საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ლიდერებს ტრავმები აწუხებთ

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრებს ტრავმებით გამოწვეული პრობლემები მოეძალა: ევროპის სამგზის ჩემპიონმა, მსოფლიოს და ოლიმპიადის ფინალისტმა ვალერი ლიპარტელიანმა (100) პარიზის "დიდი მუზარადი" ხომ ნატკენი თითით ჩაამთავრა, გერმანიიდან ევროპის ასევე სამგზის გამარჯვებული და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (90) გადახვეული ხელით დაბრუნდა.

გუნდის ექიმ ზურაბ კახაბრიშვილთან საუბარში გაირკვა, რომ თურმე გერმანიაში ბექა ღვინიაშვილსაც (90) ლიპარტელიანის მსგავსი ტრავმა მიუღია და დიუსელდორფის "დიდი პრიზი" ასე ტრავმირებულს მოუგია. სულ ბოლო ამბავი კი ნოდარ ბერიანის (90) უკავშირდება: ბაქოს "დიდ მუზარადზე" წასვლის წინ ფეხი იტკინა.

ზურაბ კახაბრიშვილი თავდაპირველად
ევროპაში მიღებულ ტრავმებზე მოგვითხრობს.

"პარიზში ლიპარტელიანმა თითი მეოთხედფინალში იტკინა იაპონელ კენტარო იიდასთან, მაგრამ თვითონ ჩაისვა, მერე კი სხვა თითიდან გადმოიხვია პლასტირი და ისე გააგრძელა ორთაბრძოლა. პარიზში სხვა ტრავმა არ ყოფილა, ზებედა რეხვიაშვილს თუ არ ჩავთვლით, რომელიც აქედანვე ტრავმირებული წავიდა.

აი, პარიზის შემდეგ კი დაიწყო გართულებები შეკრებაზე. ღვინიაშვილსაც ლიპარტელიანის მსგავსად ამოუვარდა თითი და ყინულებში ედო ხელი. მერე ერთი დღე დავასვენეთ, არ ვაჭიდავეთ და გადავწყვიტეთ, ისიც და ლიპარტელიანიც გერმანიაში გვენახებინა იქაური ექიმისთვის, რათა გამოგვეკვლია თითზეც, მუხლზეც და ყველანაირად. გერმანელმა ექიმებმა არ გვირჩიეს ლიპარტელიანის ჭიდაობა არც გერმანიაში და არც - ბაქოში, რათა არ გართულებოდა.

ლიპარტელიანს გავუგრძელებთ სხვადასხვა პროცედურას, რათა ევროპის ჩემპიონატს ფორმაში შეხვდეს, ხოლო სადღაც ერთ კვირაში ხელი უკვე კარგად ექნება.

რაც შეეხება ჭრიკიშვილს, დასანანი ამბავი მოხდა - შეკრების ბოლო დღეს გერმანელ მარკ ოდენტალთან სპარინგისას ხელი ამოუვარდა. იქვე ადგილზე ჩავუსვით, მაგრამ სასწრაფოდ წაგვიყვანეს საავადმყოფოში, იქ გადაუღეს და საკმაოდ დიდი ჰემატომა აღმოჩნდა. გერმანელი ექიმების რჩევით, იქიდან სისხლი გამოვუღეთ, რათა რეაბილიტაცია მოასწროს. მას ყველაფერი უკეთდება, რათა ევროპის ჩემპიონატისთვის ფორმაში იყოს.

სამწუხაროდ, ღვინიაშვილმა საფრანგეთში მიღებულ ტრავმას გერმანიაში კიდევ დაუმატა და იძულებულნი ვიყავით, შეჯიბრებაზე ნემსი გაგვეკეთებინა. თითზე ბლოკადას ვუკეთებდით და ისე ასპარეზობდა, თუმცა მაინც გაძლო, იმდენად უნდოდა ჭიდაობა. ამ სურვილით ნემსსაც უძლებდა, ტკივილსაც და ყველაფერს. ამ გამოსვლით გადაფარა პარიზში განცდილი მარცხი".

კახაბრიშვილის თქმით, ამჟამად ყველაზე სერიოზული ჭრიკიშვილის მდგომარეობაა და მარტი-აპრილის მიჯნაზე თბილისში გასამართავ "დიდ პრიზზე" ყველაზე სათუო მისი მონაწილეობაა. "მყესების აღდგენა პრობლემა არაა. ჩვენი მიზანი ჭრიკიშვილის ჭიდაობაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ მაინც მეშინია. ყველაფერი ამ ორ კვირაში გამოჩნდება, რამდენად აღდგება ხელის მოძრაობა. სწორედ ამის მეშინია, თორემ ღვინიაშვილი და ლიპარტელიანი მოასწრებენ გამოჯანმრთელებას. ბარემ აქვე გეტყვით, რომ ამ შეჯიბრებაზე გამოსვლის სურვილი ნაკრების ყველა ლიდერს გააჩნია".

კახაბრიშვილს ბერიანის ტრავმაზეც დავეკითხეთ, თუმცა საქმის ვითარებას ჯერ დეტალურად არ იცნობს. "გერმანიიდან ჩეხეთში გადავედი დოპინგთან დაკავშირებულ შეხვედრაზე და თბილისში გუშინწინ დავბრუნდი. ბერიანიც მაშინ ვნახე პირველად და საგანგაშო მდგომარეობა არაა, თუმცა დაკვირვების ქვეშ გვეყოლება. მკურნალობა მაშინვე დავუწყეთ და აგერ, დღეს, 8 მარტი დასვენების დღეა, თუმცა მისთვის ყველა ექიმი მოვიყვანეთ. მე მგონი, თბილისის ტურნირზე ისიც შეძლებს გამოსვლას" - გვითხრა კახაბრიშვილმა და კიდევ ერთხელ დასძინა, რომ დღეს ყველაზე მეტად ჭრიკიშვილის ჯანმრთელობა აფიქრებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვახ რა გულდასაწყვეტია რა, ყველაფერთან ერთად ამ ბიჭს უიღბლობაც დასჩემდა მგონი და მინიმუმ ბოლო ორი წელია ფაქტიურად ტრავმებს ვერ იშორებს. დაგვიბრუნეთ 2014-2015 წლების ჩირიკა!
fraternity
18:44 09-03-2017
0

სიახლეები პოპულარული