ანტალიის გრან პრი: თამაზ კირაკოზაშვილი მედალთან ახლოს

AutoSharing Option
ანტალიაში დასრულებულ "დიდ პრიზზე" მედლის მოპოვებასთან ყველაზე ახლოს თამაზ კირაკოზაშვილი (81) იყო, ვინც ნახევარფინალში უპრობლემოდ გავიდა, მაგრამ საბოლოოდ მეხუთე ადგილზე დარჩა.

ეს ტურნირი ჩვენს შეჯიბებაზე ოდნავ უფრო სუსტი გამოდგა, თუმცა ევროპის კიდევ უფრო მოახლოებული ჩემპიონატის წინ ეს გასაკვირიც არ იყო. ჩვენთან თუ 36 გუნდი გამოვიდა, იქ 34 იყო, მაგრამ მონაწილეთა რაოდენობა იგივე დარჩა - 252. საქართველოდან იქ მხოლოდ სამი სპორტსმენი გამოვიდა, რადგან ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება.

კირაკოზაშვილმა ისევ 81-ში იასპარეზა და წინა ტურნირებთან შედარებით, უფრო უკეთესი ტექნიკური თუ ფუნქციონალური მომზადება
გამოავლინა, ოღონდ დასკვნით ნაწილში, ვფიქრობთ, არ ეყო ფიზიკური მომზადება და გამძლეობა. ანტალიაში მან ერთი ხმაურიანი გამარჯვება მიითვალა - მეოთხედფინალში გამოცდილი უნგრელი ლასლო ჩოკნიაი ვაზარით დაამარცხა, რეიტინგის ერთ-ერთ ლიდერთან მოგება კი საჯილდაო ქვად შეიძლება მივიჩნიოთ. მანამდე ჩვენმა ფალავანმა ჯერ რუმინელი ვლად ვისანი გაანადგურა, ვისაც 4 გდება გაუკეთა. აქედან ბოლო წმინდა იპონი იყო, მერე კი ირაკლი უზნაძეს და მასპინძლებს ვაზარით დაუმარცხა ფალავანი, ილკერ გულდურემი.

სამწუხაროდ, უფრო ძლიერ ეტაპზე, ძლიერ მეტოქეებთან გასულს ძალები არ ეყო, უნგრელთან მოგება მისი მაქსიმუმი გამოდგა. ჩვენებური ნახევარფინალში რუს სტანისლავ სემენოვთან დამარცხდა, ვინც წინასწარ ეტაპებზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და საბოლოოდ ჩემპიონიც გახდა. ის კირაკოზაშვილთანაც ფავორიტი გამოდგა - 2 გდების შემდეგ იპონზეც დააგდო.

კირაკოზაშვილს დამამშვიდებლის ფინალში კიდევ უფრო ძლიერი და უხერხული მეტოქე ჰყავდა - მონღოლი ნიამსურენ დაგვასურენი. ის ტიპური "მონღოლური სტილის" მოჭიდავეა - ჯაჯგურა, ფიზიკურად ძალიან კარგად მომზადებული და "ფიზიკაში" ძნელად დასაჩაგრი, ვინც ყოველთვის "ჩახურულ" ჭიდაობას აღმერთებს და მასთან ტექნიკის გამოვლენა უძნელესი საქმეა. ამ რთული ამოცანების გადაჭრა ვერც კირაკოზაშვილმა შეძლო და სუფთად წააგო, რითაც 20 წლისამ ამ რანგის შეჯიბრებაზე პირველი მედლის მოპოვების შანსი დაკარგა.

ამ ტურნირზე გვარიან ინტერესს იწვევდა ლაშა ჩადუნელის (60) გამოსვლაც - შეძლებდა თუ ვერა იმ ტემპის შენარჩუნებას, რაც პოლონეთის ტურნირზე აჩვენა და რის გამოც დაიმსახურა ანტალიაში ჭიდაობა.

შეგახსენებთ, რომ ის "მეორე დონის", ანუ ეგრეთ წოდებული წაგებულთა ჩემპიონატის გამარჯვებულია, თუმცა მან თურქეთში პოლონეთში ჩასახული იმედები ვერ გაამართლა - პირველივე შეხვედრაში სამი გდება გაუშვა კორეელ ჰიოჯუნ კიმთან, თავად კი ვერაფერი დაუპირისპირა.

ერთი შეხვედრა მოიგო ჩვენმა მესამე მონაწილემ - დავით ოზბეთელაშვილმა (100), ვინც პირველ შეხვედრაში ყოველმხრივ დაჩაგრა ქართული ფესვების მქონე ებრაელი იაკობ მამისთვალოვი, ვაზარიც აართვა და ბოლოს დააიპონა.

ჩვენებურის მომდევნო მეტოქე ყაზახთა მსოფლიოს ექსჩემპიონი და ამ ტურნირის მომავალი ფინალისტი მაქსიმ რაკოვი აღმოჩნდა, თუმცა სამი გაფრთხილება მიიღო და მოხსნეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
"ორი გდების მერე იპონზეც დააგდო" იქნებ უყუროთ და მერე დაწეროთ.
დათო
11:21 13-04-2017
0

სიახლეები პოპულარული