ნაკრების კორეელი კონსულტანტი კი-იონ ჯეონი უკვე თბილისშია

AutoSharing Option
კორეელი მწვრთნელი, მსოფლიოს სამგზის და ოლიმპიური ჩემპიონი კი-იონ ჯეონი უკვე თბილისშია. შეგახსენებთ, რომ ის საქართველოს ნაკრების კონსულტანტადაა მოწვეული და ახლა პირობებზე მოსალაპარაკებლად გვესტუმრა.

კორეელი გუშინ, გამთენიისას ჩამოფრინდა და საღამოს უკვე დაათვალიერა ძიუდოს აკადემია, ნაკრების სავარჯიშო პირობები, შეხვდა ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობას, თუმცა თანამშრომლობის დეტალებზე ჯერ ოფიციალურად არ უსაუბრიათ. კორეელი დღეს საღამოს ძიუდოს აკადემიაში მთავარი ნაკრების ვარჯიშს დაესწრება.

შეგახსენებთ, რომ ჯეონი მწვრთნელ-კონსულტანტადაა მოწვეული, თუმცა, უშუალოდ რა ტიპის სამუშაოს შეასრულებს, ანუ რას გააკეთებს ნაკრებისთვის, რა ფორმით და რა დოზით დაეხმარება მას, სწორედ ეს
დეტალები გაირკვევა მოლაპარაკებისას. ასევე გადაწყდება, რა დროს გაატარებს ის საქართველოში.

შეგახსენებთ, რომ ჯეონი 1996 წლის ატლანტის ოლიმპიადის ჩემპიონია, მსოფლიოს პირველობა კი ზედიზედ სამჯერ - 1993, 1995 და 1997 წლებში მოიგო, რაკიღა მაშინ ეს ტურნირი ორ წელიწადში ერთხელ ტარდებოდა. ამასთან, 1995 წელს აზიის ჩემპიონიც გახდა, გაუმარჯვია არაერთ პირველხარისხოვან ტურნირზე.

იმედია, ის დიდ დროს დაუთმობს საქართველოს ნაკრებს, ზოგადად - ქართულ ძიუდოს. მით უფრო, სამწვრთნელო-სააღმზრდელო კუთხითაც დიდი გამოცდილება გააჩნია და ამჟამად საერთაშორისო ფედერაციაში სწორედ ამ კუთხით მუშაობს. თუმცა, შესაძლოა, ქართულ მხარესთან ფართომასშტაბიან თანამშრომლობაში ზუსტად ეს ფაქტორი იქცეს შემაფერხებლად - არა გვგონია, კორეელმა საერთაშორისო ფედერაციაში მუშაობა დათმოს და მთლიანად საქართველოში გადმობარგდეს, ხოლო ქართული მხარე მას იმდენს ვერ შესთავაზებს, ამ ნაბიჯის გადადგმაზე დაითანხმოს.

არადა, ვგონებთ, საქართველოს ნაკრებს, ქართული ძიუდოს აზიელი, უფრო კონკრეტულად კი, იაპონელ-კორეელი მწვრთნელი ჰაერივით სჭირდება. გაცილებით მეტად, ვიდრე, ვთქვათ, ევროპელი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული