უნდა გახდეს, რადგან დიდი შედეგისთვის მეტია საჭირო. მართალია, ამ მასის ხარჯზე გარკვეული უპირატესობა ჰქონდა - მეტოქეებს უჭირდათ მისი დაძვრა, ხოლო პირველ პაექრობაში გერმანელი პიერ ბორკოვსკი ლამის გაჭყლიტა.

სამაგიეროდ, ფიზიკურად ძალიან გაუჭირდა დამამშვიდებელში მეორე გერმანელ ანდრე ბრაიტბარტთან - მისთვის ჩვეული ვარდნაში თავს უკან გადასროლით კი გადააგდო, მაგრამ მოძრაობა უჭირდა და სამი გაფრთხილებაც მიიღო.

მართალია, მეტოქესაც ამდენივე ჰქონდა, მაგრამ მესამედ ეს გააფრთხილეს და პირველი, ანუ მოხსნის საფრთხეც უფრო ადრე ამას დაემუქრა. ოქრუაშვილმა იაპონელ ჰისაიოში ჰარასავასთან წააგო გაფრთხილებებით.

ახალი თაობიდან ისევ გამოვარჩევთ უშანგი მარგიანს (81). მან ჯერ კიდევ შარშან, ახალგაზრდული მსოფლიოს გუნდური პირველობიდან დაგვამახსოვრა თავი და ახლაც გამოავლინა ბრძოლის დიდი წყურვილი და შეუპოვარი ხასიათი. მარგიანს წინა კვირას ურიგოდ არც ავსტრიაში უჭიდავია და ახლაც დაამტკიცა, რომ წონის საშუალო დონის ფალავნებთან, ანუ აქაურ წვრილფეხობასთან საპაექროდ უკვე მზადაა და მათ აღემატება კიდეც, მაგრამ აი, საშუალოზე მაღალ დონესთან ჯერ უჭირს. თუმცა მისი ასაკიდან გამომდინარე, ეს არცაა გასაკვირი - უფროსებთან შედარებით, ჯერ კიდევ აკლია ფიზიკური ძალა.

ასე მაგალითად, არც ისე ძლიერ კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალესთან (მანამდე პორტუგალიელი კარლოს ლუზი იოლად დაამარცხა) სამჯერ სცადა ბრუნი, მაგრამ მხოლოდ მესამეზე გამორჩა ვაზარს. პირველ ჯერზე კინაღამ თავად მოჰყვა და მსაჯმა ქულაც მისცა მეტოქეს, თუმცა მალევე გაუუქმეს.

მარგიანი მომავალ ჩემპიონთან და ოლიმპიადის მეხუთეადგილოსან ტრევის სტივენსთან დამარცხდა პირწმინდად, ვაზარ-იპონით, მერე კი დრამატული ბრძოლა წააგო რუსთა ევროპის ორგზის ჩემპიონ სირაზუდინ მაგომედოვთან... თუმცა მასაც ვაზარით უგებდა. დაღესტნელმა ჭრიკიშვილის ჯავრი ახალგაზრდა კონკურენტზე იყარა - სწორედ იმ სავაზარე გდებისას მტკივნეულით ხელი ისე ატკინა მარგიანს, ეს კარგა ხანს ღრიალებდა ტატამზე გართხმული. პრაქტიკულად, ბრძოლაც აქ შეწყდა - ავარელმა იოლად შებოჭა ცალხელა ქართველი და ხელი იმდენად ატკინა, მარგიანი ექიმებმა გაიყვანეს ტატამიდან.

დიუსელდორფში ოლიმპიურმა და ევროპის ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა პირველად იჭიდავა ახალ წონაში - 73-ში. პირდაპირ ვიტყვით - ის ძალზე სუსტად გამოვიდა და ამერიკელ ნიკოლას დელპოპოლოსთან, პრაქტიკულად, უშანსოდ წააგო. თუმცა ერთი ტურნირით დასკვნების გამოტანა ნაადრევია - ჩვენს ლიდერს ბევრი გაუცდა, ოპერაციაც გაიკეთა და ახალ წონასთან შესაგუებლად, ძალების აღსადგენად გარკვეული დრო სჭირდება.

ლუხუმ ჩხვიმიანი (60) პირველივე წრეში დამარცხდა ყაზახ იელდოშ სმეტოვთან, ვინც ჩვენებურებისთვის უხერხული მეტოქეა.

მტკივნეული იყო ბექა ღვინიაშვილის (90) წაგებაც. კისრულ-მოგვერდით გერმანელი აარონ ჰილდებრანდი ორჯერ ვაზარიზე კი დააგდო, შებოჭვებსაც ტრადიციულად ეტანებოდა, მაგრამ ილიას ილიადისთან ფიზიკურად ძალიან გაუჭირდა, დაიჩაგრა ამ კომპონენტში.

გაბერძნებულმა ჯარჯი ზვიადაურმა დამატებითში მოიგო იუკოთი, როცა ჩვენებური საკუთარ ილეთზე მოჰყვა.

ვერ ვიტყვით, რომ 100-ში ამჯერად მაინც დავინახეთ დიდად დამამშვიდებელი, რადგან ნოდარ მეტრეველი პირველივე წრეში დამარცხდა მასპინძელ დინო პფაიფერთან; იოსებ მსხალაძემ კი, მოულოდნელად, საკმაოდ გამართულად იჭიდავა იაპონელ ტაცუკი მაცუბუჩისთან. ის ცუდად არც ყაზახთა მსოფლიოს ექსჩემპიონ მაქსიმ რაკოვთან გარჯილა - მსაჯმა ჩვენებური მეორედ დასრულებამდე 2 წამით ადრე გააფრთხილა, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა. ოღონდ ჯერ მაინც ვერ ვიტყვით, რომ მსხალაძემ კრიზისი დაძლია.

კვარცხლბეკი
ვაჟები
60 კგ. 1. ტორი შიშიმე; 2. იუმა ოშიმა (ორივე - იაპონია); 3. არსენ გალსტიანი (რუსეთი), ვინსენტ ლიმარე (საფრანგეთი).
66 კგ. 1. მასაში ებინუმა (იაპონია); 2. რენე შნაიდერი (გერმანია); 3. ტუმურკულეგ დავაადორჯი (მონღოლეთი), ალიმ გადანოვი (რუსეთი).
73 კგ. 1. ჰიროიუკი აკიმოტო (იაპონია); 2. საგი მუკი (ისრაელი); 3. როკ დრაქშიჩი (სლოვენია), მუსა მოგუშკოვი (რუსეთი).
81 კგ. 1. ტრევის სტევენსი (აშშ); 2. სვენ მარეში; 3. ალექსანდერ ვიცზერზაკი (ორივე - გერმანია), შუკრატჯონ არსლანოვი (უზბეკეთი). 7. უშანგი მარგიანი (საქართველო).
90 კგ. 1. ილიას ილიადისი (საბერძნეთი); 2. ნოელ ვან ტ ენდი (ჰოლანდია); 3. ზვიად გოგოჭური (საქართველო), დაიკი ნიშიამა (იაპონია).
100 კგ. 1. ლუსიანო კორეა (ბრაზილია); 2. მაქსიმ რაკოვი (ყაზახეთი); 3. ტუვშინბაიარ ნაიდანი (მონღოლეთი), რაფაელ ბუზაკარინი (ბრაზილია).
+100 კგ. 1. დაიკი კამიკავა (იაპონია); 2. ფაიცელ ჯაბალა (ტუნისი); 3. რაფაელ სილვა (ბრაზილია), ადამ ოქრუაშვილი; 5. ლევან მატიაშვილი (ორივე - საქართველო).

ქალები
48 კგ. 1. შუგენ ვუ (ჩინეთი) 2. ურანცეცეგ მუნკბატი (მონღოლეთი); 3. ამი კონდო (იაპონია), დისტრია კრასნიჯი (კოსოვო).
52 კგ. 1. ნატალია კუზუტინა (რუსეთი); 2. იუკი ჰაშიმოტო (იაპონია); 3. მარეენ კრაე (გერმანია), ერიკა მირანდა (ბრაზილია).
57 კგ. 1. კაორი მაცუმოტო (იაპონია); 2. სუმიია დორჯსურენი (მონღოლეთი); 3. კეტლეინ კუადროსი (ბრაზილია), ირინა ზაბლუდინა (რუსეთი).
63 კგ. 1. მარტა ლაბაზინა (რუსეთი); 2. იარდენ გერბი (ისრაელი); 3. კანა აბე (იაპონია), ანიცკა ვან ემდენი (ჰოლანდია).
70 კგ. 1. ასმაა ნიანგი (მაროკო); 2. სალი კონვეი (დიდი ბრიტანეთი); 3. ჩიზურუ არაი (იაპონია), იე-სულ ჰვანგი (კორეა).
78 კგ. 1. ლუისე მალზანი (გერმანია); 2. ანამარი ველენსეკი (სლოვენია); 3. ნატალი პაუელი (ბრიტანეთი), ოდრი ჩუმეო (საფრანგეთი).
+78 კგ. 1. მეგუმი ტაჩიმოტო (იაპონია); 2. ფრანციზკა კონიტცი; 3. იასმინ კულბსი (ორივე - გერმანია), სონგ იუ (ჩინეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ზვიად ნამდვილად დაიმსახურე კონტინენტის პირველობაზე ჭიდაობა იმედია მაგ შანს მოგცემენ და არ წაგართმევენ როგორც ხდევახოლმე და ახალ ვარსკვლავ ბიჭუნებს არ დააყენებენ შენს წინ
irakli
12:21 25-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული