იუბილე: ნონას დღე - ვარსკვლავი და საზეიმო საღამო

AutoSharing Option
სახელოვან ქართველ დიდოსტატს, ქალთა შორის მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონს, საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებულს, მეოცე საუკუნის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენ ქალბატონს, საჭადრაკო ოსკარის მფლობელ ნონა გაფრიდაშვილს 3 მაისს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ვერის ბაღში ჭადრაკის სასახლის წინ ნონას ვარსკვლავი გაიხსნა. იგი პირველი ქართველი მოჭადრაკეა, რომელსაც სამშობლოში ასეთი პატივი ერგო. ვარსკვლავის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი,
ფიდეს პრეზიდენტი კირსან ილუმჟინოვი, ევროპის საჭადრაკო კავშირის თავკაცი ზურაბ აზმაიფარაშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე, სხვა ოფიციალური პირები, იუბილარის ახლობლები და თაყვანისმცემლები.

გიორგი კვირიკაშვილი:
"ნონა გაფრინდაშვილი ინტელექტისა და მებრძოლი სულის განსახიერებაა. მისი ღვაწლი საქართველოსთვის შეუფასებელია, დიდი მადლობა ქალბატონ ნონას ყველაფრისთვის, რაც მან ქართველი ხალხისათვის გააკეთა".

კირსან ილუმჟინოვი:
"ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს მინდა მივულოცო დაბადების დღე. იგი ჭადრაკის ნამდვილი დედოფალია, რომელმაც პირადი წარმატებებითა და ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარეობისას სპორტის ამ სახეობის განვითარება-პოპულარიზაციაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

ნონა გაფრინდაშვილი არა მარტო მსოფლიო ქალთა ჭადრაკის, არამედ საქართველოს სინონიმიცაა. იგი ნებისმიერ ქვეყანაში სასურველი სტუმარია. ქალბატონი ნონა ახსოვთ და პატივს სცემენ ყალმუხეთშიც. ელისტაში ყოველი სტუმრობისას იგი ახლომდებარე სოფლებს ეწვეოდა, ესაუბრებოდა ადგილობრივ მოსახლეობას, ახალგაზრდებთან ერთდროული თამაშის სეანსებს მართავდა. მოზარდები ცდილობენ, ნონას მიბაძონ. დიდი მადლობა საქართველოს, რომელმაც ასეთი პიროვნება შვა და აღზარდა".

ნონა გაფრინდაშვილი:
"ნებისმიერი პიროვნებისთვის ვარსკვლავის გახსნა დიდი პატივი და დაფასებაა, ამიტომ ეს წუთები ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჭადრაკი ჩემი ცხოვრების არსია, ჩემი ცხოვრება ჭადრაკმა მაჩუქა, ცხოვრებაში რასაც მივაღწიე, ჭადრაკის დამსახურებაა, ამიტომაც ბრძენთა თამაშისთვის ზურგი არასდოს შემიქცევია. დღესაც ჭადრაკით ვცოცხლობ.

მთელი ცხოვრება საქართველოს სამსახურში ვიყავი და ბოლო ამოსუნთქვამდე მის სამსახურში დავრჩები".

ღონისძიების მონაწილეებმა ვერის ბაღიდან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში გადაინაცვლეს, სადაც ნონა გაფრინდაშვილის საიუბილეო დიდი საზეიმო საღამო გაიმართა.

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნონას გამარჯვება და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეიძლება დიდგორის ომში გამარჯვებას შეადარო. მან ხომ პირველმა დაამხო რუსი-ებრაელების მონოპოლია ქალთა ჭადრაკში, შემდგომ კი ფიშერმა კაცებიც მიაყოლა
Anzor
15:57 23-08-2016
0

სიახლეები პოპულარული