ძიუდო. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი: პირველი ოქრო!

AutoSharing Option
უნგრულ დიორში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდობის ზაფხულის ოლიმპიურ ფესტივალზე პირველი ოქრო მოვინადავლეთ, რომელსაც 60 კილოგრამში მოასპარეზე ძიუდოისტი გიორგი ჩიხელიძე დაეუფლა.

სამწუხაროდ, ჩვენი სხვა მონაწილენი ამჯერად უმედლოდ დარჩნენ.

ამდენად, ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ნაკრების აქტივში ორი მედალია - თითო ოქრო-ვერცხლი და ორივე ძიუდოისტთა მონაგარია.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს ფინალში ბექა წიფიანი (55) დამარცხდა.

ჩიხელიძე საქართველოს წლევანდელი ჩემპიონია, თუმცა ისე მოხდა, რომ შემდეგ საერთაშორისო შეჯიბრებებში დიდად ვერ იყოჩაღა და ევროპის ჩემპიონატზე არ წაიყვანეს. სამაგიეროდ, უნგრეთისთვის შემოინახეს და როგორც გაირკვა, მწვრთნელებს ალღომ არც უმტყუნათ.

ჩიხელიძემ დიორში ძლიერად იჭიდავა და ყველა, ხუთივე პაექრობა წმინდად მოიგო. თავიდან ფინელი როოპე კორონენი 2 წუთში დააიპონა, მერე კი, მოულოდნელად, ძალიან იოლად დაამარცხა აზერბაიჯანელთა ევროპის წლევანდელი ფინალისტი გნიაზ მაჰმუდლუ (ევროფინალი მან მიხეილ ბახბახაშვილთან წააგო). რუსეთის სახელით მოასპარეზე კარენ გალსტიანთან იპონამდე ვაზარიც მიითვალა, ნახევარფინალში კი ბელგიელი მალიკ აბდულ იმაევი ჩამოიშორა გზიდან - მასაც ჯერ ვაზარი აუღო, მერე კი გაფრთხილებებით მოახსნევინა.

ისე მოხდა, რომ ჩვენებურს დასკვნით ეტაპზე შედარებით უცნობი მეტოქეები შეხვდნენ - ალბათ, არც ბელგიელი მიიჩნეოდა ნახევარფინალის კაცად იმის მიუხედავად, რომ ევროპირველობაზე მეშვიდეზე გავიდა და ვერც მოლდოველ პეტრუ პელივანს წარმოიდგენდა ვინმე ფინალში, მაგრამ ბადის მეორე ნახევარი ყველაზე კარგად მან დასძლია. თუმცა ჩიხელიძე სხვა დონე აღმოჩნდა და მოლდოველი ვერაფერს გახდა. ჩვენებურის უპირატესობაზე ანგარიშიც მიუთითებს - ორი სავაზარე გდება და ბოლოს იპონი.

გუშინ გიორგი ყიზილაშვილის კიდევ ერთი შეგირდი გავიდა უნგრულ ტატამზე - გურამ ძავაშვილი (60), თუმცა უმედლოდ დარჩა.

ფრანგ ბასტიენ ჟენერთან ქულებით მოგების შემდეგ ის აზერბაიჯანელთა ევროპის წლევანდელ ფინალისტ ვუსალ იბრაჰიმოვთან გაფრთხილებებით დამარცხდა, თუმცა გდებაც გაუშვა. მას არც სანუგეშოში გადასვლის საშუალება არ მიეცა. თურქი მიჰრაკ აკუსის (55) არ იყოს, ეს იბრაჰიმოვიც ცუდად გადაგვეკიდა და ვერაფერს ვუხერხებთ: წლეულს ევროპის ჩემპიონატზე გიორგი კაპანაძეც დაგვიჯაბნა.

გოგოებში ერთი ორთაბრძოლა მოიგო ეკატერინე ტატუნაშვილმაც (52): სლოვენიელი ნუსა პეროვნიკი გაფრთხილებებით მოახსნევინა, რუს დარია კაშინასთან კი დამარცხდა და ტურნირსაც დაემშვიდობა.

ოლიმპიურ ფესტივალზე ძიუდოისტთა ტურნირი დღესაც გაგრძელდება და ყველაზე მეტი - ოთხი მონაწილე სწორედ დღეს გვეყოლება, ორ-ორი გოგოებშიც და ბიჭებშიც. გოგოებში თინათინ რევაზიშვილი (57) და ჭაბუკებში ევროპის მედალოსანი მარიამ ჭანტურია (63) იჭიდავებენ, ბიჭებში - ლევან ფსუტური (73) და ვლადიმერ ახალკაცი (81).

რევაზიშვილის პირველი მეტოქე ფრანგი მელოდიე ტურპინია, ხოლო მეორე წრეში გასვლის შემთხვევაში - პოლონელთა ევროპის წლევანდელი ბრინჯაოს მედალოსანი ნატალია კროპსკა.

ჭანტურიას მხარესაა ლუქსემბურგელი ანეტა მოსრიც, ვისთანაც ჩვენებურმა წლეულს ევროპის ჩემპიონატზე წააგო, თუმცა იქამდე ჯერ გარკვეული გზაა გასავლელი. ჩვენებური პირველ წრეში ისვენებს, მისი მეტოქე კი აზერბაიჯანელი ფიდან ჰუსეინოვასა და ხორვატი ლუჩია გლუმაჩის ორთაბრძოლაში გამოვლინდება.

ფსუტურს პირველ მეტოქედ ირლანდიელ ბეარახ გლეესონი ერგო, წარმატების შემთხვევაში კი ბრიტანელ რაიან ტურნბულს ან აზერბაიჯანელ ვუსალ შამილოვს შეხვდება. ახალკაცს პირველ ეტაპზე ბელგიელი ნიკოლას დეჟაე ხვდება, ხოლო თუ მეორე წრეში გავა, ბელარუს ვალერი კამკოუსა და სლოვაკ ფილიპ მიტროვიჩს შორის უმჯობესს დაეჭიდება.

თავად ფესტივალს რაც შეეხება, ჯერჯერობით ყველაფერი ჩვენთვის ნაცნობი სცენარით მიდის - როგორც წინა ფესტივალებზე, მედლები ამჯერადაც მხოლოდ ძიუდოისტებს მოაქვთ. იმედია, მომდევნო დღეებში სპორტის სხვა სახეობების წარმომადგენლებიც იყოჩაღებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
გაიხარე გიორგი, საამაყო ბიჭი ხარ. დასაწყისი კარგია, წარმატებულ მომავალს გისურვებთ.
guri
12:49 27-07-2017
0
როგორ არ უნდა დააპასო და არ აცჰვენო ახალგაზრდებს ამ კაცის ცჰიდაობა და მერე დაჯილდოემა ..ცჰვენი ჰიმნის მოსმენისას ეს ახალგაზრდა პატრიოტი კაცი ცრემლებს ვერ იკავაბდაა.გაიხაროს სჰენმა გამრდელმააა.სულლლლცარმატებებიიიიი
gaixaret qartveleboo
11:23 27-07-2017
0

სიახლეები პოპულარული