ავთანდილ ჭრიკიშვილმა "ლომჭაბუკი" გააძლიერა

AutoSharing Option
28 ივნისს, ძიუდოს აკადემიაში გაიმართა საკლუბო ჩემპიონატის III-IV წრის შეხვედრები.

ეს ტურნირი ძიუდოს სამყაროში ისედაც ფრიად პოპულარულია, თუმცა გუშინდელი ტური გამორჩეული იმითაც აღმოჩნდა, რომ გორის "ლომჭაბუკის" შემადგენლობაში იყო ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი.

მოგეხსენებათ, ის ოლიმპიადის შემდეგ 90 კილოგრამში გადავიდა, თუმცა ბოლო თვეები ტრავმის გამო გაუცდა, ახლა კი დასაბრუნებლად ძალები მოსინჯა. გუშინდელი დღის მიხედვით - შედეგიანადაც, რადგან ორივე შეხვედრა მოიგო. იმედია, ის აგვისტოში ბუდაპეშტში ჩასატარებელი მსოფლიოს ჩემპიონატისთვისაც მოასწრებს ფორმაში შესვლას.

ჭრიკიშვილის დამატებამ გორელებს მხოლოდ პირველ შეხვედრაში უშველა ხაშურის
"სამურაისთან" - გორელებმა მეზობლებს 4:3 მოუგეს; სამაგიეროდ, მეორე შეხვედრა იმავე ანგარიშით დათმეს თანაქალაქელ "ვიპ-ძიუდოსთან".

გუშინდელი ტურის შემდეგ რვაგუნდიან საკლუბო ჩემპიონატში დაუმარცხებელი მხოლოდ თბილისის "შევარდენი" დარჩა. პირველი ორი წრის შემდეგ მასთან ერთად ამ სტატუსით ქარელის "დურმიშხანი" და თელავის "პატარა კახიც" სარგებლობდნენ.

გუშინ, III ტურში, სწორედ ეს გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს და მოულოდნელად კახელებმა 6:1 "აოტეს" მეტოქე. კიდევ უფრო მოულოდნელი იყო ამის შემდეგ თავად თელაველთა მარცხი თბილისის "ოლიმპთან" - 3:4. ამასობაში "შევარდენმა" მშვიდად მოუგო ჯერ თბილისის "ლიდერს" - 6:1, შემდეგ კი დაძაბული ბრძოლა გადაიხადა ხაშურელებთან, თუმცა "სამურაის ხმალი" მაინც "დააბლაგვეს" - 4:3. ვფიქრობთ, "შევარდენს" ივლისში მოუწევს გამოცდის ჩაბარება ფრენაში, რადგან ორ ანგარიშგასაწევ გუნდს ხვდება - "დურმიშხანს" და "პატარა კახს".

ამ ტურში ფრიად იხეირა "ვიპ-ძიუდომ", რომელიც მართლაც სახელის საკადრისად გაისარჯა: "ლომჭაბუკის" მოთვინიერებამდე "ოლიმპსაც" მოუგო 4:3. ქულათა მაქსიმუმი მხოლოდ მათ და შევარდენელებმა დააგროვეს.

ოთხი ტურის შემდეგ დაუმარცხებელი მხოლოდ "შევარდენია". ჩატარებული შეხვედრების ბალანსითაც ის ლიდერობს: 4 ტურში გამართული 28 პაექრობიდან 19 მოგება და მხოლოდ 9 მარცხი. ამ მაჩვენებლით მეორეა "პატარა კახი" - 17+11, ხოლო მესამე - "ვიპ-ძიუდო" (15+13).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული