საქართველოს ძიუდოს ფედერაცია კი-იონ ჯეონის პასუხის მოლოდინშია

AutoSharing Option
კორეელი ოლიმპიური დ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი კი-იონ ჯეონი უკვე დაბრუნდა სამშობლოში. შეგახსენებთ, რომ მისი მოწვევა საქართველოს ძიუდოს ფედერაციას ვაჟთა ნაკრების კონსულტანტად სურს და კორეელიც წინა კვირაში მოსალაპარაკებლად იყო ჩამოსული.

როგორც ძიუდოს ფედერაციაში გვითხრეს, საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არაა, მხოლოდ წინასწარი საუბრები გაიმართა და კორეელი ადგილზე გაეცნო ვითარებას, ნაკრებსაც შეხვდა და რამდენიმე ვარჯიში ჩაუტარა დაბლაჭიდში.

ჯერჯერობით გარკვეული ისაა, რომ ჯეონი ჩვენი ნაკრების ტექნიკური კონსულტანტი იქნება, დანარჩენი კი მასზეა დამოკიდებული. მან უახლოეს დღეებში უნდა აცნობოს ჩვენს ფედერაციას, მისი ახლანდელი სამუშაოდან გამომდინარე (ერთ-ერთ
უნივერსიტეტში მუშაობს) რამდენად შეძლებს ჩვენს გუნდთან მუშაობას, რამდენ დროს დაუთმობს მას და ასე შემდეგ. რაც მთავარია - რამდენს მოითხოვს ანაზღაურებას.

ასევე შეთანხმდნენ, რომ ამ ეტაპზე განიხილავენ მსოფლიოს ჩემპიონატამდე თანამშრომლობის პერსპექტივას და მთელი გათვლები ამაზე კეთდება, უფრო გრძელვადიან თანამშრომლობაზე კი მსოფლიოს პირველობის შემდეგ ისაუბრებენ.

ჯეონი ივლის-აგვისტოში უნივერსიტეტიდან თავისუფალია და ჩვენებს სურთ, ამ პერიოდში კორეაში გაიარონ შეკრება.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული