ძიუდო ახალი რეფორმების მოლოდინში - ინტერვიუ დავით ქევხიშვილთან

AutoSharing Option
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილთან საუბარი თბილისის "დიდი პრიზის" გარშემო გვსურდა. ამ ტურნირის ჩატარების ვადა მთლად ხელსაყრელი რომ არაა, ჩვენც დაგვიწერია, რადგან ევროპის ჩემპიონატამდე შუალედი 18 დღეა. ამის გამო ვერც ლიდერები გავამტყუნეთ თბილისში გამოუსვლელობის გამო.

- თბილისის გრან პრი: ვინ გაამართლა ახალგაზრდებიდან

ჰოდა, რამდენადაა შესაძლებელი ამ თარიღის შეცვლა და რას გეგმავს ამ კუთხით ფედერაცია, ქევხიშვილთან სასაუბროდ ესეც აქტუალური თემაა.

- თავდაპირველად, როგორ აფასებთ ტურნირს, ჩვენი გუნდის გამოსვლას?
- იქიდან გამომდინარე, რომ ამ ეტაპზე გამოკვეთილი ლიდერებისგან მხოლოდ ამირან პაპინაშვილი ჭიდაობდა, რასაც
ტურნირის სიძლიერეც ემატებოდა, 3 ოქრო და 6 მედალი კარგი შედეგია.

ახალი ოლიმპიური ციკლია, გადახალისება მიდის და ცოტა ძნელია აქცენტების გაკეთება. ეს გაისად გაცილებით ადვილი იქნება, რადგან ვიღაც გამოკვეთილი იქნება უკვე, ახლა კი ყველა თავის შედეგზე იყო დამოკიდებული, ბოლო სამ ტურნირზე ვინ რას გააკეთებდა. რამე გართულება რომ არ ყოფილიყო, მწვრთნელები ძალიან მარტივად მიუდგნენ საკითხს - მედალოსნებს მაქსიმალურად გაათავისუფლებდნენ. ერთი მხრივ, რათა უკეთ მომზადებულიყვნენ ევროპის ჩემპიონატისთვის, მეორე მხრივ კი, დანარჩენებს ეგრძნოთ, რომ უფრო რთულია ნაკრებში მოხვედრა და საამისოდ მხოლოდ თავის წონაში კი არ ჰქონდა კონკურენცია, არამედ - სხვა წონებთანაც, რაკი გასაორებელი იყო. მაგალითად, თბილისში რომ გვეჭიდავებინა გურამ თუშიშვილი მძიმე წონაში, შეიძლება შემთხვევით წაეგო, რაც სხვა ამბიციებს გააჩენდა. იმ ტურნირებზე ძირთადი გუნდი გამოიკვეთა, სხვები კი ერთმანეთთან იყვნენ კონკურენციაში.

ციფრებით თუ ვიმსჯელებთ, 3 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო ამ გუნდისგან, ამ ტურნირზე, ამ წელს, ჩემი გადასახედიდან, არაა ცუდი შედეგი.

მეორე საკითხია მონაწილეთა შემადგენლობა და ამ კუთხით თუ გადავხედავთ, უზბეკეთი ძალიან კარგი გუნდით იყო ჩამოსული, მონღოლეთს მშვენიერი ნაკრები ჰყავდა, ბრაზილია უძლიერესი შემადგენლობით ჩამოვიდა, რუსეთს საინტერესო გუნდი ჰყავდა - იქნებ არა პირველი ნაკრები, მაგრამ ფაქტია, რომ მათი მეორე-მესამე ნომრები ჩვენს სათადარიგოებზე წინ არიან, მაგრამ მათ სათანადო კონკურენცია გავუწიეთ.

გასახარია, რომ ახალი სახეებიც გამოიკვეთა. მაგალითად, იგივე ლაშა გიუნაშვილი, ვინც დაიმკვიდრა ადგილი ნაკრებში და მასთან დაკავშირებით უკვე სხვა გათვლა იქნება.

პირველად მოხდა, როცა საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ყველა გამარჯვებული ვაჭიდავეთ და რამდენიმემ მართლაც გამოიჩინა თავი. უპირველესად, ტატო გრიგალაშვილს დავასახელებ 73 კილოგრამში. დანარჩენებთან უფრო მეტის მოლოდინი იყო. თუნდაც რობინზონ ბეგლარაშვილისგან 60-ში. არ ვიტყვი, რომ ცუდად იჭიდავა, თუმცა მას წონის პრობლემა აქვს. ონისე სანებლიძისგანაც ცოტა სხვას ველოდით. აქ არაა საუბარი იმაზე, რომ აუცილებლად მედალი უნდა აეღო, უფრო მონდომებას, ხარისხს ვგულისხმობ.

ძალიან მიხარია, რომ რასაც სეზონის დასაწყისში შეჯიბრებებისგან ველოდით, მედლების რაოდენობით კარგად მივდივართ. ყველა "დიდ მუზარდსა" და "დიდ პრიზზე" ავიღეთ 4-4 მედალი, რაც აქამდე არ ყოფილა. შეიძლება, ვთქვათ, პარიზში ადრეც მოგვიპოვებია ოქრო, მაგრამ იქ ძირითადად ორი სპორტსმენი - ჭრიკიშვილი და ლიპარტელიანი აკეთებდა მედალს, ახლა კი მედლების მომპოვებელთა რაოდენობა გაიზარდა.

პარიზის ტურნირზე ვერ ვიტყვით, რომ სუსტი ტურია, მაგრამ 4 მედალი მოვიპოვეთ და კიდევ ორმა მედლისთვის იჭიდავა. ახლა იმ სამი შეჯიბრებიდან ყველა წონაში გვაქვს მედალი, ეს კი ზრდის კონკურენციას.

- როგორი შეფასებები გაკეთდა საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, შენიშვნები, უკმაყოფილება ხომ არ გამოუთქვამთ საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებს?
- არა, ძალიან კმაყოფილები დარჩნენ. მეოთხე წელიწადია, ამ ტურნირს ვატარებთ და თანდათან სულ უფრო ნაკლები შენიშვნაა. მაგალითად, შარშან ტრანსპორტირებისას იყო რაღაც პრობლემები, დროშებთან დაკავშირებითაც იყო შენიშვნა, წლეულს კი ერთი მითითება არ ყოფილა. შარშანაც ძალიან მიზერული ხარვეზები იყო, მაგრამ წლეულს ყველაფერი იდეალურად ჩატარდა. ჩვენც გვემატება გამოცდილება და უფრო ადვილად ვუკეთებთ ორგანიზებას.

- მაყურებლის დასწრება არც ისე მაღალი იყო. ამაზე ხომ არ ყოფილა საუბარი და ეს ფაქტორი სამომავლოდ ხომ არ იქონიებს უარყოფით გავლენას?
- აქ მაინც გაცილებით მეტი მაყურებელი დადის, ვიდრე - სხვა ბევრგან. მაგაზე საუბარი არც აქამდე ყოფილა და არც - წლეულს. თუმცა მაყურებლის დასწრება არ იქნება პრობლემა, მაგრამ სპორტის სასახლე მეტად მიუდგომელ ადგილზეა - ფაქტობრივად, ტაქსით უნდა მიხვიდე. თუ მოვახერხებთ ჩატარების ადგილის შეცვლას, კარგი იქნება, თორემ ძალიან რთულად მისასვლელი ადგილია.

- სამომავლოდ თუ გეგმავთ ჩვენი ტურნირისთვის ვადების შეცვლას, რათა უფრო ხელსაყრელ დროს გაიმართოს?
- ეს ჩვენზე არაა დამოკიდებული, თუმცა შეცვლის მცდელობა აქამდეც გვქონდა, მაგრამ ვერ მოხერხდა. რა თქმა უნდა, კიდევ ვთხოვთ გადაწევას საერთაშორისო ფედერაციას. წლეულს ბაქო ისლამიადას მასპინძლობს და იმათმა ტურნირმა გადმოიწია აქეთ, თუმცა თავიდან ბაქო ითხოვდა, სწორედ ისლამიადის გამო წლეულს მათი შეჯიბრება არ გამართულიყო და ჩვენ ჩაგვეტარებინა, თუმცა მერე მოძებნეს რაღაც დრო კალენდარში და ჩასვეს. ჩვენი მცდელობაც იქითაა მიმართული, რომ რაც შეიძლება, ადრე გადავწიოთ. იანვრის ბოლოს ან თებერვალში თუ იქნება, მთლად უკეთესი.

მეორე საკითხია ის ტენდენცია, რაც იკვეთება - "დიდ პრიზებს" მეტი ყურადღება ექცევა კონტინენტურ პირველობებთან შედარებით. ამის დასტურია, რომ "დიდ პრიზებს" გაეზარდა ქულები. საერთაშორისო და ევროპულ ფედერაციებს შორის კონკურენცია მიდის და საერთაშორისო ცდილობს ყველაფრის მონოპოლიზებას. ქულების გაზრდით მან ინტერესი გაუჩინა სპორტსმენებს. ევროპის ჩემპიონატს ჩვენთან ენიჭება ამხელა მნიშვნელობა, რადგან ათლეტმა შეიძლება ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოს და ამაში ვერც დავძრახავთ მათ.

თუმცა ქომაგს გაუჩნდა მოთხოვნა, რომ საქართველოში იჭიდაონ ჩვენმა ლიდერებმა. არადა, კიდევ ვიმეორებთ - ამ გუნდითაც მშვენივრად გამოვედით. მეც დიდი სურვილი მაქვს და შეიძლება ისეც წავიდეთ, თბილისის ტურნირით გავთვალოთ ყველაფერი, თუმცა მაყურებელი შეურაცხყოფად რომ იღებს ლიდერთა უჭიდავებლობას, იმათგან ორმა - ჭრიკიშვილმა და ლიპარტელიანმა ტრავმების გამო ვერ იჭიდავეს და არა ევროპის მოახლოებული ჩემპიონატის გამო.

ტურნირის გადატანა თუ მოვახერხეთ, ხომ კარგი, თუ არადა, არაა გამორიცხული, მომზადების პროცესი თბილისის შეჯიბრებით დავიწყოთ, მაგრამ, ვნახოთ, რამდენად შევძლებთ. ალბათ, უნდა დადგეს ის დრო, რომ ევროპა ევროპაა, მსოფლიო - კი მსოფლიოს ჩემპიონატი და მოვემზადოთ მსოფლიოსთვის.

ჯერჯერობით ვერ ავიცილეთ თავიდან ის რეალობა, რომ ყველა ლიდერი ჭიდაობს ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ ევროპისთვის მოსამზადებელი პროცესი დიდწილად იქითაა მიმართული, რომ კიდევ უფრო კარგად მოემზადონ მსოფლიოსთვის. ევროპის პირველობა ცალკე რომ იყოს ამოღებული და ვიღაც მსოფლიოსთვის მოვამზადოთ, გაცილებით კარგი იქნება. თუმცა ჩვენთან სისტემა ისეა აწყობილი, არ გამოდის ასე, რადგან პრემიებს კარგავენ. სპორტსმენებს ცხოვრება, თავის შენახვა ხომ უნდათ, ესაა მათი პროფესია და აქედან უნდა შეძლონ ცხოვრების აწყობა. ამიტომ ვერც ვუკრძალავთ ევროპაზე ჭიდაობას, რადგან მაშინ სხვა ალტერნატივა უნდა შევთავაზოთ.

ადრე იმასაც ვფიქრობდი, რომ რამდენიმე სპორტსმენისთვის შემეთავაზებინა, თუ ევროპაზე მედალი არ ექნებოდათ, ფედერაცია გამოვნახავდით რაღაც სახსრებს და შევუნარჩუნებდით ერთი წლის ხელფასს. არაა გამორიცხული, თუ სამინისტროსთან ვერ მოვახერხეთ შეთანხმება, ახლაც გავაკეთოთ იგივე. წლეულს ბევრმა მოიპოვა მედალი დიდ ტურნირებზე, ანუ მათ შეუძლიათ რეიტინგის ლიდერებში მოხვედრა. შესაბამისად, მათ უფრო იოლად დავითანხმებთ ჩვენს სისტემაზე.

- თუმცა ქომაგისაც მესმის, როცა წამყვანი ფალავნების ჭიდაობას ითხოვს. ეს ტურნირის სიძლიერესაც განაპირობებს...
- მოდი, ასე ვთქვათ: ერთ მხარესაა ჩვენი ნაკრები, მეორეზე კი - ყველა სხვა დანარჩენი, რომელიც ან ჩამოდის, ან - არა. ჩვენი ლიდერების გამოუსვლელობა მათთვის კარგიცაა, რადგან მათ საქმე უადვილდებათ. ამ ტურნირს თავისი დანიშნულება აქვს თავისი პრემიებით და თავისი ქულებით, რაც ყველას უნდა. წარმოიდგინეთ, იაპონელის ან სხვა ნებისმიერისთვის, რომელმაც იცის, 3 000 დოლარი უნდა მოიგოს, მისთვის უფრო კარგია, რაც უფრო იოლად მოიპოვებს ამ თანხას. ქართველებთან ჭიდაობა ყველას უჭირს და მით უფრო - საქართველოში. ამიტომ ისინი უფრო უნდა ჩამოვიდნენ, ჩვენი ლიდერები თუ არ გამოვლენ.

მეც მესმის ქომაგებისა, როცა თავისი თვალით უნდათ ნახონ წარმატებული სპორტსმენები, მაგრამ ოთხი წლის განმავლობაში მათ აუცილებლად მიეცემათ ამის შანსი. შარშან ოლიმპიადის, წელს ძლიერი შემადგენლობა ჩამოვიდა და ასე იქნება მომავალშიც.

კიდევ ვიმეორებ - მესმის ქომაგისა და ძალიან კარგია, როცა ამას ითხოვენ, მაგრამ მეორე მხრივ, ლაშა გიუნაშვილის დაჯილდოებაზე დარბაზში ჰიმნის მოსასმენად თითზე ჩამოსათვლელი ხალხი დარჩა. მესამე დღეს ვითარება ოდნავ გამოსწორდა - რაც იყო დარბაზში, მესამედი მაინც დარჩა, მაგრამ პირველ დღეს შემრცხვა. თუმცა ეს მარტო მაყურებელზე არაა - სტატუსიდან გამომდინარე, ისინიც არ დარჩნენ, ვისაც ეს ევალებოდა.

- სამომავლოდ თუ აპირებთ ისეთივე მიდგომას, რასაც წლების წინ იყენებდა ეს ფედერაცია - პერსონალურად იწვევდა ძიუდოისტებს, აწარმოებდა მოლაპარაკებებს წამყვან ფედერაციებთან?
- შარშან იაპონია ჩვენც მოვიწვიეთ, რომ თუ ჩამოვიდოდნენ, უფასოდ დავაბინავებდით. თუმცა არც ის მინდა, ვიღაცას ვეხვეწოთ რაიმე. ძალიან კარგია, ამ ტურნირს რომ ვინარჩუნებთ. ახლო მომავალში მას კიდევ მეტი დატვირთვა მიეცემა და ინტერესიც მეტი გაჩნდება. არის ამაზე ლაპარაკი საერთაშორისო ფედერაციაში, რომ იქ მონაწილეობა პრესტიჟული და თუნდაც კიდევ უფრო მეტის მომცემი იყოს სპორტსმენებისთვის ფინანსური ან ქულების კუთხით. კულუარებში გვქონდა ლაპარაკი იმაზეც, რომ შემცირდეს ამ რანგის შეჯიბრებათა რაოდენობა.

ასევე გადაწყვეტილია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე 1 მილიონი დოლარი იქნება საპრიზო ფონდი, რაც დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. საქმე იქით მიდის, რომ ძიუდოისტი არ უნდა იყოს დამოკიდებული ოლიმპიადაზე, არამედ იყოს ისეთი სისტემა, როგორიც, მაგალითად, ჩოგბურთშია თავისი უიმბლდონით და "დიდი მუზარადის" სხვა ტურნირებით.

მეც მივესალმები, ძიუდო თუ ისეთ დონეზე ავა, რომ მთავარი იქნება მსოფლიოს ჩემპიონატი და ეს დიდი შეჯიბრებები, ამის შემდეგ კი იქნება ოლიმპიადა. მსოფლიოს ჩემპიონატის ეს მილიონიანი საპრიზო ფონდიც ამისკენაა მიმართული და არაა გამორიცხული, მთლიანად შეიცვალოს დამოკიდებულება ძიუდოს მიმართ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძველი სპორტის სასახლის ფუნქცია რა არი? გადაარქვან მაშინ მუზეუმი უფუნქციო, რა ყველაფერი საპრობლემო საქარტველოში უნდა იყოს, სახინკლე გახსნან ბარემ კარგი ადგილია კლიენტები არ მოაკლდებათ.


davit bliadze
16:16 17-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული